სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარიოსი.

დარიოს I (ძვ.-სპ. დარაიავაჰუშ, ძვ. წ. 550ძვ. წ. 486) — სპარსი მეფე, რომელიც ირანს ძვ. წ. 522–486 წლებში მართავდა. არის აქემენიანების გვერდითი შტოს დამფუძნებელი, დარიოსი ტახტზე ავიდა თვითმარქვია გაუმატას მოკვლის შემდეგ. ძვ. წ. 522-521 წლებში აჯანყებები ჩააქრო ელამში, ბაბილონში, მიდიაში, მარგიანეში, ეგვიპტეში და სხვაგან. შუა აზიაში დაიმორჩილა საკების ტომი. ცნობილია ასევე მისი მარცხიანი ლაშქრობა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები სკვითების წინააღმდეგ. დარიოს I-მა გააფართოვა სახელმწიფოს საზღვრები დასავლეთით და აღმოსავლეთით. მის დროს დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომები, ორჯერ ილაშქრა საბერძნეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა.

დარიოს I
ძვ.-სპ. Dārayavahuš, ბაბ. Dariamuš, ელამ. Dariyamauiš, არამ. Dryhwš, ძვ. ბერძნ. Δαρεῖος, ლათ. Darius
აქემენიანთა სპარსეთის მე-4 მეფე
კორონაცია: ძვ. წ. 522
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 522
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 486
წინამორბედი: გაუმატა
მემკვიდრე: ქსერქსე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 550
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 486
გარდ. ადგილი: პერსეპოლისი
მეუღლე: ატოსა
არტისტონა
შვილები: ქსერქსე I; მატისტი
დინასტია: აქემენიდები
მამა: ჰისტასპი
დედა: როდოგუნი

დარიოს I განაგრძობდა აქემენიანთა დინასტიის დამაარსებლის კიროს II-ის პოლიტიკას — იღებდა ადგილობრივი მეფეების ტიტულებს და ანგარიშს უწევდა ადგილობრივ რელიგიურ კულტებს. სამეფო ხელისუფლების გავლენის საბოლოოდ გასამყარებლად დარიოსი დაქორწილდა კიროს II დიდის ქალიშვილზე ატოსზე. მეფე დარიოსი იმპერიის დაპყრობილ ხალხებს რელიგიასა და ტრადიციებს უნარჩუნებდა, თუ ისინი ხარკს გადაიხდიდნენ. ამის შედეგად მან უდიდესი სიმდიდრე მოიხვეჭა. თავისი იმპერია დარიოსმა ნაწილებად დაჰყო, რომელთაც ადგილობრივი მმართველები, ე. წ. სატრაპები მართავდნენ. მეფის კარისკაცები სატრაპიებს თვალყურს ადევნებდნენ, რათა ეს უკანასკნელნი მეფის ერთგულნი დარჩენილიყვნენ. ისტორიული კოლხეთის სამეფოს სამხრეთ რაიონებში — სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში — მცხოვრები ქართველური ტომები (სასპერები, მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები) შედიოდნენ XVIII და XIX სატრაპიებში. ხოლო ჩრდილოეთით მცხოვრები კოლხები სატრაპიებში არ შედიოდნენ, მაგრამ მათ გარკვეული ვალდებულება ჰქონდათ სპარსეთის მეფეების მიმართ — ყოველ მეხუთე წელს უწევდათ 100 ბიჭისა და 100 გოგოს გაგზავნა (ჰეროდოტეს მიხედვით).

ირანში (ძველი სპარსეთი) ბეჰისტუნთან ახლოს მეფე დარიოს I-მა, დიდი წარწერა გააკეთებინა კლდეზე, სადაც ის აღწერს, როგორ გააერთიანა სპარსეთის იმპერია და ამას თავის ღვთაება აჰურამაზდას მიაწერს. ეს წარწერა ღირებულია უმთავრესად იმის გამო, რომ შესრულებულია სამ ენაზე — აქადურ (ბაბილონურ), ელამურ და ძველ სპარსულ ენებზე, რამაც შესაძლებელი გახადა აქადური (ასურულ-ბაბილონური) ლურსმული დამწერლობის გაშიფვრა. ამის შემდეგ შეძლეს აქადურ ენაზე შესრულებული ათასობით თიხის ფირფიტისა და წარწერის წაკითხვა.

დარიოს I-ის რეფორმები რედაქტირება

დარიოს I-მა გაატარა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები. სახელმწიფო დაყო სატრაპიებად (სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქები), შემოიღო სრულიად ახალი, ერთიანი მყარი საგადასახადო (სატრაპიები გადასახადს იხდიდნენ ოქროთი და ვერცხლით, ვასალური სახელმწიფოები კი ნატურით) და სამონეტო სისტემა. ჭრიდა ოქროს მონეტას - დარიკს. ძველი სავაჭრო გზების მოწესრიგებასთან ერთად შექმნა ახალი კარგად მოვლილი საფოსტო გზები, აღადგინა ნილოს-სუეცის არხი. მის დროს არნახულად განვითარდა საერთაშორისო ვაჭრობა. დარიოს I-ის სახელთანაა დაკავშირებული ფართო სამშენებლო საქმიანობა (მემფისის ტაძრები, სუსის სასახლეები, პერსეპოლისის დაარსება და სხვ.). ზოგიერთი მეცნიერი ძველი სპარსული ლურსმული დამწერლობის შექმნასაც დარიოს I-ს მიაწერს. მისი მეფობის დროს აქემენიდთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია.

დარიოსმა იმპერიაში კარგი გზები გაიყვანა, რათა მაცნეების გადაადგილება გაეადვილებინა. სამეფო გზა, რომლის სიგრძეც 2700 კილომეტრს აღწევდა, დასავლეთში მდებარე ქალაქ სარდისიდან დედაქალაქ სუსამდე იყო გაჭიმული. დარიოს I-მა თავისი ქონების ნაწილით პერსეპოლისის ულამაზესი სასახლე ააგო. ახალი წლის დღესასწაულის დღეებში იმპერიის ყველა კუთხიდან ჩამოსულ მოხელეებს მეფისთვის ამ სასახლეში ძღვენი მოჰქონდათ. დარიოს I გარდაიცვალა ძვ. წ. 486 წელს 64 წლის ასაკში, ისე რომ ვერც მოასწრო თავისი ხელისუფლების აღდგენა ეგვიპტეში. მრავალფეროვანი რელიეფებით მორთული სამარხი მდებარეობს ნიკიე-რუსტამში პერსეპოლისთან ახლოს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება