ვერბალური ნოტა (ლათ. verbalisსიტყვიერი, ლათ. notas — წერილი) — დიპლომატიაში ხელმოუწერელი ნოტა, რომელიც უთანაბრდება ზეპირ განცხადებას. ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც საელჩო და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც საელჩო მდებარეობს ცვლიან დიპლომატიურ მიმოწერას.

ვერბალური ნოტის მაგალითი

დანიშნულება რედაქტირება

ვერბალური ნოტა დიპლომატიურ მიმოწერაში წარმოადგენს ერთ-ერთ გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მრავალი საკითხის გადასაჭრელად. მაგალითად, იგი განეკუთვნება პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნოლოგიური და სხვა პრობლემების პოზიციების გადმოცემას, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თვალსაზრისით. ისინი გამოიყენება ვიზების მოთხოვნის დროს, საელჩოების თანამშრომლების სხვადასხვა შემთხვევებში მონაწილეობის შესახებ, წარმომადგენლობითი ხასიათის ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით დიპლომატიური მისიების ორგანიზება, დიპლომატების მოწვევა სხვადასხვა ღონისძიებებში და ა.შ.

დოკუმენტის სტრუქტურა რედაქტირება

ვერბალური ნოტა იწყება მისი გამომგზავნისა და მიმღების სრული სახელებით. მაგალითად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას ... რესპუბლიკის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი შეატყობინოს...“. თუკი შედგენილი დოკუმენტი არის ადრე მიცემული ნოტის პასუხი, მაშინ დასაწყისი ოდნავ იცვლება და ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის პატივისცემას .... რესპუბლიკის საელჩოს მიმართ და საელჩოს (რიცხვი, თვე, წელი) № ... ნოტასთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს...“.

ტექსტის ძირითადი ნაწილი მოიცავს ნოტის პასუხს.

ტექსტის დასასრული მოიცავს ე. წ. საბოლოო კომპლიმენტს, რომელშიც გამოიყენება გამომგზავნის მოკლე სახელი. მაგალითად, „სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა გამოხატოს საელჩოსადმი თავისი ღრმა პატივისცემა“

დოკუმენტის გაფორმება რედაქტირება

ვერბალური ნოტა ყოველთვის იწერება მაღალი ხარისხის გერბიან ქაღალდზე. გერბის ქვეშ არის წარწერა, მაგალითად: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ან კიდევ „საქართველოს რესპუბლიკის საელჩო (ქვეყნის დასახელება)“. მას ენიჭება გასავლის ნომერი, კოდი და გაგზავნის თარიღი, ესმება საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საელჩოს ბეჭედი.

ვერბალური ნოტის ტექსტი შედგენილია მესამე პირში. მასში დაუშვებელია რიტორიკული სიტყვების, ძახილის ნიშნებისა და შემოკლებების გამოყენება (მაგალითად ...და ა. შ.).

როგორც წესი ვერბალური ნოტა არ არის ხელმოწერილი. ამასთან ერთად, ტექსტის დასასრულს ნოტა დალუქულია გერბიანი ბეჭდით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჰამლეტ ჭიპაშვილი, დიპლომატიის ანბანი, თბ., 1993