სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიკლო (მრავალმნიშვნელოვანი).

დიკლოს ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიკლოს სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი იყო პლატო ოსორაულის კუთვნილებაში.

სახლი სამსართულიანია. ნაგებია ფიქლით, რომლის წყობა როგორც წესი, მშრალია.

პირველ სართულზე (5,2 X 4,8 მ) საქონლის სადგომია, შესასვლელი კი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აქვს. ამავე კედელში განთავსებულია ერთი სარკმელიც. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებთან საქონლის ბაგებია მოწყობილი. პირველი სართულის ჭერში ამოჭრილია მეორე სართულზე ასასვლელი ხვრელი. იატაკზე ფიქალია მოგებული.

მეორე სართული რომლის ზომებია 5,1 X 4,6 მ. საცხოვრებელია. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ორი სარკმელია დაყოლებული. სარკმლებს შორის არსებული ხვრელიდან კი შეიძლება პირველი სართულის კარის გაღება. სამხრეთ-დასავლეთის კედელში ერთი ნიშია. ჩრდილო-აღმოსავლეთისაში კი — ორი. ჭერში დატანებულია მესამე სართულზე ასასვლელი ხვრელი. იატაკი დატკეპნილი მიწისაა.

მესამე სართულზე, რომელიც იგივე ზომებისაა, როგორც მეორე სართული, შესასვლელი ჩრდილოეთ-დასავლეთიდანაა. ამავე კედელში და აგრეთვე ორ სხვა კედელშიც ორ-ორი სარკმელია დაყოლებული. დასავლეთის კედელში კი - ერთი. დასავლეთის კედლის სარკმლის ქვემოთ სათოფურია. იატაკი ისევე როგორც მეორე სართულზე დატკეპნილი მიწისაა.

სართულებს შორის გადახურვა კოჭოვანია. სამხრეთ-დასავლეთი კედლის ფასადზე ამოკვეთილია სამი ჯვარი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლებში ჩაყოლებულია ორ-ორი თეთრი სამკუთხა ქვა. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.

დიკლოს ციხე-სახლს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება