ვაშტი (სპარს. وشتی) — აქემენიანთა სპარსეთის დედოფალი და მეფე ქსერქსე I-ის პირველი ცოლი, რომელზეც საუბარია ბიბლიურ ნაწარმოებში „წიგნი ესთერისა“, სადაც მონათხრობია მეფის ვაშტისთან გაყრისა და ესთერთან ქორწინების ისტორია.

ვაშტი
ეროვნება სპარსელები
წოდება აქემენიანთა სპარსეთის დედოფალი
მეუღლე(ები) ქსერქსე I

წიგნი ესთერისა რედაქტირება

ებრაული ბიბლიის ერთ-ერთ მონაკვეთში „წიგნი ესთერისა“, მონათხრობია ებრაელთა ეროვნული დღესასწაულის, პურიმის დაარსების ისტორია. თავად სახელი ვაშტი სპარსულად „ქალღმერთს“ ნიშნავს. წიგნში ვითარება მიმდინარეობს სპარსეთის მეფე ქსერქსე I-ის სამეფო კარზე, სუზაში.

„წიგნი ესთერისა“-ში ვაშტი ქსერქსეს პირველ ცოლად სახელდება და იგი მხოლოდ ერთ მონაკვეთშია მოხსენიებული, რა დროსაც მეფე თავისი დიდებულებისათვის გრანდიოზული ბანკეტის გადახდას გადაწყვეტს. ქსერქსემ დიდებული ზეიმი მოაწყო, რომელიც მამაკაცებისა და ქალებისათვის ცალ-ცალკე გაიმართა. ბანკეტის მეშვიდე დღეს, როდესაც მეფის გული „ღვინით მხიარულებდა“ , ქსერქსემ ბრძანა დედოფალი მასთან მიეგვარათ და მისი სტუმრების წინაშე ვაშტის „სილამაზე ეჩვენებინათ“. ცხადია, დიდებულების წინაშე გაშიშვლებაზე დედოფალმა კატეგორიული უარი განაცხადა, რამაც მეფე სასტიკად განარისხა. ასე დასრულდა ზეიმი, რის შემდეგაც ქსერქსემ თავის მრჩევლებს ჰკითხა, თუ როგორ დაესაჯა ურჩი მეუღლე. მრჩევლებმა განაცხადეს, რომ ვაშტიმ შეურაცხჰყო არა მხოლოდ მეფე, არამედ სრულიად სპარსელი დიდებულებიც. მეტიც, მათ განაცხადეს, რომ დედოფლის ურჩობა შესაძლოა სხვა ქალებისათვის მაგალითის მიმცემი ყოფილიყო. ამრიგად, რჩევის მიხედვით, ქსერქსე გაეყარა ვაშტის და სამეფო კარიდან გააძევა იგი.

სულ მალე, ქსერქსემ მეორე ცოლის ძიება დაიწყო, როდესაც არჩევანი ებრაელ დიდგვაროვან ესთერზე შეაჩერა, რომელიც მისი მეორე ცოლი და სპარსეთის დედოფალი გახდა. ესთერმა მეფეზე დიდი გავლენა მოიპოვა, რის გამოც შემდგომში მოახერხა ებრაელთა მასობრივი ხოცვის შეჩერება.

განქორწინებისა და გაძევების შემდეგ, დედოფალი ვაშტის შესახებ ცნობები აღარ მოიპოვება. მიუხედავად მწირი ცნობებისა, დედოფალ ვაშტის პიროვნებამ ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნების ყველა დარგში.

ისტორიული იდენტიფიკაცია რედაქტირება

XIX-XX საუკუნეებიდან, ბიბლიის შემსწავლელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ვაშტის ვინაობა დაედგინათ, რის გამოც მისი რომელიმე სპარსელ დედოფალთან დაკავშირება გადაწყვიტეს. ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, ვაშტი სპარსეთის მეფე ქსერქსე I-ის ნამდვილი პირველი ცოლი იყო, რომელიც დედოფალ ამესტრისის სახელითაა ისტორიაში ცნობილი. აღსანიშნავია, რომ „წიგნი ესთერისა“-ში თავად ქსერქსეც აჰასუერუსის სახელითაა მოხსენიებული და რადგან დადგინდა, რომ იგი ნამდვილად ქსერქსეა, ისტორიკოსებისა და მეცნიერების მტკიცებით ვაშტი ნამდვილად ამესტრისია, ესთერი კი მისი მეორე ცოლი იყო. ამაზევე მოწმობს ჰეროდოტეს წყაროებიც, რომელიც დედოფალ ამესტრისის შესახებ მოგვითხრობს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Yosef Marcus, Megillah with In-Depth Commentary—Side by Side Version, chabad.org.
  • Yalkut Shimoni Esther 1049, Esther Rabbah 4, Pirke De-Rabbi Eliezer 48
  • Jacob Hoschander, The Book of Esther in the Light of History, Oxford University Press, 1923
  • "The Religious Policy of Xerxes and the 'Book of Esther'", Littman, Robert J., The Jewish Quarterly Review, 65.3, January 1975, p.145–148.
  • Segal, Eliezer (2000). Holidays, history, and halakhah. Rowman & Littlefield. ISBN 978-0-7657-6151-4. Retrieved February 27, 2009.
  • Stanton, Elizabeth (1895). The Woman's Bible: A Classic Feminist Perspective. European Pub Co. p. 83. ISBN 978-0-486-42491-0. Retrieved February 27, 2009.
  • Horowitz, Elliott (2006). Reckless rites: Purim and the legacy of Jewish violence. Princeton University Press. Retrieved February 27, 2009.