ესქატოლოგია (ბერძ. ἔσχατος, Eschatos უკანასკნელი; logos - მოძღვრება, ან სწავლება) — მსოფლმხედველობის და ღვთისმეტყველების ნაწილი; მოძღვრება კაცობრიობის უკანასკნელ მოვლენებზე, ცივილიზაციის დასასრულზე. მისტიკურ მოძღვრებებში ესქატოლოგია აღნიშნავს ორდინალური რეალობის (დროის, ჟამის) დასასრულს და ღმერთთან შეერთებას. ტრადიციულ რელიგიურ სისტემათა ესქატოლოგიაში განხილულია მომავლის უკანასკნელი მოვლენები, რომლებიც ნაწინასწარმეტყველებია წმინდა წერილებში და საკრალურ ტექსტებში: მესსიის მოსვლა, სამსჯავრო, ჯოჯოხეთი და სამოთხე. ბერძნულის სიტყვა αἰών (აეონ) აღნიშნავს ეპოქას, ან გარკვეულ ისტორიულ პერიოდს. ამდენად “სამყაროს აღსასრულის” ნაცვლად შეიძლება ითარგმნოს “ჟამის”, ”დღეთა”, ან “წუთისოფლის აღსასრული”. ესქატოლოგია – მსოფლიოს ყველა ცივილიზაციის რელიგიური სისტემათა განუყოფელი ნაწილია. ყველა რელიგიაში ოდითგანვე არსებობდა ერთმანეთის მსგავსი მოძღვრება უკანასკნელ მოვლენებზე, რაც აშკარად მიუთითებს ერთ პრეისტორიულ წყაროზე.

იაკობ ბეკერი, აპოკალიფსი, 1580

ქრისტიანული ესქატოლოგია რედაქტირება

ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებასა და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსი).

ზოროასტრული ესქატოლოგია რედაქტირება

ზოროასტრული ესქატოლოგია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ძვ. წ. 500 ზოროასტრულ რელიგიაში უკვე მთლიანად იყო დამუშავებული მოძღვრება ღვთაებრივი შთამთქმელი ცეცხლით მსოფლიოს აღსასრულზე. ზოროასტრიზმის თანახმად: “მეათასე ზამთრის დასასრულს… მზე უფერული გახდება. წელი, თვე და დღე შემოკლდება. დედამიწა მეტად გაპარტახდება. მოსავალი უნაყოფო იქნება. ადამიანები უფრო ცბიერნი გახდებიან და უფრო მეტად მიეძალებიან ბოროტმოქმედებებს. მათ აღარ ექნებათ მადლიერების გრძნობა. უფრო მეტად დაფასდება ფუფუნება და სიმდიდრე, რაც განაპირობებს დამახინჯებულ რწმენას… შავბნელი ღრუბელი დაფარავს მთელ ცას…” სიკეთის და ბოროტების ბრძოლის დასასრულს მოხდება ყველა სულის საბოლოო სამსჯავრო. ცოდვილებს სამ დღიანი დასჯის შემდეგ შეიწყალებენ. სამყარო მიაღწევს სრულყოფილებას, ხოლო ძველი დრო, სიღატაკე, წყურვილი, შიმშილი და სიკვდილი შეწყდება.

ბუდისტური ესქატოლოგია რედაქტირება

ბუდას წინასწარმეტყველებით მის სწავლებებს 500 წლის შემდეგ ადამიანები თანდათან დაივიწყებენ. სუტა პიტაკას (ბუდისტური ტექსტების მეორე უდიდესი ნაკრები) თანახმად “ზნეობრივი ქცევის 10 მცნების” ნაცვლად ხალხი მიეძალება 10 უზნეობას, ესენია: ქურდობა, ძალადობა, მკვლელობა, ტყუილი, ბოროტსიტყვაობა და ჭორაობა, ადულტერი, სიხარბე, მზაკვრობა და ვნება. ეს დეგრადაცია გასტანს გარკვეულ პერიოდს, რომლის შემდეგაც აღსდგება ახალი ბუდა – მაიტრეია, რომელიც აღადგენს ბუდას სწავლებებს და ადამიანებს მისცემს გზას ნირვანასკენ (სადაც არ იქნება არც ვნება და არც ტანჯვა; იმეფებს სიმშვიდე და უმაღლესი ბედნიერება – ნეტარება).

ინდუისტური ესქატოლოგია რედაქტირება

ჰინდუს ტრადიციული წინასწარმეტყველებები, რომლებიც აღწერილია პურანა-ში და სხვა წმინდა წერილებში გვამცნობენ, რომ ბოლო ჟამს მსოფლიო ჩაეშვება დიდ ქაოსში; მოხდება არნახული სულიერი დაცემა და დეგრადაცია; მოხდება ძლიერ სწრაფი მოზღვავება ყოველგვარი მანკიერებისა… ხალხში გავრცელდება არნახული სიხარბე და შუღლი… “რაჟამს დაკნინდება სიმართლე და აღზევდება უსამართლობა – მე განვცხადდები!” (ბჰაგავად გიტა, IV-7). ვედური კულტურის ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლში ასევე ნაწინასწარმეტყველებია ღმერთის უცილობელი ინტერვენცია მსოფლიოს საქმეებში. ინდუიზმის თანახმად, ახლანდელი ეპოქა კალი იუგა – ყველაზე ბოროტია. მას შემდეგ, რაც მოხდება ღმერთის გაცხადება – დედამიწაზე დამყარდება სამართლიანობა და ადამიანები კრისტალივით წმინდა გახდებიან. ინდუიზმის თანახმად არ ხდება სულთა მარადიული დასჯა. არც დროის დასასრული არსებობს. ინდუიზმში დროები ციკლიურია და ყველაფერი ისევ მეორდება. კალი იუგას შემდეგ მოდის სატია იუგა – ეპოქა, როდესაც ყველა ადამიანი უბიწოდ იცხოვრებს. ამის შემდგომ დადგება დვაპარა იუგა, დრეტა იუგა და კვლავ კალი იუგა. ბრაჰმა კუმარის-ის თანახმად არსებობს მეხუთე ეპოქაც, რომელიც წააგავს ქრისტიანულ აპოკალიპსს; ამ დროს ხდება წუთისოფლის აღსასრული და ღმერთის გამოცხადება. ბრაჰმა კუმარის-ის თანახმად ბოლო ჟამი დაიწყო 1936 წ. და აღსასრული დადგება დაახლ. 2036 წ.

ამერიკელ ინდიელთა ესქატოლოგია რედაქტირება

ამერიკელ ინდიელთა ტომებში მსოფლიოს აღსასრულთან დაკავშირებით მსგავსი რწმენა არსებობს. ჰოპის ტომის ბელადების მტკიცებით თეთრი ადამიანის მოსვლა დროის დასასრულის მანიშნებელია. ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო ჟამს დედამიწა გადასერილი იქნება “რკინის გველებით და ქვის მდინარეებით. ხმელეთზე გიგანტური ობობის ქსელი იქნება გადაჭიმული; ხოლო ზღვები გაშავდებიან”. (თანამედროვე ინტერპრეტაციით რკინის გველები – მატარებლებია; ქვის მდინარეები – ტრასებია; ობობის ქსელი – საკომუნიკაციო გაყვანილობებია, ან მსოფლიო კომპიუტერული ქსელი ინტერნეტი. გაშავებული ზღვა – ნავთობის დაღვრით გამოწვეულ დაბინძურებაზე მიუთითებს). ასევე ნაწინასწარმეტყველებია, რომ ციდან დედამიწაზე ჩამოვარდება “დიდი სამყოფელი ადგილი”, რომელიც ლურჯ ვარსკვლავს წააგავს. დედამიწა საშინლად შეირყევა. თეთრი ადამიანი შეებრძოლება სხვა ხალხებს სხვადასხვა ადგილებზე. უდაბნოდან კვამლის ბოლქვები ამოვა, რაც დიდი განადგურების მოახლოების მანიშნებელი იქნება. მრავალი ადამიანი დაიღუპება, მაგრამ ვისაც სწამს ჭეშმარიტი წინასწარმეტველების – გადარჩება. მაშინ დაბრუნდება “ნამდვილი თეთრი ძმა” – პაჰანა, რომელიც სიბრძნის მარცვლებს დასთესავს ადამიანთა გულებში. ეს იქნება მეხუთე სამყაროს დასაწყისი. მაიას ტომის ქურუმებს სწამდათ, რომ სამყარო აქამდე ოთხჯერ განახლდა. პირველი მცდელობისას გაჩნდნენ ცხოველები. მეორე მცდელობისას – მწერები. მესამე მცდელობისას მაიმუნები დაიბადნენ, ხოლო მეოთხე მცდელობის შემდეგ გაჩნდნენ “ნამდვილი ადამიანები”. პირვანდელი ცხოველთა სამყარო თითქმის გაანადგურა კატასტროფამ – დიდმა წყალდიდობამ. მეორე სამყარო დაღუპა სიმხურვალემ. მაიმუნთა სამყარო გაანადგურა სხვა ცხოველთა შეტევებმა. მაიას ასტრონომიულ გათვლებზე დაფუძნებული კალენდრის დიდი ციკლიური ბრუნვა დასრულდება 2012 წ. 21 დეკემბერს. ეს თარიღი შეიძლება იყოს სამყაროს დასასრულის დასაწყისი. თუმც ზოგიერთი თვლის, რომ ეს დრო შესაძლოა მოასწავებს არა აღსასრულს, არამედ რაღაც დიად ცვლილებებს სამყაროში.


ბაბილონური და ასირიული ესქატოლოგია რედაქტირება

 
მარდუქი

ბაბილონურ და ასირიული ესქატოლოგია არ არის სათანადოდ დამუშავებული და განვითარებული. ადამიანთა საზღაურის გადახდა მათი ნამოქმედარიდან გამომდინარე ხდება აწმყო ცხოვრებაში. ადამიანთა ღირსებები ჯილდოვდება ღვთაებრივი წყალობებით. ესენია: სიძლიერე, კეთილდგეობა, ხანგრძლივი სიცოცხლე, მდიდარი შთამომავლობა და ა.შ. ბოროტები ისჯებიან სხვადასხვა უბედურებებით. სიკვდილის შემდგ ნახევრად-მატერიალური სული (ეკიმმუ), ჩადის მიწისქვეშა წყვდიადში, სადაც იკრიბებიან ყველა გარდაცვლილთა სულები. მიცვალებულთა მხარეში, რომელსაც ეწოდება “წყვდიადის საუფლო”, “უკანმოუსვლელი ადგილი” ბატონობენ დემონები, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ დასაჯონ სულები მათი ცოდვებისდა მიხედვით. მიწისქვეშეთში სული ეძებს თავის საყვარელი ადამიანის სულს და “სისცოცხლის წყაროს”. ძირითადად, ბაბილონური ესქატოლოგია მუქ ფერებშია აღწერილი და ბუნდოვანია. ნათელი მომავლის და მკვდართა აღდგომის იმედს იძლევა “სისცოცხლის წყარო” და სხავადასხვა მიმიშნება ღმერთ მარდუქზე, რომელიც “მკვდრებს აძლევს სიცოცხლეს”.

ეგვიპტური ესქატოლოგია რედაქტირება

 
ოსირისი იღებს მიცვალებულთა სულებს, ”მკვდართა წიგნი”

ეგვიპტური ესქატოლოგია მნიშვნელოვნად განვითარებულია. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს იდეა “სრულყოფილ და უსასრულო სიცოცხლეზე ოსირისთან ერთად”, რაც სიკვდილის შემდეგ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ყველა ეგვიპტელისთვის. სიკვდილის შემდეგ სული გადის სამსჯავროზე (მკვდართა წიგნი, 125 თავი). ადამიანის სულის განკითხვა მოიცავს მის პირად, სოციალურ და რელიგიურ მოვალეობათა სფეროებს. გარდაცვლილმა უნდა შესძლოს უარყოს თავისი ბრალი 42 კატეგორიის ცოდვაში. ამის შემდეგ მისი გული (სინდისის სიმბოლო) უნდა აიწონოს სიმართლის და ჭეშმარიტების ქალღმერთ მაატის ხატებასთან. სამსჯავროს წარმატებით განვლის შემდეგ სული იწყებს ხანგრძლივ მოგზაურობას. ამ გზაზე სულს მრავალი განსაცდელი ელოდება. მათი გადალახვა დამოკიდებულია იმ მაცოცხლებელ ძალასა და სიბრძნეზე, რომელიც სულმა შეიძინა სიცოცხლის განმავლობაში. მას აგრეთვე ეხმარებიან დედამიწაზე დარჩენილი ახლობელი ადამიანები, რომლებიც უვლიან მის სხეულს, ლოცულობენ და სწირავენ მის სახელზე. სულმა ბოლოს უნდა მიაღწიოს აალუს ნაყოფიერ მინდვრებს, სადაც მას ელოდება სრული ნეტარება. აღსანიშნავია, რომ ამ ნეტარების მიღწევა ღმერთ ოსირისთან არ ნიშნავს პანთეისტურ ღვთაებად გადაქცევას, ან ინდივიდუალურობის დაკარგვას. ეგვიპტური ესქატოლოგია ნაკლებად გასაგებად აღწერს იმ სულთა განგებას, რომლებიც ვერ გადალახავენ სამსჯავროს. “მეორე სიკვდილი” შესაძლოა აღნიშნავდეს მათ განადგურებას. თუმც ზოგიერთი წყარო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სულები არსებობას აგრძელებენ წყვდიადში, რაც მათ მიერ სიცოცხლეში ჩადენილ ცოდვათა საზღაურს წარმოადგენს. “მკვდართა წიგნი”-ს თანახმად არსებობს კურთხეულ სულთა ნეტარების სხვადასხვა დონე. შესაბამისად, არსებობს დაღუპულ სულთა სასჯელის სხვადასხვა ხარისხიც.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება