ელენ ჯონსონ-სირლიფი

ელენ ჯონსონ-სირლიფი (დ. 29 ოქტომბერი, 1938, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიის პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერიის პრეზიდენტი 2006 წლიდან. ქვეყნის მეორე ქალი პრეზიდენტი რუთ პერის შემდეგ.

ელენ ჯონსონ-სირლიფი
ელენ ჯონსონ-სირლიფი
ლიბერიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი, 2006 – 22 იანვარი, 2018
წინამორბედიგიდ ბრაიანი
მემკვიდრეჯორჯ ვეა

დაბადებული29 ოქტომბერი, 1938
მონროვია, ლიბერია
რელიგიამეთოდისტი
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია, 2011

2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში ტავაკულ კარმანისთან და ლეიმა გბოვისთან ერთად. ჯილდო გადაეცათ „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“.[1]

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1938 წლის 29 ოქტომბერს მონტსერადოს საგრაფოში, ქალაქ მონროვიაში, ცნობილი პოლიტიკოსის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰილარი ჯონსონის შთამომავლის ოჯახში. მამამისი განათლებით ადვოკატი იყო და გახდა პირველი ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც შევიდა ლიბერიის პარლამენტის შემადგენლობაში. რაც შეეხება დედას იგი იყო შვილი გერმანელი ვაჭრისა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გაძევებულ იქნა გერმანიიდან.

განათლება რედაქტირება

1948 წლიდან ელენი სწავლობს მონროვიის ეკონომიკურ კოლეჯში, 1961 წელს გაემგზავრა აშშ-ში და სწავლა გააგრძელა უისკონსინის მედისონის სახელობის სავაჭრო სკოლაში, სადაც 1964 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ტიტული. 1971 წელს აიღო ეკონომისტის დიპლომი და ამავე წელს სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნტივერსიტეტში, სადაც სწავლობდა საზოგადოების ადმინისტრირებას.

კარიერა რედაქტირება

1972 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სულ მალე პრეზიდენტმა უილიამ ტოლებერტმა დანიშნა ფინანსთა მინისტრად. ამ თანამდებობაზე იგი მუშაობდა 1980 წლამდე. 1980 წლის 12 აპრილს ლიბერიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ტოლბერტი მოკლეს, მინისტრები და სხვა სოლიდური თანამდებობის პირები დახვრიტეს ან დააპატიმრეს. ჯონსონ-სირლიფის ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა. 14 აპრილს სხვა 19 ადამიანთან ერთად იგი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ელენ ჯონსონ-სირლიფი ემიგრაციაში წავიდა, ვაშინგტონში დასახლდა და მუშაობა დაიწყო მსოფლიო ბანკში.

1982 წლიდან იგი აღმოჩნდა ნაირობში, კენიის დედაქალაქში, სადაც მუშაობა დაიწყო საბანკო სექტორში. 1985 წელს დაბრუნდა სამშობლოში. თავის გარშემო შემოიკრიბა საქმიანი, პოლიტიკურად აქტიური, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები და შექმნა მოქმედების პარტია, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგა 1980 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულ სამუელ დოუს მიერ შექმნილ ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიას. 1985 წლის 15 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ელენ ჯონსონ-სირლიფმა წარადგინა თავისი კანდიდატურა სენატორის პოსტზე, მაგრამ 31 ივლისს იგი ჩამოაშორეს არჩევნებს და მიუსაჯეს შინაპატიმრობა. მალე ბრალად წაუყენეს "ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილიზაციის ხელყოფა" რასაც მოჰყვა 10-წლიანი განაჩენი, თუმცა აშშ-ს მთავრობის ზეწოლის შედეგად ერთ თვეში გაათავისუფლეს.

1986 წლის 8 სექტემბერს გაიქცა ქვეყნიდან, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამავე წელს ელენმა მუშაობა დაიწყო ვაშინგტონის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად. პარალელურად მონაწილეობდა ქალთა პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დაფუძნებაში, რომლის პირველი პრეზიდენტიც გახდა აშშ-ს დემოკრატიული პარტიის წევრი ჯერალდინა ფერარო. გარდა ამისა მონაწილეობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც "მესამე სამყაროს" ქვეყნებს ხელს უწყობდა განვითარებაში და სიღარიბის დაძლევაში.

1992 წელს იგი აირჩიეს გაეროს განვითარების პროგრამის აფრიკის რეგიონალური ოფისის დირექტორად. 1992-1997 წლებში გაეროს ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში გარკვეულწილად ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. 1989-1996 წწ. ქვეყანაში ქაოსი და ანარქია მეფობდა, მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელიც 1996 წელს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში მიღწეული შეთანხმებით დასრულდა.

1997 წლის 18 აპრილს ელენ ჯონსონ-სირლიფი მონროვიის აეროპორტში ჩამოფრინდა და აქვე თავისი ათასობით თაყვანისმცემლის წინაშე განაცხადა, რომ ტეილორს მეტოქეობას გაუწევდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მის მიერ ჩამოყალიბებული ერთიანობის პარტიის დროშის ქვეშ. მისმა მეტოქემ კარგად გამოიყენა ის რომ ელენი არ ცხოვრობდა სამშობლოში და დამაჯერებლად დაამარცხა, ელენმა ხმების მხოლოდ 9,6 % მიიღო და გახდა ოპოზიციის ლიდერი.

1998 წლიდან აფრიკის ერთობის ორგანიზაციის დავალებით იძიებდა რუანდის 1994 წლის გენოციდის ამბებს.

2000 წლის აგვისტოში ტეილორის მთავრობამ ელენს ბრალად დასდო ლოფას საგრაფოში დაწყებული აჯანყების ორგანიზება, რის გამოც ელენი საცხოვრებლად გადავიდა კოტ-დ’ივუარის ეკონომიკურ დედაქალაქ აბიჯანში. 2001 წლის ბოლოს ქვეყანა კვლავ სამოქალაქო ომის პირას იყო. ელენ ჯონსონ-სირლიფი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გაერთიანებების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში (ნიგერიაში, ბურკინა-ფასოში, განაში და აშშ-ში), რომლის მიზანიც იყო გადაეწყვიტა მძიმე სამთავრობო კრიზისი ლიბერიაში, თუმცა ყველა სამშვიდობო ინიციატივა მარცხით დასრულდა. 2003 წელს პარტიზანთა გაერთიანებებმა კვლავ განაახლეს თავდასხმა მონროვიაზე, რასაც ვერ გაუძლო პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა და 11 აგვისტოს გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2005 წლის 11 ოქტომბრისათვის. არცევნებში მონაწილეობდა 22 კანდიდატი, გამარჯვების შანსი კი ჰქონდათ ქალბატონ ელენს და ყოფილ ფეხბურთელს ჯორჯ ვეას. პირველი ტურის შედეგები ასეთი იყო ჯორჯ ვეა – 28,3 %, ელენ ჯონსონ–სირლიფი - 19,8 %. 8 ნოემბრისთვის დაინიშნა მეორე ტური. გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ე. ჯონსონ-სირლიფმა, რომელმაც მიიღო ამომრჩეველთა ხმების 59,4 %.

2006 წლის 16 იანვარს გაიმართა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელსაც 12 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ყურადღებას იქცევდა ორი ქალბატონი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და აშშ-ს პირველი ქალბატონი ლორა ბუში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1955 წელს 17 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა არცთუ ცნობილ პიროვნებას ჯეიმზ სირლიფს, რომელთანაც შეეძინა 4 ვაჟი. დღესდღეობით მეუღლესთან ურთიერთობა არ აქვს, განქორწინებულია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Nobel Peace Prize 2011 en. Nobel Media. ციტირების თარიღი: 2011-10-7.
წინამორბედი:
გიდ ბრაიანი
ლიბერიის პრეზიდენტი

2006 – დღემდე
შემდეგი: