დავით შარაშიძე (დ. 1886, ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 5 ნოემბერი, 1935, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, გიგო შარაშიძის შვილი, გიორგი შარაშიძის მამა, ქრისტინე შარაშიძის ძმა.

დავით შარაშიძე
დაბადების თარიღი 1886
დაბადების ადგილი ბახვი, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 1935
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
განათლება ჟენევის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა გიგო შარაშიძე
დედა ნინო ქიქოძე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ცნობილი პედაგოგების, გიგო შარაშიძის და ნინო ქიქოძის ოჯახში. სწავლობდა ბახვის სოფლის სკოლაში, სადაც მისი მშობლებიც ასწავლიდნენ. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, საიდანაც გადავიდა ოდესის რეალურ სასწავლებელში. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მუშაობდა ბოლშევიკების ფრაქციაში, პრესასთან თანამშრომლობდა „დ. შ-ძის“ ფსევდონიმით. 1905 წლის რევოლუციის დროს აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებში, რის გამოც დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს რუსეთის იმპერიიდან გასახლების პირობით. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, ცხოვრობდა ჟენევაში და იქვე დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ორჯერ, 1907 და 1912 წლებში დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. პოლიტიკური დევნის გამო კვლავ ემიგრაციაში წავიდა და სამშობლოში დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან ორგანოს „борьба-ს“. 1918 წლის გაზაფხულზე რიგით ჯარისკაცად იბრძოდა ჩოლოქის ბრძოლაში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მუშაობაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, იყო საფინანსო-საბიუჯეტო და ხელოვნების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აქტიურად იყო ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დაპატიმრებული იყო რამდენიმე თვით, გათავისუფლების შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში, წავიდა ემიგრაციაში.

ემიგრაციაში რედაქტირება

ცხოვრობდა სტამბოლში, მუშაობდა საქართველოში არსებულ იატაკქვეშა ორგანიზაციებსა და ემიგრაციაში მყოფ მთავრობას შორის არალეგალური არხებით ინფორმაციის მიმოცვლაზე, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] 1925 წლიდან გადასახლდა პარიზში, სადაც აგრძელებდა პოლიტიკურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. პარიზში იყო სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების „ბრძოლა“ და „ბრძოლის ხმა“ რედაქტორი, ასევე ინტერპარტიული „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი. მისი წერილები იბეჭდებოდა უცხოენოვან ჟურნალ-გაზეთებშიც. ფრანგულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა ანრი ბარბიუსის საპასუხო შრომა „საბჭოები და საქართველო“, რომელსაც თან ახლდა კარლ კაუცკის ვრცელი წინასიტყვაობა.

გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 478-479.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 414-415, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • შარაძე გ., „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“, ტ. 1, თბილისი, 2001

სქოლიო რედაქტირება