ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი (დ. 1 თებერვალი ([ძვ. სტ. 20 იანვარი]) 1881 [1], სხვა ცნობით 24 აპრილი, 1882, მარტვილი — გ. 5 ივნისი, 1954, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ევგენი გეგეჭკორი
ევგენი გეგეჭკორი
ევგენი გეგეჭკორი, 1910
საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 1918 – 20 მარტი, 1921
პრემიერ-მინისტრი  ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია
წინამორბედიაკაკი ჩხენკელი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 მარტი, 1919 – 2 იანვარი, 1920
პრემიერ-მინისტრინოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია
წინამორბედიშალვა ალექსი-მესხიშვილი
მემკვიდრერაჟდენ არსენიძე

დაბადებული24 აპრილი, 1882
მარტვილი
გარდაცვლილი5 ივნისი, 1954 (72 წლის)
პარიზი
მოქალაქეობარუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საფრანგეთი
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიარსდმპ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
განათლებამოსკოვის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა აზნაურის ოჯახში. 1902 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე. 1904 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. 1904 წელს პარტიის წევრობის გამო დააპატიმრეს. 1905 წელს მიემხრო მენშევიკებს.

1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში ნაფიცი ვექილის თანაშემწედ. პარალელურად აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას სენაკის მაზრის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. 1907 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან[2]. იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი კარლო ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთის და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, გამოირჩეოდა კარგი ორატორობით. მისი გამოსვლები იპყრობდა ევროპული პრესის ყურადღებას და მისი სახელი ცნობილი გახდა საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობებისთვისაც. მონაწილეობდა მე-34მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნებშიც, მაგრამ ვერ გახდა დეპუტატი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისრად. შემდეგ გადავიდა თბილისში და გახდა მუშათა და ჯარისკაცთა საოლქო საბჭოს თავმჯდომარე. იმავე წელს მენშევიკების სიით არჩეული იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 7 აგვისტოდან 19 დეკემბრამდე იყო თბილისის სათათბიროს თავმჯდომარე. 14 ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის კომისარიატის პირველი თავმჯდომარე. იმავე თვეში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიის ფრონტის გაბოლშევიკებული ჯარისკაცების ევაკუაცია რუსეთში. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. არჩეული იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ და სამხედრო მინისტრად.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად, ამავე დროს იყო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. 1919 წლის 12 მარტის არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. არჩევნების შემდეგ დაკოპლექტებულ მთავრობაში ეკავა იუსიტციის მინისტრის პოსტიც. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან, არაერთხელ შეასრულა შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 1919 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზანგეზურში ცეცხლის შეწყვეტასა და სომხეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დადებაში. 1920 წლის სექტემბერში მივლენილ იქნა ევროპაში საქართველოს დე იურედ აღიარებისთვის დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად, რაც წარმატებით დასრულდა 1921 წლის 27 იანვარს.

1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო. ემიგრაციაში აგრძელებდა მუშაობას დეოკპუაციისთვის. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[3] 1926 წელს წარმოიშვა კონფლიქტი „პრომეთეისტულ“ მოძრაობაში გეგეჭკორსა და ნოე რამიშვილს შორის. 1927 წელს გეგეჭკორს პარიზში გარდაეცვალა 16 წლის ვაჟი სოსიკო. ოჯახური ტრაგედიით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური ფონის გამოყენებით საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები ცდილობდნენ გეგეჭკორის გადაბირებას და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დაშლას. საბჭოთა სპეცსამსახურები ხელახლა შეეცადნენ გეგეჭკორის გადაბირებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მას სთავაზობდნენ დაბრუნებას სამშობლოში. 1951 წელს გეგეჭკორი შევიდა ემიგრაციაში ჩამოყალიბებულ ქართულ ეროვნულ საბჭოში. 1952 წლის ოქტომბერში ის ჩაერთო მიუნხენში შექმნილი ანტიბოლშევიკური საკოორდინაციო ცენტრის მუშაობაში, სადაც იცავდა საქართველოს დამუკიდებლობის პოზიციებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 86-87.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 183-186, ISBN 978-9941-0-9318-0.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ენციკლოპედია „საქართველო“
  2. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) третий созыв, М., 1913, ст. 425
  3. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.