ვარდისფერი ვარხვი

ვარდისფერი ვარხვი[1] (ლათ. Pelecanus onocrotalus) — დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველი ვარხვისებრთა ოჯახისა.

ვარდისფერი ვარხვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pelecanus onocrotalus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697590
გავრცელება

  მხოლოდ ბუდობა
  მთელი წლის განმავლობაში
  მიგრაციის რაიონები

აღწერა რედაქტირება

მისი სხეულის სიგრძეა 185 სმ-მდე. ფრთის შლილი 380 სმ; მამლის ფრთის სიგრძე 66,5–77 სმ, დედლისა — 58,6–78 სმ.[2] მამალი იწონის 5,5–15 კილოგრამს, დედალი — 5,1–10 კგ-ს.[2] აქვს 11 პირველხარისხოვანი საქნევი ბუმბული. კუდი თითქმის სწორია, შედგება 24 ცალი საჭის ბუმბულისაგან; მამალ ვარხვს იგი 15,5–23 სმ-ის სიგრძის აქვს, ხოლო დედალს — 13,8–20,5 სმ-ს.[2] შებუმბვლა თხელია და სქლად ფარავს სხეულს. ნისკარტი გრძელი, გაბრტყელებულია, ბოლოში აქვს ქვევით მოღუნული კაუჭი; მამლისა 35–47,1 სმ სიგრძისაა, დედლისა — 28,9–46.[2] მამლის გალო სიგრძეში 12–18,5 სმ-ია, დედლისა — 10–16,5.[2] კისერი გრძელია. ყელის ტომარა დიდი და ძლიერ წელვადია. შუბლი, ლაგამი, რკალი თვალის გარშემო, სივრცე თვალებს უკან და ქვედა ყბის საფუძველი ბუმბულის გარეშეა. თავის ბუმბულის საფარველი წამახვილებული „კონცხით“ არის შეჭრილი შუბლზე. აქვს გრძელი ბუმბულებით შემდგარი ქოჩორი. ფეხები მოკლეა.

შეფერილობა რედაქტირება

ღინღლით დაფარული ბარტყი ფერად ყავისფერია. ფეხები და ნისკარტი მოშავოა, ყელის ტომარა მომუქო მოცისფრო ფერისაა.

მობუდარი ვარხვის თავი და კისერი მორუხო-მურაა, ზურგზე მეტად ღია. ზურგი ღია ცისფერია, მხრის, საშუალო და დიდი მფარავი ბუმბული რუხ-მურაა უფრო ღია კენწეროებით, მცირე მფარავი ბუმბული კი ღია მურაა, დაჰკრავს ჟანგმიწოვანი ელფერი. საქნევი ბუმბული მოშავო-მურაა, რომლის განაპირა ადგილები შედარებით ღია (პირველხარისხოვანი) და ვერცხლისფერია (მეორეხარისხოვანი). საჭის ბუმბული ღია რუხია. მუცლის მხარე თეთრია მურა იერით.

ზრდასრული ვარხვი თეთრია, დაჰკრავს ვარდისფერი იერი, მცირედ უფრო განვითარებულია მუცლის მხარეზე. მკერდზე აქვს ჟანგმიწოვან-ყვითელი ლაქა. საქნევი ბუმბული მურა იერის მქონე შავი ფერისაა. ყელის ტომარა ყვითელია, ზედა ნისკარტი მორუხო-ცისფერია მოწითალო ლაქებით, მოვარდისფრო განაპირა ადგილებითა და ბოლოში თეთრი კაუჭით. ქვედა ნისკარტი ძირში მორუხო-ცისფერია და თანდათან ყვითლდება წვერისკენ. ფერადი გარსი ღია წითელია. ფეხები ყვითელი, ნაკეცებში ვარდისფერია.

ახალგაზრდა ფრინველები სრულყოფილად მე-3 წელს იმოსებიან.

გავრცელება რედაქტირება

გავრცელებულია სამხრეთ-აღოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში, წინა, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან (დუნაის დელტა) დასავლეთ მონღოლეთამდე. იზამთრებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ნაწილობრივ სამხრეთ აზიაშისპარსეთის ყურიდან ჩრდილოეთ ინდოეთამდე. ევროპაში, XX საუკუნის დასაწყისში, ბუდობდა უნგრეთსა და ჩეხეთში. მოლდოვაშიდნესტრის ლიაში. უკრაინაშიდნეპრის ლიმანში, კარკინიტის ყურეში, ტენდროვის ყურეში. რუსეთშიაზოვის ზღვის კუნძლებზე, ვოლგის დელტაში. აზიაშიკასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, არალის ზღვაზე, სირდარიის დელტიდან ამუდარიამდე, სირდარიის გაყოლებაზე და მიმდებარე ტბებზე, ხორასანის სამხრეთ ნაწილში, სპარსეთის ყურესთან, სისტანში, მესოპოტამიაში, სირიაში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში სინდამდე. ადგილობრივი, არაგადამფრენი პოპულაცია აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში სენეგალიდან ნიასის ტბამდე, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში და სამხრეთ ვიეტნამში. კავკასიასა და ჩინეთში არ ბუდობს.

საქართველოში გვხვდება გადაფრენისას[1] და ზამთარში.[3] მიმოფრენის დროს შეინიშნება ჭოროხის დელტაზე, სხვა დროს — ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტბებზე (კარწახი, კუმისი და სხვ.), კოლხეთის დაბლობზე (პალიასტომის ტბის ნაპირებზე, ყულევისა და ჭურიის ჭაობებზე), იზამთრებს ჯანდარისა და კუმისის ტბებზე, ასევე — მტკვრის, ალაზნისა და ივრის აუზების პატარა ტბებზე. მცირე რაოდენობით ბუდობს ჯავახეთში, უმეტესად კარწახის ტბაზე, სადაც 280-მდე ბუდე შეინიშნება ყოველწლიურად.[4] შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

რიცხოვნობა რედაქტირება

ვარდისფერი ვარხვის მთლიანი მოსახლეობა შეფასებულია 290 ათ. ფრინველად. მათ შორის 6 660-დან 11 550-მდე წყვილი პალეარქტიკაში ბუდობს, ხოლო ამ უკანასკნელთა 46–55% — ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. ევროპაში ყველაზე დიდი ბუდობის ადგილია დუნაის დელტა (რუმინეთი) 3–3,5 წყვილი მობუდარი ფრინველით. ვარდისფერი ვარხვის პოპულაცია XX საუკუნეში შემცირდა, თუმცა, ამ სახეობას გადაშენების საფრთხე არ ემუქრება.

კვება რედაქტირება

ვარდისფერი ვარხვი, როგორც სხვა ვარხვები, უმთავრესად თევზით იკვებება. ევროპაში უპირატესობას კობრს ანიჭებს, ხოლო აფრიკაში — ციქლას. მისი რაციონის 90%-ს დიდი ზომის თევზები შეადგენენ, დანარჩენ 10%-ს კი — მცირე ზომისანი; აფრიკაში კვერცხითა და ჩვამების ბარტყებითაც კი იკვებება. საკვების დღიური მოთხოვნილება — 900–1200 (2–4 დიდი თევზი).

ვარხვებს ყვინთვა არ შეუძლიათ, თევზჭერის დროს წყლის ქვეშ მხოლოდ კისერს ან ქვედა ნისკარტს უშვებს. ყველაზე ხშირად ისინი ერთობლივად ნადირობენ (რაც ფრინველთა შორის დიდი იშვიათობაა): წყალზე ფრთების ძლიერად რტყმითა და დიდი ხმაურის შექმნით ერეკებიან მსხვერპლს ნაპირისაკენ. ადრე შეუნიშნავთ ვარხვების ჯგუფური ნადირობა ჩვამებზე. თევზის ჭერას დღის მცირე ნაწილს უთმობენ, ჩვეულებრივ დილის 8–9 საათიდან.

გამრავლება რედაქტირება

ვარდისფერი ვარხვი ზომიერ სარტყლებში გაზაფხულზე ბუდობს, აფრიკაში — მთელი წლის განმავლობაში. ბუდეს აკეთებს შიდა წყალმარჩხ წყალსატევებთან, რომელთა სანაპიროზეც გაზრდილია ხშირი ბალახეულობა, ტბებთან ან მდინარეებთან ახლოს, უმთავრესად ამ უკანასკნელთა დელტებში, იშვიათად ქვიშიან და ქვიან კუნძლებზე. ზოგჯერ სახლობს მლაშე ტბებზეც, რომლებიც წყალზედა ბალახეულობის გარეშეა. აქვთ მჭიდრო, ზოგჯერ ხუჭუჭა ვარხვებთან გაერთიანებული მრავალ ასეულ წყვილიანი კოლონიები. კოლონიათა ადგილსამყოფელი მცირედ ან მეტად მუდმივია. სიცოცხლის პირველი 2–3 წლის განმავლობაში ვარდისფერი ვარხვები არ ბუდობენ და ამ დროს, ალბათ, ზამთრობის ადგილებთან ახლოს ატარებენ.

დედალი ბუდეს ძალიან სწრაფად, 2–3 დღეში აშენებს. მამალი დედალს ეხმარება: აგროვებს ბალახს, გატენის მისით ყელის ტომარას და შემდეგ დედალთან მიაქვს. ხშირად ისინი შემთხვევით იპარავენ საშენებლო მასალებს მეზობლებისაგან, უმთავრესად ნათესავ ხუჭუჭა ვარხვებისგან. დედალი ბუდეზე კვერცხდების დაწყებამდე ჯდება, ზის გამუდმებით, მხოლოდ დილა-საღამოს დგება გამოსაკვებად. დებს 2 კვერცხს. კრუხობს მხოლოდ დედალი, მამალი იშვიათად ცვლის მას. ინკუბაცია 29–36 დღე გრძელდება. თავდაპირველად ბარტყებს ნახევრადგადამუშავებული ჩიჩახვიდან ამოღებული საკვებით კვებავენ; მოგვიანებით მათთვის მცირე ზომის თევზებს ზიდავენ, რომლებსაც ბარტყები თავისი ნისკარტის მშობლის ნისკარტში ჩაჩრით იღებენ. ფრთიანდებიან 65–75 დღეში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 454.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Pelicans, Cormorants, and Their Relatives: The Pelecaniformes J. Bryan Nelson Oxford University Press, 2006 p. 677
  3. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 22, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. ვარხვზე მონადირე(ე)ბი. კვირის პალიტრა. kvirispalitra.ge (9 სექტემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2020.