დოდოს რქა, დოდორქა — მონასტერი ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ.

დოდოს რქა
დოდოს რქის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

დოდოს რქა — საქართველო
დოდოს რქა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°17′55″ ჩ. გ. 45°42′17″ ა. გ. / 41.29861° ჩ. გ. 45.70472° ა. გ. / 41.29861; 45.70472
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი

შედგება სხვადასხვა დროის (VI - XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს - XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) - ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე - მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIII-XVIII საუკუნეებში გარეშე მტრების (მონღოლების, თემურლენგის, თურქების, ირანელებისა და ლეკების) შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა, ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიალურად რუსთავის საეპისკოპოსოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ 1760 წლამდე — ნინოწმინდელ ეპისკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთდეს. გასული საუკუნის მიწურულს გაუკაცრიელდა.

წინამძღვრები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება