ელიზაბეთ პომერანიელი

ელიზაბეთ პომერანიელი (გერმ. Elisabeth von Pommern, ჩეხ. Alžběta Pomořanská; დ. 1347 — გ. 15 აპრილი, 1393) — საღვთო რომის იმპერატრიცა 1368-1378 წლებში და გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი 1363-1378 წლებში როგორც კარლ IV-ის მეოთხე და უკანასკნელი მეუღლე. პოლონეთის მეფე კაზიმირ III-ის შვილიშვილი. ინგლისის დედოფალ ანა ბოჰემიელისა და საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ის დედა.

ელიზაბეთ პომერანიელი
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1368
მმართ. დასასრული: 29 ნოემბერი, 1378
წინამორბედი: ანა შვაიდნიცელი
მემკვიდრე: ბარბარა ცელიელი
გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 21 მაისი, 1363
მმართ. დასასრული: 29 ნოემბერი, 1378
წინამორბედი: ანა შვაიდნიცელი
მემკვიდრე: იოჰანა ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1347
გარდ. თარიღი: 15 აპრილი, 1393, (45-46 წლის)
დაკრძ. ადგილი: პრაღა, ჩეხეთი
მეუღლე: კარლ IV, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ანა, ინგლისის დედოფალი
სიგიზმუნდ I, საღვთო რომის იმპერატორი
იოჰანი, მორავიის მარკგრაფი
მარგარეტი, ნურემბერგის ბურკგრაფინია
მამა: ბოგისლავ V, პომერანიის ჰერცოგი
დედა: ელიზაბეტა პოლონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ელიზაბეთი დაიბადა 1347 წელს ჩრდილოეთ გერმანიაში. იგი იყო პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ V-ისა და მისი ცოლის, ელიზაბეტა პოლონელის ქალიშვილი. დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია პოლონეთის მეფე კაზიმირ III და მისი ცოლი, დედოფალი ალდონა ლიტველი იყვნენ.

1363 წლის 21 მაისს, კრაკოვში შედგა ელიზაბეთისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ IV-ის ქორწინება. ეს ქორწინება კარლის მესამე მეუღლის, დედოფალ ანა შვაიდნიცელის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში შედგა. ამ დროს პატარძალი 16 წლის იყო, ხოლო სიძე 47-ის. კარლი მასზე მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო დაქორწინდა, რათა მისი მშობლები დახმარებოდნენ ავსტრიის ჰერცოგ რუდოლფ IV-ის წინააღმდეგ ანტი-ჩეხურ ბრძოლაში. 1363 წლის 18 ივნისს, ბოჰემიის დედაქალაქ პრაღაში ელიზაბეთი ბოჰემიის დედოფლად ეკურთხა, ხოლო 1368 წლის 1 ნოემბერს შედგა მისი საღვთო რომის იმპერატრიცად კორონაცია. მას იმპერატრიცას გვირგვინი თავად რომის პაპმა ურბან V-მ დაადგა თავზე.

ქორწინება ნაყოფიერი აღმოჩნდა და ელიზაბეთმა რვა ბავშვი გააჩინა, აქედან სამი გოგონა და ხუთი ვაჟი. მემატიანეები მისი და კარლის ურთიერთობას აღწერენ როგორც კარგსა და ჰარმონიულს. 1371 წელს, კარლის ავადმყოფობის გამო, ელიზაბეთი ფეხშიშველი მივიდა პრაღის კათედრალამდე და მისი გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდა. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეთი სრულიად აპოლიტიკური პიროვნება იყო და არასდროს ერეოდა ქმრის საქმეში.

1378 წლის 29 ნოემბერს პრაღაში, მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მეფე მისი გერი, ვენცელ IV გახდა, რომელიც ზრუნავდა ელიზაბეთსა და მის ვაჟებზე. აღსანიშნავია, რომ ვენცელი ელიზაბეთის ვაჟს, სიგიზმუნდს თავდაუზოგავად ეხმარებოდა უნგრეთის ტახტისთვის ბრძოლაში.

ელიზაბეთი 1393 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა ჰრადეკ-კარლოვეში, დაკრძალულია პრაღის წმინდა ვიტუსის სახელობის საკათედრო ტაძარში, ქმრის გვერდით.

შვილები რედაქტირება

  1. ანა (1366-1394), ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე რიჩარდ II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;
  2. სიგიზმუნდ I (1368-1437), საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე. პირველად იქორწინა უნგრეთ-ხორვატიის დედოფალ მარია I-ზე, მისი უშვილოდ დაღუპვის შემდეგ კი ცოლად ბარბარა ცელიელი შეირთო, რომელთანაც ერთი ასული შეეძინა;
  3. იოჰანი (1369-1385), გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ;
  4. იოჰანი (1370-1385), მორავიის მარკგრაფი და გოირლიცის ჰერცოგი, ცოლად შეირთო შვედეთის პრინცესა რიკარდის კატარინა ალბერტდოტერი, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;
  5. კარლი (1372-1373), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. მარგარეტი (1373-1410), ცოლად გაჰყვა ნურემბერგის ბურკგრაფ იოჰან III-ს, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა;
  7. მარია (1375-1385), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. ჰაინრიხი (1377-1378), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • J. Fidler, České královny [Queens of Bohemia] (Havlíčkův Brod, 2004)
  • KAVKA, František. Čtyři ženy Karla IV. Královské sňatky. Praha ; Litomyšl : Paseka, 2002. 189 s. ISBN 80-7185-493-X.
  • SPĚVÁČEK, Jiří. Karel IV. Život a dílo (1316–1378). Praha : Nakladatelství Svoboda, 1980. 721 s.
  • SPĚVÁČEK, Jiří. Václav IV. 1361-1419. K předpokladům husitské revoluce. Praha : Nakladatelství Svoboda, 1986. 773 s.