ეგრისის სახალხო კრება

ეგრისის სახალხო კრება — სახალხო კრება, რომელიც 555 წელს შეიკრიბა ბიზანტიელი სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს მიერ ეგრისის მეფე გუბაზ II-ის ვერაგულად მოკვლის გამო. კრებაზე ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი წყდებოდა. ეგრისის დიდებულთა ერთი ჯგუფი, რომელსაც აიეტი მეთაურობდა, მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას; მეორე — ფარტაზის ჯგუფი, ირანთან კავშირის მოწინააღმდეგე იყო და საჭიროდ თვლიდა იმპერატორ იუსტინიანე I-ისათვის მოეთხოვათ გუბაზის მკვლელთა სასტიკი დასჯა და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის, წათეს, დამტკიცება.

ცხარე კამათის შემდეგ მეორე აზრმა გაიმარჯვა და კრებამ აირჩია დიდებულთა დეპუტაცია კონსტანტინეპოლში გასაგზავნად. იუსტინიანე I იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ეგრისელთა მოთხოვნა. ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა ეგრისის საერთო კრებაზე აიეტისა და ფარტაზის სიტყვების ტექსტი.

აიეტი ამტკიცებდა, რომ გუბაზის მოკვლა მხოლოდ დასაწყისია და „რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახულიო, სპარსელები კი უფრო სანდობნი არიან“.

ვიკიციტატა
„გაქრა კოლხების ძველი ღირსება, - დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ ... ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ , რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან და კიდევ უფრო გაგვაბახებენ ჩვენი უმოქმედობის წყალობით. რა თმა უნდა რომაელები იმათ უფრო თავხედურად ექცევიან ვინც ემორჩილება და ჩვეულებრივად ზევიდან ქვევით უყურებენ იმათ, ვინც მათ ემსახურება ... მე მინდა რომ კოლხეთის სამეფოს ჰქონდეს თავისი ძველი დიდება, რომ მას არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება გარედან, რომ როგორც ომის ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ როცა ჩვენ ჟამთა ვითარების გამო ან ბედის უკუღმართობის წყალობით ან ორივე მიზეზის წყალობით ისე დავუძლურდით , რომ სხვისი ხელქვეითი გავხდით, ისევ სჯობია იმის ხელქვეითი ვიყოთ უფრო კეთილისმსურველის, ვინც დაურღვევლად იცავს კეთილ განწყობილებას თავისიანებთან და მოკავშირეებთან.“

ფარტაზი ურჩევდა, საქვეყნო საქმის გულისთვის დაევიწყათ ეს მწუხარება და წყენა და გონების ძალით საუკეთესო გზა აეირჩიათ.

ვიკიციტატა
„გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგების საქმეა და აქ კეისრი არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს ვერ შეეგუებიან რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას და გრძნობების ღელვას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ , არამედ უნდა გავიმსჭვალოთ კოლხის თავისუფლებსი სურვილით, ვაჟკაცურად უნდა გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ არავითარი უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე.“

ეს გამოსვლები ქართული ორატორული ხელოვნების უძველეს ნიმუშად ითვლება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გოზალიშვილი გ., ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ., 1973
  • კანდელაკი ნ., ქართული მჭევრმეტყველება, ტ. 1, თბ., 1975;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 1, თბ., 1960;