დრასტამატ კანაიანი

დრასტამატ კანაიანი (სომხ. Դրաստամատ Կանայեան, ცნობილი ფსევდონიმით „გენერალი დრო“; დ. 31 მაისი, 1884 — გ. 8 მარტი, 1956) — სომეხი გენერალი, პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, დაშნაკცუთიუნის წევრი. ფაშისტური გერმანიის სომხური ლეგიონის სამხედრო ხელმძღვანელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციაში.[1]

დრასტამატ კანაიანი
Դրաստամատ Կանայեան
მეტსახელი დრო
ეროვნება სომეხი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1884
დაბადების ადგილი იგდირი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1956
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი, აშშ
კუთვნილება რუსეთის იმპერია
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
ჯარის სახეობა სომეხი ფიდაები და სომხეთის არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1914–1945
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
სომხეთ-ოსმალეთის ომი
სომხეთ-საქართველოს ომი
მეორე მსოფლიო ომი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
დრასტამატ კანაიანის საფლავი (აპარანი)

დაიბადა 1883 წლის 31 მაისს ერევნის გუბერნიის ქალაქ იგდირში (თანამედროვე თურქეთი). 1902 წელს დაასრულა სწავლა ერევნის რუსულ გიმნაზიაში და მოეწყო პიატიგორსკის სამხედრო სასწავლებელში. 1903 წელს გახდა დაშნაკცუთიუნის წევრი და ჩაერთო სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1905 წლის 11 მაისს ააფეთქა ბაქოს გუბერნატორი მიხეილ ნაკაშიძე და მასთან მყოფი გ. თაყაიშვილი, რომლებიც სომხებისა და აზერბაიჯანელების შერიგებას ცდილობდნენ მათ შორის ბაქოში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.[2][3]

პირველი მსოფლიო ომში, კავკასიის ფრონტის ბრძოლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის არმიის, სომეხ მოხალისეთა მე-2 შენაერთს. მონაწილეობა მიიღო ვანის ბრძოლაში (1915). 1917 წლის ბოლოს დაინიშნა სომხური კორპუსის კომისრად. მონაწილეობდა 1918 წლის სომხეთ-თურქეთის ომში. 1918 წლის დეკემბერში ხელმძღვანელობდა სომხეთის დაშნაკური მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს. 1920 წლის ნოემბერში დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. რუსეთის სფსრ-სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1920 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების შემდეგ, რომლის ძალითაც სომხეთი საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა, „დრომ“ 1921 წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებაში, რომლის ჩახშობის შემდეგაც ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა რუმინეთში, შემდეგ – ლიბანში.

მეორე მსოფლიო ომში ხელმძღვანელობდა ფაშისტური გერმანიის სომხურ ლეგიონს, რომელიც საბჭოთა არმიის სომეხი ტყვეებითა და ევროპელი სომხებით იყო დაკომპლექტებული.

ომის შემდეგ ცხოვრობდა ლიბანში. გარდაიცვალა ბოსტონში (აშშ). 2000 წლის 28 მაისს მისი ნეშტი გადმოასვენეს ქალაქ აპარანში.

სქოლიო რედაქტირება