ვალერი სილოგავა (დ. 20 აპრილი, 1945, ფოთი, საქართველოს სსრ — გ. 17 მარტი, 2011, ახალციხე, საქართველო) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ვალერი სილოგავა

ვალერი სილოგავა
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1945
ფოთი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 2011
ახალციხე
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი, მეცნიერი
მშობლები მამა: ივლიანე სილოგავა
დედა: ვენერა სილოგავა
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა ქალაქ ფოთის V საშუალო სკოლა. 1969 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1969 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ფაკულტეტის დეკანის შოთა მესხიას რეკომენდაციით გაიგზავნა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც გაიარა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის კურსი პროფესორ ნოდარ შოშიაშვილის ხელმძღვანელობით. 1970 წელს, ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, ვალერი სილოგავამ მუშაობა დაიწყო ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც ჩამოყალიბდა როგორც მკვლევარი და გამოიკვეთა მისი სამეცნიერო ინტერესების წრე – ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა.

1972 წელს დაამთავრა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობის და ისტორიოგრაფიის სპეციალობით.

1972 წელს დაიცვა საკანდიდატო („დასავლეთ საქართველოს IX-XVIII სს. ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო“), ხოლო 1989 წელს სადოქტორო („სვანეთის წერილობითი ძეგლები“) დისერტაციები. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილი.

სამეცნიერო სფეროში მის დაკვალიანებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა შოთა მესხიას.

ვალერი სილოგავა 1990 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, 2005 წლიდან ხელნაწერთა ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და საარქივო ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი.

2006 წლიდან არჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად, პარალელურად იყო ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ახალქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი. მიჰყავდა სალექციო კურსები საქართველოს ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, პალეოგრაფიისა და ისტორიოგრაფიის მიმართულებით.

სამეცნიერო მოღვაწეობა რედაქტირება

ვალერი სილოგავა 20 წიგნისა და 300-მდე სამეცნიერო სტატიის და რამდენიმე ასეული საგაზეთო და საენციკლოპედიო პუბლიკაციის ავტორია. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბულგარულ, თურქულ ენებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ახალციხის, მოსკოვის, პეტერბურგის, პარიზის, ბერლინის, ლეიდენის, ერევნის, ყარსის სამეცნიერო გამოცემებში, ყველა მათგანი აღრიცხულია 2010 წელს გამოცემულ „ბიბლიოგრაფიაში“ [1].

ვალერი სილოგავა მონაწილეა საქართველოსა და უცხოეთში (რუსეთი, გერმანია, კვიპროსი, თურქეთი...) ჩატარებულ სხვადასხვა სამეცნიერო სიმპოზიუმისა და კონფერენციისა, მათ შორის 2005-2010 წლებში გამოდიოდა ყოველწლიურად მოხსენებით მოსკოვში წმინდა ტიხონის სახელობის მართმადიდებულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, საღვთისმეტყველო კონფერენციის ქართველოლოგიის სექციაზე.

ვალერი სილოგავა იყო არაერთი სამეცნიერო კრებულის რედაქტორი და აგრეთვე რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცნიერის ღვაწლი, რომელიც მან გასწია სვანეთის წერილობითი ძეგლების შესწავლა-გამოცემაზე. ვალერი სილოგავამ თავი მოუყარა და სისტემატურად დაალაგა სვანეთის ეკლესია-მონასტრებსა და სიძველთსაცავებში დაცული არაერთი მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული და წერილობითი ისტორიული მასალა.

2006 წელს გამოიცა ვალერი სილოგავას მონოგრაფია „ოშკი X საუკუნის, მემორიალური ტაძარი“, რომელშიც მოცემულია ოშკის ტაძარში გამოვლენილი ორი სტელის და მათი წარწერების პუბლიკაცია.

ვალერი სილოგავა წლების მანძილზე მუშაობდა მინაწერი დოკუმენტების, როგორც საისტორიო წყაროს შესწავლაზე. მან სხვადასხვა დროს გამოავლინა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა არაერთი მინაწერი დოკუმენტი, მათ შორის, საგულისხმოა გამოცემა - „კორიდეთის საბუთები (XI-XIII)“ (1989), რომელშიც ავტორმა გამოაქვეყნა კორიდეთის ბერძნული ოთხთავის ხელნაწერის გვერდების არშიებზე, ან ძირითადი ტექსტისგან თავისუფალ გვერდებზე მინაწერი ქართული ისტორიული საბუთები, რომლებიც მნიშვნელოვანი წყაროა სამხრეთ საქართველოს ისტორიისათვის. აგრეთვე, აღნიშნულ საკითხს ეხება ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორიალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები (2001).

აღმოჩენა ოშკის ტაძარში რედაქტირება

 
ოშკში აღმოჩენილი სტელა - ღვთიმსშობელი ყრმით და დავით კურაპალატი
 
ბაგრატ ერისთავთერისთავი

2003 წლის 6 ნოემბერს, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსის თეოდორეს ლოცვა კურთხევითა და დახმარებით ექსპედიცია გაემგზავრა ტაო-კლარჯეთში, ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო ვალერი სილოგავა, მასთან ერთად იმყოფებოდა თურქოლოგი როინ ყავრელიშვილი. ექსპედიცის დროს ოშკის ტაძარში მცველისა და მისი ახლობლების დახმარებით მოიხსნა ჯამესაგან დარჩენილი უფუნქციო კედლის ნაშთი და ამ კედლის ქვეშ აღმოჩნდა ორი სტელა, რომელიც მასზე მოცემული წარწერის მიხედვით ქვახატად იწოდება.

ერთ სტელაზე გამოსახულია ღვთიმსშობელი ყრმით და დავით კურაპალატი, ხოლო მეორე სტელაზე კი გამოსახულია წმინდა იოანე ნათლისმცემელი და დავით კურაპალატის ძმა - ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი. სტელაზე დავით კურაპალატის თავის ორივე მხარეს ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: „დავით მონაჲ ღმრთისაჲ, მეფეი ჩუენი, ძე ადარნასე კურაპალატისაი, ადიდენ ღმერთმან“. ორივე ქვა-ხატი წარწერების მიხედვით თარიღდება 963-973 წლებით. პირველი სტელის სიმაღლეა – 157 სანტიმეტრი, ხოლო მეორე კი 130 სანტიმეტრია.

ამჟამად, ეს ორი სტელა არზრუმის მუზეუმის საგამოფენო დარბაზშია დაცული.

ჯილდოები რედაქტირება

ვალერი სილოგავამ, 2009 წელს, საქართველოს მეცნირებათა აკადემიის პირველად გამოცხადებულ კონკურსში მოიპოვა - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, ნაშრომისთვის „სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა“.

გარდაცვალება რედაქტირება

ვალერი სილოგავა გარდაიცვალა 2011 წლის 17 მარტს, ქალაქ ახალციხეში. დაკრძალულია ქალაქ ფოთში.

საინტერესო ცნობები რედაქტირება

ძირითადი სამეცნიერო შრომები რედაქტირება

  • ქართული წარწერების კორპუსი, II. დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკ. I (IX-XIIIსს.), თბ., 1980, 228 გვ., სურ. 1-157.
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I. ქართული ისტორიული საბუთები, IX-XIსს., შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1984, 419 გვ.
  • უშგული (თანაავტორი რ. ყენია), თბ., 1986, 132 გვ. ტაბ. 1-71.
  • სვანეთის წერილობითი ძეგლები, I. ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები, თბ., 1986, 306 გვ., ტაბ. 1-184.
  • სვანეთის წერილობითი ძეგლები, II. ეპიგრაფიკული ძეგლები, თბ., 1988, 694 გვ., ტაბ. 1-115, ჩასაკრავი ტაბ. I, II.
  • კორიდეთის საბუთები (X-XIIIსს.), თბ., 1989, 57გვ. 24 ტაბ.
  • წარწერები გარეჯის მრავლწყაროდან (IX-XIIIსს.), თბ., 1999, 332 გვ; ტაბ. 1-XL.
  • ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994, 117 გვ., ტაბ. 1-23.
  • კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა, თბ., 1994, 131 გვ., ტაბ. I-XXXV.
  • ბეთანისის წარწერები, თბ., 1994, 64 გვ., სურ. 1-13.
  • სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები. კატალოგი-გზამკვლევი, ახალციხე, 2000, 176 გვ.
  • ქვემო ქართლის წარწერები (ზოგადი მიმოხილვა) კრ. „დმანისი“, II, თბ., 2000, გვ. 214-313.
  • ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორიალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები, კრ. Dedicatio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2001, გვ. 223-286; 494-495 (ინგლ. რეზიუმე).
  • ანისის და ყარსის ქართული ეპიგრაფიკა (მოკლე მიმოხილვა), კრ. „ახალციხე-ყარსი“ (სიმპოზიუმის შრომები), ახალციხე-ყარსი, 2001, გვ. 13-52 (ქართულ და თურქულ ენებზე).
  • ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფები, XI-XIIIსს. თბ., 2003, 52 გვ; სურ. 1-28.
  • ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2003, 192 გვ.
  • სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2004, 372 გვ., 80 სურ.
  • საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი (თანაავტორი – კ. შენგელია), თბ., 2006, 358 გვ. + 96 ფერადი ტაბულა.
  • ოშკი – X ს. მემორიალური ტაძარი, თბ., 2006, 378 გვ. + 54 ფერადი ტაბულა.
  • საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი (თანაავტორი – კ. შენგელია), მეორე, შევსებული და შესწორებული გამოცემა, თბ., 2007, 429 გვ. + 96 ფერადი ტაბულა.
  • ტაო-კლარჯეთი, თბ., 2006/2007 (თანაავტორი – კ. შენგელია).
  • History of Georgia, From the Ancient Times Through the „Rose Revolution“, Tbilisi, 2007, 294 გვ. (თანაავტორი კ. შენგელია).
  • საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვეობის ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი, თბ., 2008, 372გვ. მესამე განახლებული და შევსებული ქართული გამოცემა (თანაავტორი კ. შენგელია).
  • ჟამთააღმწერელი, „ასწლოვანი მატიანე“ (ნაწყვეტი _ ხელნაწერი H-1067), თბ., 2009, 218 გვ. (რეზ. ინგლ. და რუს. ენებზე).
  • ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2010, 166 გვ. (რეზ. რუს და ინგ. ენებზე). მეორე, შევსებულ-შესწორებული გამოცემა.

ჯილდოები და პრემიები რედაქტირება

  • ღირსების ორდენი (2001 წ.)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია (2009 წ.)

ლიტერატურა რედაქტირება

  • კალანდია გ., კიკვიძე ლ., „ვალერი სილოგავა (მოგონებები, სამეცნიერო სტატიები)“, თბ., 2011
  • „აღმოჩენა ოშკის ტაძარში“ (ინტერვიუ ვალერი სილოგავასთან), ხვამლი №3-4, 2003 - გვ.29-31

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება