დუშეთის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ყოფილი თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1802 წელს. მოიცავდა თანამედროვე დუშეთის რაიონის დიდ ნაწილს, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონების ტერიტორიას. 1803 წელს დუშეთიდან სამაზრო ცენტრი გადაიტანეს ანანურში და დუშეთის მაზრას ანანურის მაზრა ეწოდა.

1821 წელს დუშეთის მაზრა კვლავ აღდგა. 1840 წელს შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რამაც მხარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილების რეორგანიზაცია გამოიწვია. იმავე წელს დუშეთის მაზრა გააუქმეს. 1867 წელს დუშეთის მაზრა კვლავ აღადგინეს, ამჯერად მის შემადგენლობაში შევიდა თბილისის მაზრის დუშეთის უბანი, გორის მაზრის ქსნის უბანი, გაუქმებული მთის ოკრუგი და გაუქმებული თიანეთის ოკრუგის ნაწილი. შემდგომში დუშეთის მაზრაში შედიოდა ოთხი უბანი: ახალგორის (1890 წლიდან ქსნის), ბაზალეთის, ქვეშისა და მცხეთის.

1927 წლის მონაცემებით დუშეთის მაზრის მოსახლეობა შეადგენდა 61263 ადამიანს. მაზრაში შედიოდა 20 თემი: მისაქციელი, მუხრანი, მჭადიჯვარი, საგურამო, ჭოპორტი, ანანური, ჟინვალი, ბაზალეთი, ფასანაური, მლეთა, კობი, ყაზბეგი, მაღაროსკარი, ბარისახო.[1]

დუშეთის მაზრა გაუქმდა 1929 წელს. დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე შეიქმნა ყაზბეგის, მცხეთის და დუშეთის რაიონები.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კვაშილავა ი. „ახალი ხევის სოციალ-ეკონომიკური ვითარება“ კავკასიის ეთნოლოგიური კრებული NXVIII — „უნივერსალი“, 2017 ISSN 1987-7374