დრუმლინი (ინგლ. drumlin) — ძირითადი მორენით აგებული სერისებურად წაგრძელებული და ერთმანეთის პარალელურად ორიენტირებული, ელიფსური მოყვანილობის ბორცვები. ძველმყინვარული რელიეფის ფორმაა.[1] წაგრძელებულია მყინვარის მოძრაობის მიმართულებით. სიმაღლე 5-დან 200 მ-მდე, სიგრძე ასეული მეტრიდან რამდენიმე კმ-მდე, სიგანე 10-დან 100 მ-მდე.[2]

დრუმლინი ირლანდიაში
დრუმლინი გერმანიაში

წარმოიქმნება ფსკერის მორენების გადატანისა და აკუმულაციის შედეგად. დრუმლინები ჯგუფურად გვხვდება პლეისტოცენური საფარული გამყინვარების გავრცელების რაიონებში, უმეტესად ვაკესა და მთისწინეთში, სადაც წარმოქმნიან ეგრეთ წოდებულ დრუმლინურ ლანდშაფტს,[3] რომლის შემადგენლობასა და სტრუქტურაში ჭარბობს ძველმყინვარული დრუმლინური რელიეფის ფორმები, შესაბამისი კლიმატური, ჰიდროლოგიური და ნიადაგ-მცენარეული კომპონენტებით.[1]

გავრცელებულია დაბლობ და მაღლობ ტერიტორიებზე, ყინულოვანი ფარისა და მყინვარული ხეობების ქვეშ და ბოლო მორენების სიახლოვეს. შედგება კაჭართიხნარისაგან, მაგრამ შედგენილობით შეიძლება სხვადასხვა იყოს. ზოგიერთი მათგანი შეიცავს ხრეშს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თანამედროვე დრუმლინი წარმოდგენილია მყინვარული მასის ქვეშ ანტარქტიდაში, ისლანდიის პროგლაციალურ ზონასა და აგრეთვე შვეიცარიაში. ვეებერთელა დრუმლინური მინდვრები გვხვდება კანადაში, ესტონეთში, ფინეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, პოლონეთში, რუსეთსა და აშშ-ში. ნიუ-იორკის დრუმლინური მინდორი აერთიანებს დაახლოებით 10 ათასამდე დრუმლინს. დრუმლინები ბევრია აგრეთვე ბალტიისპირეთსა და ლენინგრადის ოლქში, რომლებიც მეოთხეული გამყინვარების გავრცელების არეს მიეკუთვნებიან.[4] დრუმლინი ხშირად ასოცირდება ვერძის შუბლებთან.[5]

დრუმლინები მიკვლეულია სახაში, პატაგონიაში, აფრიკაში და სხვა. 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია ნამიბიაში აღმოჩენილი დრუმლინების შესახებ.[6] სახელწოდება მომდინარეობს გელური სიტყვისგან „druim“ და პირველად გაჩნდა 1833 წელს.[5]

დრუმლინის მსგავსი ბორცვები გვხვდება აგრეთვე დიდი მდინარეების ხეობებში, სადაც არ ყოფილა დაფიქსირებული ძველი გამყინვარება. ასეთია მაგალითად, მდინარე ანგარის ხეობა რუსეთში.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ავტ. კოლექტივი. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2014, გვ. 91.
  2. Goudie, A. S., ed. (2004). Encyclopedia of Geomorphology. pp. 282–284.
  3. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., ნეკერი, 1996, გვ. 71
  4. გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.
  5. 5.0 5.1 Drumlin | Encyclopedia Britannica
  6. Researcher unearths an ice age in the African desert
  7. Пармурзин Ю.П., Карпов Г.В. Словарь по физической географии. 1994. с. 367