ტერმინს „დოქი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დოქი.

დოქი — ყელვიწრო, ცალყურა, მრგვალმუცლიანი და სწორძირიანი თიხის ჭურჭელი. დანიშნულების მიხედვით განასხვავებდნენ საწყლე და საღვინე დოქებს. პირველისათვის დამახასიათებელია მრგვალი პირი, შედარებით დაბალი და ოდნავ ფართო ყელი. მეორესთვის კი - აჭრილი, ნისკარტიანი ტუჩი, მაღალი, ვიწრო ყელი და დაშვებული ყური. საღვინე დოქი გამოირჩევა დახვეწილი ფორმითა და მდიდარი დეკორით. გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კერამიკულ ცენტრში დამზადებული წერნაქით მოხატული და უქერნაქო, მოჭიქული და მოუჭიქავი, ზოგჯერ ზეთის საღებავებით მოხატული დოქები. შემკულია გეომეტრიული და მცენარეული, უფრო იშვიათად კი ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებებით. გვიანდელი ხანის ქართულ წერილობით ძეგლებში მოხსენებულია ლითონის, მეტწილად ვერცხლის დოქები, რომლებიც საზოგადოების მაღალფენებში იხმარებოდა. ფუნქციის, ტევადობის და ფორმის მიხევით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დოქს სხვადასხვა სახელი ეწოდება (თუნგიანი, ხელადა, თუნგიანი ხელადა, ხარა დოქი და სხვა). დოქი ქართულ წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVIII საუკუნიდან, ხოლო არქეოლოგიაში - ბრინჯაოს ხანიდან.

კლასიკური დოქი

ლიტერატურა რედაქტირება