ერწუხის ბრძოლა
ქართულ-სელჩუკური ომების ნაწილი
თარიღი 1104
მდებარეობა ერწუხთან ახლოს, საქართველოს სამეფო
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
საქართველო განძის საამირო
მეთაურები
დავით IV აღმაშენებელი მანუჩიჰრ იბნ შავური

ერწუხის ბრძოლა1104 წელს გამართული ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი საინგილო) საქართველოს ლაშქარსა და განძის ათაბაგს შორის.

1104 წელს, მას შემდეგ, რაც კახელმა დიდებულებმა არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ (დედის ძმა) ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს და დავით აღმაშენებელს გადასცეს კახთა მეფე აღსართან II, საქართველოს მეფემ კახეთ-ჰერეთი დაიკავა, თუმცა ყველა კახელი დიდებული როდი იყო კახეთ-ჰერეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში შესვლის მომხრე — დავით IV-ს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. კახელ წარჩინებულთა ეს ნაწილი დახმარების სათხოვნელად ეახლა განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო. სულთნისთვის, ბუნებრივია, ძნელად ასატანი იქნებოდა საქართველოს ასეთი მომძლავრება-გაფართოება და ქართული ტერიტორიების ერთ მთლიან ერთეულად გაერთიანება. იგი, ცხადია, უკმაყოფილო იქნებოდა იმითაც, რომ დავითმა მტკიცედ ამოუკვეთა ფეხი საქართველოდან სელჩუკებს და ხარკსაც აღარ აძლევდა. დავითმა აქტიური საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით საქართველოს სამეფო კარი მთელს მახლობელ აღმოსავლეთში გამოკვეთა. პრაქტიკულად, იგი უკვე მზად იყო კავკასიის გაერთიანების დიდი პროგრესული საქმე მოეგვარებინა, ამიტომ სულთნისათვის თუ განძის ათაბაგისათვის, რომელიც, ფაქტობრივად, სულთნის გავლენას ემორჩილებოდა, ეს მომენტი ხელიდან გასაშვები არ იყო. მუსლიმმა მმართველებმა დიდძალ ლაშქარს მოუყარეს თავი და კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად დასძრეს. დავით აღმაშენებელმა მტერს მცირე, თუმცა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი დაუპირისპირა.

ბრძოლა 1104 წელს ერწუხის ველზე გაიმართა. საქართველოს მეფემ ახალი ტაქტიკური ხერხი შესთავაზა მტერს და მძლავრი ფლანგური დარტყმები განახორციელა. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ თვალნათლივ და შესაშური ხატოვანებით აღწერს დავით აღმაშენებლის უშუალო მონაწილეობას ერწუხის ბრძოლაში. მემატიანის სიტყვებით, დავითი არ ჰგავდა სხვა მხედართმთავრებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქედან აძლევენ განკარგულებებს მეომრებს. დავითი წინ მიუძღოდა მებრძოლებს, ლომივით შეუძახებდა თავისი მაღალი ხმით და ამხნევებდა მათ. იგი გრიგალივით ატყდებოდა თავს მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა ფრთებზე, გოლიათივით წინ მიემართებოდა და თავისი ძლიერი, მტკიცე მკლავით მუსრს ავლებდა მტერს. მისი ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე სისხლმა უბე აუვსო ისე, რომ ომის დამთავრების შემდეგ, როცა სარტყელი შემოიხსნა და ეს დაგუბებული სისხლი გადმოიღვარა, მხილველები თავიდან შეეჭვებულან მეფე ხომ არ დაჭრილაო. იმ დღეს დავით აღმაშენებელს სამი ცხენი მოუკლეს და „მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი“.[1][2]

ერწუხის ბრძოლაში დავითმა გაიმარჯვა. ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო მოწინააღმდეგისათვის, მან სრული განადგურება იგემა. ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთნ პირისპირ სამხედრო შეტაკებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ სელჩუკები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას. სოსო მარგიშვილის აზრით კი ერწუხის ბრძოლაში განძის საამიროს მონაწილეობა არ უნდა იქნას განხილული, როგორც ბრძოლა უშუალოდ სელჩუკთა სახელმწიფოსთან, რადგან ამ დროისთვის განძის საამირო თავად იყო დაპირისპირებული სელჩუკთა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ერწუხის ბრძოლაში მოქმედებდა დამოუკიდებლად.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • როინ მეტრეველი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 211.
  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3. 
  • მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. თბილისი: ნეკერი. ISBN 99928-58-36-2. 
  • სამუშია, ჯაბა (2015). საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 6 – დავით აღმაშენებელი. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-21-755-5. 

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს მეფეები, 2007, გვ. 124
  2. ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი, 2015, გვ. 17
  3. მარგიშვილი ს., „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ“, თბილისი: „სიესტა“, 2006. — გვ. 42-44, ISBN 99940-881-9-X.