ვანქის ტაძარი, ვანქის ღვთისმშობლის მამათა მონასტერი — ყოფილი სომხური საკათედრო ტაძარი თბილისში. ვანქის მონასტერი მდებარეობდა ათონელის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს.

ვანქის ტაძარი
ვანქის ტაძარი — თბილისი
ვანქის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′52″ ჩ. გ. 44°48′20″ ა. გ. / 41.697861° ჩ. გ. 44.805611° ა. გ. / 41.697861; 44.805611
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი დანგრეული

ისტორია რედაქტირება

1236 წლიდან ამიერკავკასიაში იწყება მონღოლთა ამაოხრებელი ლაშქრობანი. ჰ. მანანდიანი „სომეხი ხალხის ისტორიის კრიტიკულ მიმოხილვაში“ წერს: „დიდ კრებაზე (ყურულტაიზე) მონღოლებმა გადაწყვიტეს შესეოდნენ არა მარტო რუსეთსა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებს, არამედ აგრეთვე კავკასიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებსაც, უმთავრესად კი სომხეთსა და საქართველოს... ჩარმაღანმა (ჩინგის ხანის ვაჟი) სომხეთისა და საქართველოსაკენ გაილაშქრა“.

მიუხედავად ყველა ამ დამანგრეველი შემოსევისა, ქართველ მეფეთა სატახტო ქალაქი — თბილისი წინანდებურად ინარჩუნებდა თავის გაბატონებულ მდგომარეობას. სომეხი მემატიანე მალაქია ბერი თბილისს უწოდებს „დიდი ქალაქი ტფილისი“.

ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო ასე აღწერს XIII საუკუნის ბოლო მეოთხედის თბილისს: „ამ ქვეყანაში ერთი მშვენიერი ქალაქი არის, სახელად თბილისი, რომელიც გარშემორტყმულია გარეუბნებითა და ურიცხვი სიმაგრეებით. მცხოვრებნი ქრისტიანები არიან: ქართველები და სომხები, არიან აგრეთვე ცოტაოდენი სარკინოზნი და ურიები. აქ ამზადებენ აბრეშუმისა და სხვა ქსოვილებს. ხალხი მისდევს ხელოსნობას, ემორჩილება თათართა ხანს“.

“უნდა ვივარაუდოთ, რომ როგორც მანამდე, ასევე მონღოლთა ბატონობის პერიოდშიც კულტურის განვითარების მნიშვნელოვან ცენტრს კვლავ წარმოადგენდა თბილისი, სადაც ქართველი და სომეხი მეცნიერები სიტყვებსა და ქადაგებებს წარმოსთქვამდნენ, სადაც იწერებოდა, იხატებოდა და მრავლდებოდა ხელნაწერები, ითხზვებოდა გმირული ისტორიები, სიმღერები და სხვანი და სხვანი, ” — წერს ვ. ნალბანდიანი წიგნში „თბილისი ძველსომხურ მწერლობაში“.

XIV საუკუნის 20-30 წლებში მონღოლთა გავლენა საკმაოდ შესუსტდა საქართველოში. ამით ისარგებლა გიორგი V-მ და გაათავისუფლა ქვეყანა მონღოლთა უღლისაგან. ამ პერიოდში, XIV საუკუნის დასაწყისში იწყება არაცვანქის, ვანქის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის და ტაძრის მშენებლობა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რომელსაც გარეთუბანი ერქვა. თუმცა, საქართველო სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძრის დაარსების სხვადასხვა ვერსია არსებობს.

ლეონ მელიქსედ-ბეგის ნაშრომში „ტფილისის ვანქის დაარსების საკითხისათვის“ მოყვანილია ტაძრის აშენების სხვადასხვა ვარაუდები, იგი წერს:

„1. დეკანოზ გიუტ აღაიანცის განცხადება, ვითომ ვანქი დაარსებული იყოს დღეთა გრიგოლ განმანათლებლისა IV საუკუნის დასაწყისში, მოკლებულია ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს; აგრეთვე არავითარი საფუძველი არა აქვს მინა მედიჩის განცხადებას დაარსებისშესახებ 600 წელს ქრისტესით.

2. გადმოცემა ვანქის დაარსების შესახებ 931 წელს ქრისტესით უმეკ{აანთ} სამი ძმის მიერ (სუჯავთისა, არივწისა და ჯალაპისა) თითქოს ყველაზე მეტად შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს, მხოლოდ თუ ამ გადმოცემაში ნაჩვენებ თარიღს საეჭვოდ ჩავთვლით;

3. უსახელო [ეგნატე იოსელიანი] ავტორის მიერ 1837 წელს შედგენილს თფილისის ეკლესიების აღწერის ჩვენება ვანქის დაარსების შესახებ 1480 წელს... ამ აღწერაში მოხსენებულნი პირნი: ტფილელი მოქალაქენი ავსარქისოვი, ბასტამოვი, ნაზარბეგოვი, ოყაანი და ქართველი თავადი სოლაღოვი ტაძრის დამაარსებლებად ვერ ჩაითვლებიან, არამედ უნდა მიღებულ იქნან მის განმაახლებლად, თათრებისა და ოსმალების მიერ საქართველოს მოოხრების შემდგომ, XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში.

4. შარდენის 1672 წლის განცხადებას თითქოს ვანქი დაარსებულ იყოს ოსმალეთიდან გამოქცეულის ვიღაც ოსმალოს ფაშის მიერ, როგორც ეტყობა საფუძვლადა აქვს... კარინიდან {არხრუმიდან} ტფილისში გადმოსახლება „პარუმ“ უმეკ/ომეკისა, ასილად წოდებულისა, რომელიც შემდეგ დროში, ალბათ „ფაშად“ იყო მიჩნეული“.

ამ ცნობების საფუძველზე ლეონ მელიქსედ-ბეგი აკეთებს დასკვნას, რომ „ტფილისის ტაძარი უნდა დაარსებულიყოს ე. წ. კათოლიკეს, აღმაშენებლის „პარონ“ უმეკ/ომეკის სამიშვილის-შვილის მიერ, რომლებიც ძმები იყვნენ: სუჯავთისა... არივწისა და ჯალაპისა, XIV საუკუნის პირველ ნახევარში, დაახლოებით 1319-1351/1352 წლებში. “ამ თარიღს ასახელებს მ. ასრატრიანიც — „XIV საუკუნის დასაწყისში, უმეკ სადჯაატის შვილიშვილებმა... თბილისში ააშენეს მონასტერი, არანცვანქი. “

ეგნატე იოსელიანი კატალოგში თბილისის ვანქის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის შესახებ ვკითხულობთ:„პირველი მამათ მონასტერი, სადაცა მჯდომარეობს ეჯმიაწინით წარმოვლენილი ეპისკოპოსი ანუ არხიეპისკოპოსი, წინამძღვრად წოდებული, განმგებელი საქართველოს ჰაოსთა, ამას შინა არს. აღშენებული ქვითკირით დიდი ეკლესია, ხუთთა სამწირველოთაგან შემდგარი ტრაპეზი. პირველი საშუვალ ეკკლესიისა სახელსა ზედა ყ˜დწმიდისა ღ˜ისმშობელისასა, ხოლო მეორე ჩრდილოეთითა მისსა სახელსი ზედა წმინდათა მოციქულთასა, და მესამე სამჴრეთით სახელსა საერთოსა ზედა წმინდისა და განმანათლებლისა გიორგი პართეველისასა. ესე ყოველი შენობა არს აღშენებული ტფილისის მოქალაქეთა ავსარქისოვისა, ბასტამოვისა, ნაზარბეგოვისა, ოყაანთა და ქართველისა თავადის სოლაღოვისათა, წელსა 1480-სა. ხოლო ესე შენობა განაახლა დიდისა ღუაწლითა ტფილისელმან მოქალაქეთაგანმან დეკანოსმან მისვე ეკკლესიისამან ტერ-ყაზარ ლაზაროვმან წელსა1800-სა. ამას ეკკლესიასა შინა ასვენია ნაწილი წმინდისა იაკობ მიწმინდელისა ნისიბის ეპისკოპოსისა. ამას თქმულსა მონასტერსა აქვს ხუთი გუმბათი, ორი მოწვრილო და სამი დიდნი, ესე ეკკლესია არს ოთხსა სვეტსა ზედა მდგომარე და დაბურვილი წითელის კრამიტით. აქვე ორი სამრეკლო დიდ მშვენნი, ნაშენნი ძველისა არხიტეკტურობით. და არიან ამას შინა ერთი დეკანოზი და ექსვნი მღვდელნი.“

მონასტერთან, აგრეთვე, იყო საქართველოში სომხური ეპარქიის ეპისკოპოსის რეზიდენცია. პლატონ იოსელიანის ცნობით, აქ ინახებოდა იაკობ ნიზიბიელის წმინდა ნაწილები. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მონასტერთან აშენებულია უძველესი სამრეკლო, რომელიც აღადგინა მოქმედმა არქიეპისკოპოსმა კარაპეტმა 1715 წელს.

პლატონ იოსელიანი ამ მონასტრის შესახებ წერდა: „... თავდაპირველად ეკლესია XV საუკუნის ბოლოს იყო აშენებული... ამ ეკლესიის ნანგრევებზე, 1720 წლის ახლოს, მეფე ვახტანგ VI-ის დროს, სომხეთის ეკლესიის პატრიარქის ასტვაცატურის (1715-1725) მმართველობაში, ახლანდელი ააშენეს. ასე ირკვევა ეკლესიის სამხრეთი კედლის წარწერებიდან. სხვა წარწერებით ჩანს, რომ გუმბათი სომხური წელთაღრიცხვის 1198 ე. ი. 1750 წელს, ხოლო მთელი ეკლესიის აღდგენა მეფე ერეკლე II-ის დროს, 1237 ე. ი. 1788 წელს მომხდარა. ვანქი არის კათედრალური საყდარი. მასში მსახურობს არქიეპისკოპოსი ყოველთასომეხთა საქართველოში. მონასტერს აქვს 3 გუმბათი. წარწე რებიდან ჩანს, რომ მონასტრის ერთგუმბათს 1750 წ. ჩაუტარდა რესტავრაცია. საყდარს გარშემო დიდი სასაფლაო ეკვროდა. აქ იყო დასაფლავებული გ. სუნდუკიანი და ბევრი საზოგადო მოღვაწე. აქვე არის მავზოლეუმი, სამრეკლო, რომელიც აშენებულია სომეხი მეცენატისა. მანთაშევის საფლავზე, ამ ეზოშივე არის ეკლესიის მუზეუმი”.

1901-1902 წლებში ხუროთმოძღვრის მიხეილ სალამბეკოვის ხელმძღვანელობით ტაძარი განახლდა. ლეონ მელიქსედ-ბეგს სტატიაში „ტფილისის ვანქის დაარსების საკითხისათვის“ მოჰყავს დეკანოზ გ. აღაინცის ცნობა: „ეკლესიების განმაახლებელთა ველურ ჩვეულებას, რომელნიც ცდილობდნენ მოესპოთ წინანდელ აღმშენებელთა წარწერები და მათ მაგიერ გამოეჭრათ ახლები, რათა უკვდავყოთ თავიანთი სახელები შთამომავლობისათვის, და, სხვათა შორის, სრული ჭეშმარიტებით აღნიშნავს შემდეგს: „ყველას კარგად გვახსოვს ვანქის განახლების სამწუხარო ისტორია, როდესაც განმაახლებელმა ხუროთმოძღვარმა (მ. სალამბეკოვმა) გაწმინდა და მოსპო როგორც ეკლესიის ძველი წარწერები, ისე ვანქის გალავანში {მყოფი} 400-500 წლის საფლავის ქვები და მათი წარწერები“.

დღეს ვანქის სამონასტრო კომპლექსისაგან მხოლოდ სამ იარუსიანი სამრეკლოა გადარჩენილი. მონასტერი XX საუკუნის 30-იან წლებში ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სამ ეტაპად დაანგრიეს.

წმინდა იაკობის და მაცხოვრის ეკლესია რედაქტირება

 
ლუიჯი მონტაბონეს ფოტო, 1862 წელი

1802 წლის თბილისის გეგმაზე ვანქის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე აღნიშნულია ორი ეკლესია — №80-ით ღვთისმშობლის მიძინების „დიდი ეკლესია“ და №81-ით ყოველთა წმინდათა „გაჩანაგებული“ ეკლესია. 1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ ვანქის მამათამონასტრის აღწერისას ამ ეკლესიის შესახებ აღნიშნულია, რომ ვანქის მამათა მონასტრის „...შინა არს აღშენებული ქვით-კირით... ამასვე დიდსა ეკკლესიასა თანა დასავლეთით მხარეს მიკრვით აღშენებულ არს ორ ატაჟიანი ეკკლესია, ძირის ეკკლესია არს სახელსა ზედა წმინდისა იაკობისასა აწ გაუქმებული და ზეშთი. მეორე სახელსა ზედა მხსნელისა მაცხოვრისასა ყოველთა. და ესე ყოველი შენობა არს აღშენებული... წელსა 1480-სა“. მიუხედავად ეგნატე იოსელიანის ცნობისა, ეს ეკლესია არარის აღნიშნული 1735 წლის ვახუშტი ბატონიშვილის, 1782 წლის, 1785 წლის პიშჩევიჩის და 1800 წლის თბილისის გეგმებზე. თუმცა, იგი ნათლად ჩანს რუსი პეიზაჟისტის ნიკანორ ჩერენცოვის 1832 წლის თბილისის ჩანახატზე და თბილისის 1862 წელს ლუიჯი მონტაბონეს გადაღებულ ფოტოზე. ეგნატე იოსელიანის მიხედვით, 1837 წელს „აწ გაუქმებული და ზეშთი“ ორსართულიანი წმინდა იაკობის და მაცხოვრის ეკლესია, სავარაუდოდ, დაინგრა ანდა ანგრიეს და 1881 წელს მის ადგილზე რუსეთის იმპერიის გენერლის ტერ-გუკასოვის მავზოლეუმი აშენდა.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება