ეგვიპტის ექსპედიცია

ეგვიპტის ექსპედიცია — 1798-1801 წლებში საფრანგეთის არმიის ლაშქრობა ეგვიპტეში (ეგვიპტე შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში, მაგრამ ფაქტობრივად მამლუქები მართავდნენ) გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით. ექსპედიციის მიზანი იყო ეგვიპტის დაპრყობა და ინდოეთში ინგლისის სამფლობელოებზე თავდასხმისთვის ბაზის შექმნა.

ანტუან-ჟან გრო „ბრძოლა პირამიდებთან“

ისტორია რედაქტირება

1798 წლის 19 მაისს საფრანგეთის ესკადრა სადესანტო ჯარითურთ (38 000 კაცი) ტულონიდან გავიდა და კუნძულ მალტასთან ხანმოკლე შესვენების შემდეგ 30 ივნისს ალექსანდრიის რაიონში გადასხა დესანტი. 21 ივლისს პირამიდებთან ბრძოლაში ბონაპარტმა მამლუქების ლაშქარი დაამარცხა, შემდეგ კაირო აიღო. აგვისტოს დამდეგს აბუკირის ბრძოლაში ინგლისელმა ადმირალმა ჰ. ნელსონმა საფრანგეთის ფლოტი გაანადგურა. საფრანგეთის საექსპედიციო არმია ევროპას მოწყვეტილი აღმოჩნდა. 1798 წლის სექტემბერში ოსმალეთმა ომი გამოუცხადა საფრანგეთს, 1799 წლის იანვარში სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო რუსეთთან და დიდ ბრიტანეთთან და ამგვარად მე-2 ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა. ფრანგების მიერ დამყარებული მკაცრი საოკუპაციო რეჟიმი იწვევდა ეგვიპტის მოსახლეობის ამბოხებებს, რასაც ოკუპანტები დიდი სისასტიკით ახშობდნენ. ოსმალთა მოსალოდნელი შეტევის აღსაკვეთად 1799 წლის დამდეგს ნაპოლეონი სირიაში შეიჭრა, მაგრამ ქალაქ აკის უშედეგო გარემოცვის შემდეგ უკან გამობრუნდა. ინგლის-ოსმალეთის დესანტის განადგურების მიუხედავად, ეგვიპტეში მყოფი საფრანგეთის არმიის მდგომარეობა უიმედო იყო. ამ ვითარებამ და საფრანგეთში შიდაპოლიტიკურმა მერყეობამ აიძულა ბონაპარტი, მიეტოვებინა არმია და საფრანგეთში დაბრუნებულიყო. მისმა შემცვლელმა გენერალმა ჟ.ბ. კლებერმა 1800 წლის იანვარში დროებითი ზავი დადო ინგლისთან და ოსმალეთთან, რომელთაც ფრანგებს გემები და სამშობლოში დაბრუნება აღუთქვეს. მაგრამ ინგლისელებმა ფრანგების განიარაღება მოითხოვეს და ზავი ჩაიშალა. 1800 წლის 20 მარტს კლებერმა ჰელიოპოლისთან გაანადგურა სირიიდან ჩამოსული ოსმალთა არმია და მისი ნაშთები ეგვიპტიდან განდევნა. ეგვიპტეში მყოფი საფრანგეთის არმიის პოზიციები შეასუსტა ხმელთაშუა ზღვაზე მოქმედმა რუსულმა ესკადრამ. კლებერის (მოკლეს 1800 წ. 14 ივნისს) შემცვლელმა ჟ. მენუმ 1801 წლის გაზაფხულზე ეგვიპტეში გადასხმულ ინგლისის ჯარებთან წარუმატებელი შეტაკების შემდეგ ხელი მოაწერა შეთანხმებას კაპიტულაციის შესახებ. საფრანგეთის არმიის ნაშთებმა 1801 წლის სექტემბერში ეგვიპტე დატოვეს.

ლიტერატურა რედაქტირება