დარღოს ლაშქრობა
კავკასიის ომის ნაწილი
ბრძოლა აულ დარღოსთვის
ბრძოლა აულ დარღოსთვის, მხატვარი ფრანც რუბო.
თარიღი 31 მაისი–21 ივლისი, 1845 (ძვ. სტილით)
მდებარეობა დარღო, ჩეჩნეთი
შედეგი რუსების უკანდახევა
მხარეები
რუსეთის იმპერია კავკასიის იმამატი
მეთაურები
მიხეილ ვორონცოვი შამილი
ძალები
9 562 უცნობია
დანაკარგები
974 მოკლული,
2422 დაჭრილი და დაშავებული
უცნობია

დარღოს ლაშქრობარუსეთის იმპერიის არმიის სამხედრო ექსპედიცია ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ 1845 წლის მაის-ივლისში, კავკასიის ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი საბრძოლო ეპიზოდი. ლაშქრობა მიზნად ისახავდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის ხალხთა წინააღმდეგობის ლიდერის, იმამ შამილის გამაგრებული აულის — დარღოს (ახლანდელი ვედენის რაიონი, ჩეჩნეთი) დაკავებას და მთიელების დამარცხებას საბოლოო გადამწყვეტ ბრძოლაში, რომლის წარმატებით დასრულების იმედიც ჰქონდა რუსულ სარდლობას. მიუხედავად დარღოს აღებისა, რუსეთის ჯარმა დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია. ლაშქრობის წარუმატებლობამ შამილის გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა.

შესავალი რედაქტირება

1840-იანი წლების შუა ხანებში კავკასიელ მთიელებთან მიმართებაში რუსეთის მთავრობაში ერთგვარი მოუთმელობა სუფევდა. კავკასიის ომად წოდებული კონფლიქტი რუსეთის სახელმწიფოსა და ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფალ მთიელ ხალხებს შორის უკვე სამი ათწლეულის მანძილზე გრძელდებოდა. რუსების მიერ 1839 წელს აულ ახულგოს აღების მიუხედავად, შამილი დარღოში გამაგრდა და წინააღმდეგობა განაგრძო. 1842 წლის ივნისში რუსეთის არმიამ პირველად სცადა დარღოს წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა რუსმა სარდლებმა ვერ გაითვალისწინეს რთული რელიეფი და მთიელებთან ბრძოლაში დიდი დანაკარგების გამო წინსვლა შეწყვიტეს. 1845 წლის გაზაფხულზე იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დარღოზე ახალი იერიში ბრძანა, რითაც მას კავკასიელთა წინააღმდეგობის ერთხელ და სამუდამოდ გატეხვა სურდა. რუსეთის არმიას სათავეში ჩაუყენეს გენერალი მიხეილ ვორონცოვი, რომელიც თავად სკეპტიკურად უყურებდა „სწრაფად და სრულად“ ჩეჩნეთის დაპყრობის აზრს.[1]

საექსპედიციო ძალები რედაქტირება

რუსეთის საექსპედიციო ძალები კავკასიის ცალკეული კორპუსის ე. წ. ჩეჩნური და დაღესტნური რაზმებისგან შედგა და სულ 18-21 ათას კაცს ითვლიდა. „ჩეჩნური რაზმი“ (12 ქვეითი ბატალიონი, 13 საცხენოსნო ასეული, მესანგრეთა 3 როტა, 28 ქვემეხი; სარდალი — გენერალი ლიდერსი) დაღესტანში მდებარე ციხესიმაგრე ვნეზაპნაიადან უნდა დაძრულიყო და ევგენიევის სიმაგრიდან მომავალ „დაღესტნის რაზმს“ (10 ქვეითი ბატალიონი, 3 საცხენოსნო ასეული, 18 ქვემეხი; სარდალი — გენერალი ვასილ ბებუთოვი) სოფელ ხუბართან უნდა შეერთებოდა. ექსპედიციაში მონაწილე ბევრ ქვედანაყოფს საერთოდ არ ჰქონდა მთებში ბრძოლის გამოცდილება. მთავარსარდალ ვორონცოვის პირადი შტაბი და ამალა თითქმის 800 სამხედრო და სამოქალაქო პირისგან შედგებოდა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სახელის მოხვეჭის მაძებარი პეტერბურგელი ახალგაზრდა არისტოკრატი ოფიცრები, მათ შორის, პრინცი ალექსანდრე ჰესენ-დარმშტადტელი (რუსეთის მომავალი დედოფლის მარია ალექსანდრეს ასულის ძმა), თავადი თეოდორ პასკევიჩი (გენერალ-ფელდმარშალ ივანე პასკევიჩის შვილი), თავადი ალექსანდრე გოლიცინი, თავადი ალექსანდრე გაგარინი (ქუთაისის მომავალი გუბერნატორი) და სხვები.[2]

ლაშქრობა რედაქტირება

 
იმამი შამილი

1845 წლის 31 მაისს რუსეთის ჯარები ციხესიმაგრე ვნეზაპნაიადან ჩეჩნეთის მიმართულებით დაიძრნენ. მთებში მიმავალმა რთულმა გზამ და მაღალმთიან ადგილებში თოვამ, ასევე ცუდად ორგანიზებულმა ლოგისტიკამ და ადგილობრივების განწყობის არასათანადოდ შეფასებამ რუსებს მალე მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, განსაკუთრებით მომარაგების კუთხით. მთიელები დიდ ბრძოლებში პირდაპირ ჩაბმას ერიდებოდნენ და „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკითა და მომარაგების ხაზებზე თავდასხმებით ცდილობდნენ მოწინააღმდეგის დაზიანებას. 14 ივნისს ჯარმა მიაღწია ჩეჩნეთის საზღვართან მდებარე სოფელ ანდის, რომელიც მთიელებს გადაეწვათ და მიეტოვებინათ. ვორონცოვმა საკვების მარაგის შევსების ამაო მოლოდინში დასახლება გაამაგრა. საბოლოოდ, 6 ივლისს რუსეთის ჯარები (დაახლოებით 11 ათასი კაცი, 14 ქვემეხი) ანდიდან 20 კმ-ით დაშორებულ აულ დარღოსკენ დაიძრნენ და ე. წ. იჩქერიის ტყეში ჩასაფრებული 600-მდე ჩეჩენის ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. იმავე დღის მიწურულს ვორონცოვი შამილის მიერ მიტოვებულ და გადამწვარ დარღოში შევიდა და „გამარჯვება“ დიდი ზეიმით აღნიშნა. რუსეთის სარდლობა მალე დარწმუნდა, რომ დარღოს აღებით ომი დასრულებული არ იყო. აულში მყოფი რუსები ირგვლივმდებარე მთებსა და მაღლობებზე გამაგრებული მთიელების ცეცხლქვეშ მოექცნენ. 7 ივლისს ვორონცოვმა მათ წინააღმდეგ ქვეითების 6 ბატალიონი, კაზაკთა 4 ასეული და ქართული ცხენოსანი მილიცია გაგზავნა. შეტაკების შედეგად რუსეთის არმიამ 300-მდე მოკლული და დაჭრილი დაკარგა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სიმაღლის დაუფლება მოახერხა.

რუსეთის ჯარმა დარღოში 13 ივლისამდე დაჰყო. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა მარაგების ამოწურვის და ჯარისკაცების გადაღლილობის გამო, აულის ირგლივ კი მთიელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა. 10 ივლისს დარღოდან ჯარის ნაწილი (6 ბატალიონი, 4 სამთო ქვემეხი) გენერალ კლიუკი-ფონ-კლუგენაუს მეთაურობით დაღესტნიდან მომავალი პროვიზიით დატვირთული კოლონის შესახვედრად გაემართა. 11 ივლისს, უკანა გზაზე, ეს ჯარი ტყეში ჩასაფრებული მთიელების ალყაში მოექცა და უწესრიგოდ გაიქცა დარღოსკენ. აულში ჯარისა და პროვიზიის მხოლოდ ნაწილმა მიაღწია.

ამ ე. წ. „შაქრის ექსპედიციის“ კატასტროფულმა შედეგებმა ვორონცოვი დარღოს დატოვების აუცილებლობაში დაარწმუნა. უკანდახევა ასევე რთული აღმოჩნდა. 16 ივლისს მნიშვნელოვნად შეთხელებული და დაუძლურებული ჯარი აულ შაუგალ-ბერდის მახლობლად ათასობით მთიელის სრულ ალყაში მოხვდა. რუსებს ამოწურული ჰქონდათ საკვების მარაგი და ტყვია-წამალი, მოწინააღმდეგე კი მათ მუდმივად ცხრილავდა თოფებითა და სამთო არტილერიით. ალყაშემორტმული ჯარი სრული განადგურებისგან იხსნა სოფელ გერზელ-აულიდან დროულად მოშველებულმა გენერალმა ფრეიტაგმა, რომელსაც მანამდე დარღოდან გაგზავნილმა შიკრიკებმა აცნობეს ვორონცოვის მდგომარეობა. 19 ივლისს ფრეიტაგმა 6 ათასი ჯარისკაცით ბლოკადა გაარღვია და ვორონცოვის ექსპედიციის ნაშთებს გერზელ-აულამდე გაუხსნა გზა.

შედეგები რედაქტირება

რუსეთის სარდლობამ ოფიციალურად ექსპედიციის მიზანი შესრულებულად გამოაცხადა და ლაშქრობის მონაწილეები დააჯილდოვა, თუმცა რუსეთის იმპერიამ კავკასიის ომის გამარჯვებით დასრულება დარღოს ექსპედიციით ვერ შეძლო და იძულებული გახდა სტრატეგიის გაუმჯობესებაზე ეზრუნა.[3] რუსეთის არმიის დანაკარგები კავკასიის მთებში მანამდე მომხდარ ყველა სხვა ბრძოლასთან შედარებით უპრეცედენტო იყო: მოკლულთა სახით — 3 გენერალი (ვიკტოროვი, პასეკი, ფოკი), 7 შტაბ-ოფიცერი, 28 ობერ-ოფიცერი (მ. შ. ერთი ქართველი — თბილისის ქვეითი დრუჟინის პრაპორშჩიკი გურგენიძე[4]) და 909 უმცროსი ჩინის სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილთა სახით — 22 შტაბ-ოფიცერი, 85 ობერ-ოფიცერი, 1 943 უმცროსი ჩინის სამხედრო მოსამსახურე, დაშავებულები — 2 შტაბ-ოფიცერი, 22 ობერ-ოფიცერი და 248 უმცროსი ჩინის სამხედრო პირი. უგზოუკვლოდ დაიკარგა 42 ჯარისკაცი. გენერალ ფრეიტაგის რაზმის დანაკარგები იყო 14 მოკლული და 70 დაჭრილი.[5] მთიელებს შორის მსხვერპლის რიცხოვნება უცნობია. შამილმა საალაფო საჭურველ-იარაღით მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ჯარი, მთიელთა შორის კი მისი ავტორიტეტი და გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სტატიევი (2019), გვ. 217.
  2. სტატიევი (2019), გვ. 217.
  3. სტატიევი (2019), გვ. 230-231.
  4. გიზეტი (1901), გვ. 74.
  5. გიზეტი (1901), გვ. 74-77.