დელფინარიუმი — ზღვის წყლით სავსე დიდი აკვარიუმი (ოკეანარიუმი), რომელშიც ჰყავთ დელფინები მათი ბიოლოგიის შესასწავლად, გასაწრთვნელად და სადემონსტრაციოდ. პირველი დელფინარიუმი ააგეს 1938 წელს სენტ-ოგასტინში, აშშ-ში (დიამეტრი 23 მ, სიგრძე 3,7 მ). დელფინარიუმები 1970 წლის მონაცემებით 14 ქვეყანას ჰქონდა: აშშ-ს, (მათ შორის უდიდესი „მერილენდი“, ლოს-ანჯელესის მახლობლად, 3 ათ. მ3-მდე მოცულობისა), იაპონიაში 10, ინგლისში 3, სამხრეთ აფრიკაში, კანადაში, ავსტრალიაში — ორ-ორი, ჰავაის კუნძულებზე, ახალ ზელანდიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, მონაკოში — თითო. მსოფლიოს დელფინარიუმებში ბინადრობს ვეშაპისნაირთა 26 სახეობა, მათ შორის 20 სახეობის დელფინი, რომელთაგან დელფინარიუმის პირობებს ყველაზე უკეთ აფალინა ეგუება და მრავლდება კიდეც.

შოუ ბათუმის დელფინარიუმში
ცელნამგალა ვეშაპების წარმოდგენა ორლანდოს დელფინარიუმში

აღმოსავლეთ ევროპაში არის ორი დელფინარიუმი: ყირიმში, ყარადაღის ბიოსადგურთან, სადაც ჰყავთ შავი ზღვის სამივე სახეობის დელფინი და აქვთ სამეცნიერო-სადემონსტრაციო დელფინარიუმი, და ბათუმის დელფინარიუმი, რომელიც შეიქმნა 1974 წელს თევზის საზღვაო მეურნეობისა ოკეანოგრაფიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების ბაზაზე, მისი სიგრძეა 36 მ, სიგანე 14 მ, ხოლო სიღრმე 5 მ. აქვეა საწვრთნელი აუზები, რომელთა დიამეტრია 9 მ. ყველა აუზის მოცულობა 3 ათ. მ3 აღემატება. ბათუმის დელფინარიუმი მსოფლიოს უდიდესი დელფინარიუმების რიცხვში შედის. ზღვის სუფთა წყლით უწყვეტი მომარაგება უზრუნველყოფს აუზებში წყლის ხუთჯერად დღეღამურ ცვლას. ბათუმის დელფინარიუმში მთელი წლის განმავლობაში ჰყავთ აფალინა. დელფინარიუმის საერთო მოცულობა საშუალებას იძლევა მასში ერთდროულად იყოლიონ 15-მდე დელფინი. აქ ტარდება სისტემატური მეცნიერული დაკვირვებანი დელფინების მოსათვინიერებლად და გასაწვრთნელად, მათი ქცევების შესასწავლად; რისთვისაც შექმნილია ზღვის ცხოველთა ბიოლოგიური შემსწავლელი ლაბორატორია, რომლის თემატიკა ითვალისწინებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათის კვლევას.

ლიტერატურა რედაქტირება