სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევზაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით თევზაძე (დ. 30 იანვარი, 1949, სოხუმი) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის თებერვლამდე.

დავით თევზაძე
დავით თევზაძე
თევზაძე 2002 წელს
პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა21 თებერვალი, 2022
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აპრილი, 1998 – 17 თებერვალი, 2004
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედივარდიკო ნადიბაიძე
მემკვიდრეგელა ბეჟუაშვილი

საქართველოს ელჩი ნატოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
თებერვალი, 2004 – ივნისი, 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

დაბადებული30 იანვარი, 1949 (1949-01-30) (75 წლის)
სოხუმი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები6
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი
წოდება
საქმიანობასამხედრო პირი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

დაიბადა სოხუმში, აფხაზეთის ასსრ. 1971 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს-უცხო ენების ინსტიტუტი. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც მას მეცნიერ-მკვლევარის თანამდებობა ეჭირა. ამავე პერიოდში ის ფილოსოფიასა და მათემატიკურ ლოგიკას ასწავლიდა თსუ-ში რამდენიმე წელიწადი. ის ასევე დაინტერესებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით და 1989 წელს საქართველოს კარატეს ფედერაციის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი გახდა.

ბიოგრაფია რედაქტირება

დავით დავითის ძე თევზაძე დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს, ქ. სოხუმში. სკოლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს, დავით თევზაძე ირიცხება თბილისის სახ. უნივერსიტეტში, ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1971 წელს საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ , 1975 წელს, დავით თევზაძე მუშაობას აგრძელებს ამავე ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. პარალელურად ის სწავლას აგრძელებს თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1983 წელს კიევში იცავს საკანდიდატო დისერტაციას. ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი დაინტერესება აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით. 1989 წელს მისი უშუალო მონაწილეობით იქმნება ქართულ და აღმოსავლურ ორთაბრძოლათა ასოციაცია და ის ხდება ამ ასოციაციის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

1983-92 წლებში საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში დავით თევზაძე კითხულობს ლექციების კურსს ლოგიკასა და ფილოსოფიის ისტორიაში, მონაწილეობს საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, აქვეყნებს ოცამდე შრომას და პროზაული მინიატურების კრებულს.

1991 წელს დავით თევზაძე მოხალისედ უერთდება საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ხოლო 1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მონაწილეობს საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში. მხედრული მამაცობისათვის, 1993 წელს, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დავით თევზაძე სამხედრო განათლების მისაღებად იგზავნება იტალიაში (1994წ.), გერმანიაში (1995 წ.) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (1996-97 წ.წ.). აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ის ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსად, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1998-2004 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეირაღებული ძალების მთავარსარდლი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატო-ში.

2004 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე გადის თადარიგში და უბრუნდება პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას. აგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობას: მონაწილეობს რამდენიმე საზოგადოების დაფუძნებაში, არის საქართველოს გენერალთა კლუბის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ვიცე რექტორი და საერთაშორისო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კვლევათა პროგრამების ლიდერი. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში იხსნება სტრატეგიულ შეფასებათა ინსტიტუტი და ფუძნდება ჟურნალი სტრატეგიული კვლევები. 2009-2013 წლბში, საქართველოს სტრატეგიულ გარემოს კვლევის პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის მიერ, ორგანიზაციას უკეთებს ოთხ საერთაშორისო კონფერენციას. მისი ავტორობით იქმნება სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა უსაფრთხოების კვლევებში, რომლის აკრედიტაციის შემდგომ(2009), უსაფრთხოების კვლევები ასახვას ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში პოულობს. 2011-12 წლებში, IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სტრატეგიულ შეფასებათა ინსტიტუტის ბაზაზე დავით თევზაძის მიერ იქმნება სტრატეგიულ შეფასებათა ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს სტრატეგიული გარემოს დინამიკის კვლევაზე.

2015 წლის აპრილში დავით თევზაძე აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველო მშვიდობისათვის“, ხლო იმავე წლის 11 ოქტომბერს, საზოგადოების ბაზაზე ფუძნდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისათვის“, რომლის პირველ თავმჯდომარედაცაა არჩეული. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი. 2022 წლის 21 თებერვალს თევზაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.[1]

დავით თევზაძე ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და ექვსი შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

წინამორბედი:
ვარდიკო ნადიბაიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
1998 – 2004
შემდეგი:
გელა ბეჟუაშვილი