დიდაჭარის ჯამე — მეჩეთი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ საციხურში. თავდაპირველად იგი იყო სოფელ დიდაჭარის მეჩეთი. მიეკუთვნება XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისს.

ისტორია რედაქტირება

რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში გენერალმა ოსტენ-საკენმა ჯამე გადაწვა, მეორე შენობა კი 1814 წელს ააგეს და ის აჭარისწყლის ხეობის ზედა ნაწილის სოფლებისათვის იყო განკუთვნილი. იგი მალევე დაშალეს და სამ სოფელს: პაქსაძეებს, ბაღლეთსა და დიდაჭარას გადაუნაწილეს.

1828 წელს დიდაჭარის ჯამე ლაზმა ოსტატებმა მდიდრულად შეამკეს. იგი დიდაჭარაში 2002 წლამდე იდგა. შემდგომში ახალი შენობა ააგეს, ხოლო ძველი ამავე ხეობის ზედა ნაწილში მდებარე სოფელ საციხურს გადასცეს.

ამჟამად შენობა მნიშვნელოვნად განახლებულია, თუმცა შენარჩუნებული აქვს ძველი იერსახე და ლაზური ხეზე კვეთის ერთ-ერთ გამორჩეულ და უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. დიდაჭარის ჯამე უნიკალურია თავისი ჩუქურთმებით. განსაკუთრებით საყურადღებოა წნულები ჯამის კარზე. აგებულია მასიური კაკლის ხისგან.

დიდაჭარის ჯამეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება