გუსტავ IV ადოლფი (შვედ. Gustav IV Adolf; დ. 1 ნოემბერი, 1778, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 7 თებერვალი, 1837, სანქტ-გალენი, შვეიცარია) — ჰოლშტაინ-გოტორპთა დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1792-1809 წლებში. მეფე გუსტავ III-ისა და დედოფალ სოფია მაგდალენა დანიელის ვაჟი.

გუსტავ IV ადოლფი
შვედეთის მეფე
კორონაცია: 3 აპრილი, 1800
მმართ. დასაწყისი: 29 მარტი, 1792
მმართ. დასასრული: 29 მარტი, 1809
წინამორბედი: გუსტავ III
მემკვიდრე: კარლ XIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ნოემბერი, 1778
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 7 თებერვალი, 1837, (58 წლის)
გარდ. ადგილი: სანქტ-გალენი, შვეიცარია
მეუღლე: ფრედერიკა ბადენელი
(ქ. 1797 - გარდ. 1826)
შვილები: გუსტავი, ვაზას პრინცი
სოფია, ბადენის დიდი ჰერცოგინია
სესილია, ოლდენბურგის დიდი ჰერცოგინია
ამალია
დინასტია: ჰოლშტაინ-გოტორპი
მამა: გუსტავ III, შვედეთის მეფე
დედა: სოფია მაგდალენა დანიელი
რელიგია: ლუთერანიზმი

მისი მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა რუსეთ-შვედეთის ომი, რა დროსაც მან დაკარგა მთელი ფინეთი, რამაც ხალხისა და არისტოკრატიის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო, 1809 წელს იგი იძულებული გახდა ტახტიდან თავისი ბიძის, კარლ XIII-ის სასარგებლოდ გადამდგარიყო და ცოლ-შვილთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო.

ადრეული წლები რედაქტირება

 
პრინცი გუსტავ ადოლფი 1785 წელს

გუსტავ ადოლფი დაიბადა 1778 წლის 1 ნოემბერს სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში. იგი იყო მეფე გუსტავ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია მაგდალენა დანიელის ერთადერთი ვაჟი. დედამისი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ასული, რითაც გუსტავ ადოლფი დანია-ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-სა და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ს ბიძაშვილად ერგებოდა. აღსანიშნავია, რომ ხშირად მის ბიოლოგიურ მამად ფინელ დიდგვაროვანს, გრაფ ადოლფ ფრედრიკ მიუნიკ ფულკიელს მიიჩნევენ.

დაბადებიდან მალევე პატარა პრინცი ძიძებს — ჰედვიგ სოფია ფონ როზენს, ბრიტა ებბა ცელესტინა ფონ შტაუდენსა და მარია ავრორა უგილას მიაბარეს, რომლებიც მას ოთხ წლამდე ზრდიდნენ. ათი წლის ასაკში მამამისმა იგი აღსაზრდელად ლიბერალ ნილს ფონ როზენშტაინს მიაბარა.

მისი ბავშვობა არც ისე დიდხანს გაგრძელდა, რადგან, 1792 წლის 29 მარტს მამამისი, მეფე გუსტავ III შეთქმულებმა მოკლეს, რის გამოც ტახტი სულ ცამეტი წლის გუსტავ IV ადოლფმა დაიკავა. ცხადია, არასრუწლოვანების გამო მას რეგენტი სჭირდებოდა, თუმცა დიდებულებმა რეგენტად მისი დანიელი დედის დასმა არ ისურვეს, ამიტომაც ეს პრივილეგია ბიძამისს, სოდერმანლანდის ჰერცოგ კარლს მიენიჭა.

მეფობა რედაქტირება

საცოლის ძებნა რედაქტირება

 
დიდი მთავარი ალექსანდრა პავლოვნა

1796 წლის აგვისტოში ბიძამისმა გუსტავისათვის საცოლის ძებნა დაიწყო და რუსებთან საქორწინო მოლაპარაკებები წამოიწყო. ამ მიზნით იგი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც შეხვდა იმპერატრიცა ეკატერინე II-ს და გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მეფე დაექორწინებინათ ეკატერინეს ვაჟის, დიდ მთავარ პავლე პეტროვიჩისა და მარია ფეოდოროვნას უფროს ქალიშვილზე, დიდ მთავარ ალექსანდრა პავლოვნა რომანოვაზე. მოლაპარაკებების დროს, 1796 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა ეკატერინე II, ამიტომაც ტახტი მისმა ვაჟმა, პავლე I-მა დაიკავა, რომელმაც მოითხოვა, რომ ქორწინების შემდეგ შვედები მის ქალიშვილს ლუთერანობის მიღებას არ მოსთხოვდნენ, რაზეც შეთანხმდნენ.

მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა როცა გუსტავ ადოლფმა ალექსანდრა პავლოვნას პორტრეტი იხილა, ნიშნობა ჩაშალა. მან განაცხადა, რომ „ლამაზი დედოფალი“ სურდა, ამიტომაც ახალი საცოლის ძებნა დაიწყო, რომელიც მალევე იპოვა. პეტერბურგში მყოფმა გუსტავის ბიძამ გაიცნო დიდ მთავარ ალექსანდრე პავლოვიჩის მომხიბვლელი მეუღლის, ელისაბედ ალექსანდროვნას (ქალიშვილობაში ლუიზა ბადენელი) და, პრინცესა ფრედერიკა ბადენელი. მეფეს ფრედერიკას პორტრეტი მოეწონა, რის გამოც იგი შვედეთში ჩაიყვანა, სულ მალე მასზე დაინიშნა და 1797 წელს დაქორწინდა კიდეც.

პოლიტიკა რედაქტირება

ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე გუსტავმა ბიძამისს რეგენტობა ჩამოართვა. იმის გათვალისწინებით, რომ ჰერცოგი კარლი ხალხსა და არისტოკრატიაში დიდი სიმპათიით სარგებლობდა, მისმა განთავისუფლებამ საზოგადოება მეფის მიმართ უარყოფითად განაწყო. მის ქმედებებს ცუდი პოლიტიკური ქმედებების მოსდევდა. იმ ფაქტმა, რომ მან უარი თქვა ქორწინებაზე და მთელი ევროპის მონარქების თვალში დაამცირა ალექსანდრა პავლოვნა, რუსეთის იმპერატორის უფროსი ქალიშვილი და ცოლად შეირთო პატარა გერმანული სამთავროს პრინცესა, რომელსაც არანაირი სარგებელი არ ჰქონია შვედეთისთვის. ამის პარალელურად, ქორწინების შემდეგ არა მხოლოდ გუსტავმა, არამედ მთელმა შვედეთმა გადაიმტერა რუსეთის იმპერია.

რუსეთთან გადამტერების პარალელურად საფრანგეთში ხელისუფლების სათავეში ნაპოლეონ ბონაპარტი მოვიდა, რომელსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ჯერ პავლე I-თან, შემდეგ კი უკვე იმპერატორ ალექსანდრე I-თან (პავლე I 1801 წელს მოკლეს შეთქმულებმა), რის გამოც შვედებს მოკავშირედ საფრანგეთი მოევლინა. მიუხედავად ამისა, 1798-1799 წლებში მოუსავლიანობამ ძლიერად დაარტყა შვედურ ეკონომიკას, რასაც 1800 წელს მეფის კორონაცია მოჰყვა, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ყოველივე ეს საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

 
ფრიდრიკსჰამნის ხელშეკრულება

ფინეთის დაკარგვა რედაქტირება

გუსტავის რეფორმები შვედეთისათვის დამღუპავი აღმოჩნდა. 1805 წელს იგი ევროპის მესამე კოალიციაში შევიდა ნაპოლეონის წინააღმდეგ, რითაც მან მოკავშირე საფრანგეთიც დაკარგა. ფრანგებმა გერმანიაში რამდენჯერმე დაამარცხეს შვედები, რის გამოც შვედეთმა დაკარგა უკანასკნელი კოლონია გერმანიაში — შვედური პომერანია. 1807 წელს დაიდო ტილზიტის ზავი, რითაც რუსეთიც ფრანგების მხარეს გადავიდა. ამრიგად, მთელ ევროპაში მხოლოდ შვედეთი და პორტუგალიაღა დარჩა, რომლებიც ჯერ კიდევ ბრიტანეთის მხარეს, ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

1808 წელს, გეგმის მიხედვით ნაპოლეონი ესპანეთსა და პორტუგალიაში შევიდა, იმავე წლის 21 თებერვალს კი რუსეთის იმპერიამ შვედეთს ომი გამოუცხადა. ამის პარალელურად, შვედეთს ომი გამოუცხადა დანიამ და ნორვეგიამაც. რუსებს მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ შვედეთისათვის მთელი ფინეთი წაერთმიათ. 1809 წლის 17 სექტემბერს შვედებსა და რუსებს შორის გაფორმდა ფრიდრიკსჰამნის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შვედეთმა ფინეთი მთლიანად დაუთმო რუსეთს. ამრიგად, რუსებმა დააარსეს ავტონომიური ფინეთის დიდი საჰერცოგო, რომლის დიდი ჰერცოგიც ისევ რუსეთის იმპერატორი გახდა.

ჩამოგდება რედაქტირება

 
გუსტავ IV ადოლფის დაპატიმრება

ფინეთის დაკარგვა შვედებისათვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ამის გამო შვედმა ოფიცრებმა შეთქმულების მოწყობა და მონარქის შეცვლა მოისურვეს.

1809 წლის 7 მარტს გენერალ-კოლონელმა გეორგ ადლერსპარმა, რომელიც შეთქმულების მოთავე იყო, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. მეფემ თავის ჯარისკაცებთან ერთად სკონეში გაქცევით სცადა თავის შველა, მაგრამ მისი ჯარისკაცებიდან შვიდი შეთქმულებმა მოისყიდეს. 13 მარტს სამეფო სასახლეში შეთქმულები შეიჭრნენ და მეფე დააპატიმრეს. მალევე იგი ოჯახთან ერთად გამოკეტეს გრიფსჰოლმის ციხესიმაგრეში. იმავე დღეს ბიძამისი, ჰერცოგი კარლი დაარწმუნეს, რომ დროებითი მთავრობისათვის ეხელმძღვანელა

1809 წლის 29 მარტს გუსტავ IV ადოლფი, იმ პირობით, რომ ტახტს მის ვაჟს გადასცემდნენ, ტახტიდან თავისი ნებით გადადგა. შვედებმა მისთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და 10 მაისს გამოცხადდა, რომ მეფემაც და მისმა შთამომავლობამაც დაკარგა სამეფო მემკვიდრეობა. მიუხედავად ამისა, რევოლუციონერებს არ სურდათ რესპუბლიკის დამყარება, რადგან შიშობდნენ, რომ გუსტავი და მისი ვაჟი გადატრიალებას მოაწყობდნენ მონარქიის აღსადგენად, რის გამოც იმავე წლის 5 ივნისს შვედეთის მეფედ გუსტავის ბიძა, კარლ XIII გამოაცხადეს. იმავე წლის დეკემბერში გუსტავიცა და მისი ოჯახიც გააძევეს შვედეთიდან, რის შემდეგაც ისინი გერმანიაში, დედოფალ ფრედერიკას მშობლიურ ბადენში გადასახლდნენ.

დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება რედაქტირება

გაძევების შემდეგ გუსტავს მრავალი ტიტული მისცეს, მათ შორის გოტორპის ჰერცოგი, ჰოლშტაინ-ოტინის მთავარი და ა.შ. 1812 წელს ის და მისი ცოლი ერთმანეთს დაშორდნენ, 1826 წელს კი ფრედერიკა გარდაიცვალა, რის გამოც მას ბადენში დარჩენა აღარ შეეძლო. ამგვარ პირობებში გუსტავი იძულებული გახდა დაეტოვებინა გერმანია და შვეიცარიაში გადასახლებულიყო, სადაც ბინა სანქტ-გალენში დაიდო. დარჩენილი ცხოვრება მან სწორედ აქ გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც, 1837 წლის 7 თებერვალს, 58 წლის ასაკში.

ცოლი და შვილები რედაქტირება

 
გუსტავ IV ადოლფი და დედოფალი ფრედერიკა

1797 წლის 31 ოქტომბერს გუსტავმა ცოლად შეირთო პრინცესა ფრედერიკა ბადენელი (1781-1826), პრინც კარლ ლუდვიგ ბადენელისა და პრინცესა ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი. იგი იყო რუსეთის იმპერატრიცა ლუიზა ბადენელის (იმპერატორ ალექსანდრე I-ის ცოლი), ბავარიის დედოფალ კაროლინა ბადენელისა და ბადენის დიდ ჰერცოგ კარლ I-ის და. გუსტავს ფრედერიკასთან სულ ხუთი შვილი შეეძინა:

  1. გუსტავი (1799-1877), ვაზას ჰერცოგი. ცოლად შეირთო ლუიზა ამალია ბადენელი, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი, მათ შორის საქსონიის დედოფალი კაროლა შვედი;
  2. სოფია ვილჰელმინა (1801-1865), ცოლად გაჰყვა ბადენის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდ I-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;
  3. კარლ გუსტავი (1802-1805), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ამალია (1805-1853), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  5. სესილია (1807-1844), ცოლად გაჰყვა ოლდენბურგის დიდ ჰერცოგ ავგუსტ I-ს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. იგი აგრეთვე იყო საბერძნეთის დედოფალ ამალია ოლდენბურგელის დედინაცვალი;

1812 წლიდან გუსტავი და ფრედერიკა ერთმანეთს დაშორდა, თუმცა არ განქორწინებულან. ამის შემდეგ გუსტავ ადოლფს მრავალი საყვარელი ჰყავდა. ერთ-ერთმა მათგანმა, მარია შლეგელმა მას უკანონო ვაჟი, ადოლფ გუსტავსონი (1820-1907) გაუჩინა;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Jörgen Weibull: Reuterholm. 1994. In: K. Marklund u. a. (Hrsg.): Nationalencyklopedin. Bokförlaget Bra Böcker AB, 1989-96, ISBN 91-7024-620-3.
  • J. Weibull: Gustav IV Adolf. 1992. In: K. Marklund u. a. (Hrsg.): Nationalencyklopedin. Bokförlaget Bra Böcker AB, 1989–1996, ISBN 91-7024-620-3.
  • Spencer C. Tucker (Hrsg.): A Global Chronology of Conflict: From the Ancient World to the Modern Middle East. ABC-CLIO LLC, 2010, ISBN 978-1-85109-667-1.
  • J. Weibull: Karl III. 1993. In: K. Marklund u. a. (Hrsg.): Nationalencyklopedin. Bokförlaget Bra Böcker AB, 1989–1996, ISBN 91-7024-620-3.
  • Norbert Wolf: Caspar David Friedrich 1774–1840. Der Maler der Stille. 2007, S. 27–28.