ეკატერინე მელიქიშვილი

ეკატერინე (კეკე) მელიქიშვილი-მესხი (დ. 1854, თბილისი — გ.1928, თბილისი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ეკატერინე დაიბადა 1854 წელს თბილისში გრიგორ მელიქიშვილის ქართველი კათოლიკის ოჯახში.მისი მშობლები XVIII ს 40 იან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) გადმოსახლდნენ თბილისში. ის პეტრე მელიქიშვილი და სტეფანე მელიქიშვილის და იყო, ხოლო სერგეი მესხის — ცოლი (1874 წლიდან).

ის ფუფუნებაში აღიზარდა, კარგი განათლება მიიღო და გამორჩეულ გარემოში ტრიალებდა ჯერ მშობლების, შემდეგ კი ქმრის ოჯახში. იმ დროის ქართულ საზოგადოებას ქალის განათლების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდა და ამ პროცესის წახალისებასაც ცდილობდა. ამიტომ ის 19 წლის ასაკში ძმების და ნიკო ნიკოლაძის დახმარებითა და ხელშეწყობით უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნეს შვეიცარიაში. მან იქ დაამთავრა გიმნაზია  და შემდეგ მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. შვეიცარიაში ეკატერინე საზოგადოება „უღელის“ წევრი გახდა, რომელიც ციურიხში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა დააარსეს. ციურიხში გატარებული წლები ნაყოფიერი იყო კეკესთვის. იგი დაეუფლა გერმანულ და ფრანგულ ენებს, გაეცნო იმ დროის მოწინავე იდეებს, აქტიურად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარალელურად დიდი მონდომებით სწავლობდა მედიცინას.

ეკატერინე მელიქიშვილის გარდა, „უღელში“ სხვა ქართველი ქალებიც იყვნენ გაერთიანებულები: კატო და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, ოლგა გურამიშვილი (ნიკო ნიკოლაძის მეუღლე), პელო ნაცვლიშვილი, ბოგუმილა ზემიანსკაია. პირველი ფემინისტური ტალღა საქართველოში სწორედ ამ ქალებს უკავშირდება.

ეკატერინე მელიქიშვილი აგრეთვე იყო ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი დეკანი. ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომცემლობა „სხივის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, საზოგადოება „განათლების“ დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა ლიტერატორ ქალთა წრის წევრი (დაარსდა 1872 წელს).

ეკატერინე მელიქიშვილი თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთანაც“. ის წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან. მაგ.: მან 1871 წელს , დროებაში გამოაქვეყნა შკლარევსკის მოხრობის – „ქალის შრომის“ საკუთარი თარგმანი, 1872 წელს კი – მიმოხილვითი კვლევა – „მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება