ემზარ კვიციანი (დ. 25 აპრილი 1961, ჩხალთა, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო პირი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამხარეო რწმუნებული კოდორის ხეობაში 2001-2003 წლებში. ეს თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მაშინდელი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა.[1]

ემზარ კვიციანი
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1961 (1961-04-25) (62 წლის)
დაბადების ადგილი ჩხალთა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი
მეუღლე/ები თეთნულდი ანსიანი

ემზარ კვიციანი ლიდერობდა გასამხედროებულ ჯგუფ „მონადირეს“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედიოდა, რომელიც თავის დროზე კოდორის ხეობის აფხაზური სამხედრო ფორმირებებისგან დასაცავად შეიქმნა. ჯგუფი 2002 წელს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა, მაგრამ ფაქტობრივად მისი წევრები დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას „მონადირის“ დაშლის შესახებ, რამაც კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და დაუმორჩილებლობა გამოიწვია.[1]

2006 წლის ივლისში განხორციელებული საპოლიციელო ოპერაციის შედეგად სამთავრობო ძალებმა კვიციანის მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლეს, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად რუსეთში გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.[2]

2014 წლის 28 თებერვალს, ემზარ კვიციანი მოსკოვიდან დაბრუნდა საქართველოში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავეს. მისი თქმით, ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, რადგან ახალი ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენის იმედი ჰქონდა[3]. 17 ნოემბერს, ზუგდიდის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობისათვის და 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა[4].

2015 წლის 28 იანვარს, პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა[5].

2015 წლის მარტიდან არის პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი[6].2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება