ვახში (ტაჯ. Вахш; სპარს. وخش) — მდინარე ცენტრალურ აზიაში, ტაჯიკეთში, ამუდარიის მარჯვენა შემადგენელი. საერთო სიგრძე 786 კილომეტრი, აუზის ფართობი 39,1 ათ. კმ². აუზის დიდი ნაწილი პამირ-ალაის მთათა სისტემის ფარგლებშია მოქცეული. სათავე აქვს პამირზე, კორჟენევსკაიას პიკის რაიონში, ზღვის დონიდან 1834 მ სიმაღლეზე.

ვახში

ნურექის წყალსაცავი
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
სათავე პამირი
38°52′02″ ჩ. გ. 70°01′40″ ა. გ. / 38.86722° ჩ. გ. 70.02778° ა. გ. / 38.86722; 70.02778
სათავის სიმაღლე 1834 მ
შესართავი ამუდარია
37°06′39″ ჩ. გ. 68°18′53″ ა. გ. / 37.11083° ჩ. გ. 68.31472° ა. გ. / 37.11083; 68.31472
სიგრძე 786 კმ
აუზის ფართობი 39,1 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 660 მ³/წმ
ვახში — ტაჯიკეთი
ვახში
ვახში
— სათავე, — შესართავი
ვახში ვიკისაწყობში

წარმოიქმნება მდინარეების ყიზილსუსა და მუქსუს შეერთებით და მდინარე ობიხინგოუს (მარცხენა შენაკადი) შესართავამდე სურხობი ეწოდება; შემდეგ სამხრეთ-დასავლეთისაკენ უხვევს და უმეტესად ვიწრო, ღრმა ხეობაში მიედინება. შესართავიდან 170 კილომეტრზე გადის ვახშის ველზე და იტოტება. საზრდოობს მყინვარისა და თოვლის, ნაწილობრივ წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის მაისიდან სექტემბრამდე. მდინარეს იყენებენ სარწყავად. ნაოსნობა ქვემოთშია განვითარებული. ვახშის ნაპირზეა ქალაქები: ნურაქი, სარბანდი და ყურღან-თეფა.

მდინარე ვახშის შესართავში მდებარეობს ტაჯიკეთის ნაკრძალი — ვეფხვის ხევი. ვახშის აუზში ითვლიან 569 მთის ტბას, რომელთა საერთო ფართობია 1737 კმ². ძირითადად ტბები ზღვის დონიდან 2800-3500 მ სიმაღლებზე ვრცელდებიან. მდინარეების ვახშისა და ყიზილუს წყალგამყოფს ვახშის ქედი წარმოადგენს, რომელიც 3141 მ სიმაღლის მწვერვალითაა დაგვირგვინებული. ქედის საერთო სიგრძე 80 კილომეტრია.

საშუალო წლიური ხარჯი 660 მ³/წმ, უდიდესი (ივლისი) 3120 მ³/წმ, უმცირესი (თებერვალი) 130 მ³/წმ. ვარდნა 835 მ. მდინარე ვახშის წყალი, ისევე როგორც შუა აზიის სხვა მდინარეების წყალი დიდი სიმღვრივით გამოირჩევა (4,16 კგ/მ³), თუმცა ნურაქის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, წყალი გამჭვირვალე გახდა, ლურჯი ფერის. მდინარე ვახშზე აშენებულია სათავო, ნურაქის, სანგტუდის 1 და 2 და ბაიპაზიანის ჰიდროელექტროსადგურები. ნურაქის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი წარმოქმნის ნურაქის წყალსაცავს, რომლის ფართობია 98 კმ², მოცულობა 10,5 კმ³, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 220 მ. 2009 წელს მწყობრში შევიდა სანგტუდის ჰიდროელექტროსადგური-1, ხოლო 2011 წელს სანგტუდის ჰიდროელექტროსადგური-2. მდინარეზე შენდება როგუნის ჰიდროელექტროსადგური.

ვახშის წყლები ფართოდ გამოიყენება სარწყავად, წყალმომარაგებისათვის და ელექტროენერგიის მისაღებად. გამოყოფილია ვახშისა და შუროაბადის არხები. მდინარეს აქვს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი — 251,15 კვტ. სთ. წელიწადში. მდინარე ვახშის ჰიდროლოგიური შესწავლა დაიწყო XX საუკუნის 30-იან წლებში. ვახში სეისმურად აქტიურ ზონაშია მოქცეული. მიწისძვრა ხშირ მეწყერს იწვევს.

ვახში იწყება როგორც ყიზილსუ (ყირგიზულად „წითელი მდინარე“). მუქსუსთან შეერთების შემდეგ, სურხობი ეწოდება (ტაჯიკურად „წითელი მდინარე“). ორივე სახელწოდება წყლის რეალურ ფერს გამოხატავს, განპირობებულს ყიზილსუს ზემოთში არსებული წითელი თიხის წარეცხვით. ობიხინგოუს შეერთების ადგილიდან ვახში ეწოდება.

ჰიდრონიმი მომდინარეობს ძველტაჯიკური ვახშისაგან — „მზარდი“, „მატებადი“ (წყალზე) და აგრეთვე „წყლის ღვთაება“. სახელწოდებაში გამოხატულია უკანასკნელი მნიშვნელობა: როგორც ალ-ბირუნი მიუთითებდა, ვახში — ანგელოზის სახელია, რომელიც წყალში ცხოვრობდა და კერძოდ, მდინარე ჯეიხუნში (ამუდარიაში).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება