დევლეთ III გირეი იგივე ქარა დევლეთ გირეი (ყირიმ. III Devlet Geray, Qara Devlet Geray, دولت كراى‎‎; დ. 1647 — გ. 1717, იამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1716–1717 წლებში, ნურედინ ადილ გირეის ვაჟი, სელამეთ I გირეის შვილიშვილი.

დევლეთ III გირეი
Qara Devlet Giray
ყირიმის 33-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1716
მმართ. დასასრული: 1717
წინამორბედი: ყაფლან I გირეი
მემკვიდრე: საადეთ IV გირეი
სულთანი: აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1647
გარდ. თარიღი: 1717
გარდ. ადგილი: იამბოლი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: მაქსუდ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ადილ გირეი
(სელამეთ I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

დევლეთ გირეის მამა, ადილი სახანოს ნურედინი იყო 1651–1659 წლებში. თვითონ დევლეთს ქარა (შავი) დევლეთ გირეი ყირიმელმა ხალხმა მისი ნათესავის დევლეთ II-ისგან გასარჩევად შეარქვა. ქარა დევლეთი თავისი ბიძაშვილის, საფა გირეის კალგა იყო 1691–1692 წლებში. 1716 წელს ქარა დევლეთ გირეი ოსმალებმა ყირიმის ხანად დანიშვნის შემდეგ გაგზავნეს ჰაბსბურგთა ავსტრიის წინააღმდეგ ლაშქრობაში, მონაწილეობა მიიღო პეტროვადინის ბრძოლაში.

დევლეთ III გირეის სახანოს დიდებულთა უდიდესი ნაწილი არ უჭერდა მხარს. ყირიმელები თვლიდნენ, რომ სელიმ I გირეის შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ სახანოს მმართველები. ისინი პატივს სცემდნენ სელიმ I-ის ხსოვნას. ამის გამო ყირიმელი ხალხი აღშფოთდა სულთნის გადაწყვეტილებაზე. 1717 წელს ყირიმში იფეთქა აჯანყებამ, მოსახლეობამ ტახტზე სელიმ გირეის ერთ-ერთი შვილის ასვლა მოითხოვა. მძიმე სამხედრო მდგომარეობისა და დიდი არეულობის გათვალისწინებით, სულთანმა აჰმედ III-მ საუკეთესოდ ჩათვალა ყირიმელთა აზრის მოსმენა. ქარა დევლეთ III-ს სახანოს მონახულების გარეშე ჩამოართვეს ტიტული და მის ნაცვლად ტახტზე სელიმ გირეის ვაჟი საადეთ IV აიყვანეს.

ქარა დევლეთ გირეის ოსმალებმა პენსია დაუნიშნეს და გადაასახლეს ბუჯაკის ურდოში, ხოლო შემდეგ იამბოლში, სადაც იმავე წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს ქალაქის მეჩეთში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)