გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიოსმალეთის ხელისუფალთა მიერ 1595 წელს ფისკალური მიზნით შედგენილი წიგნი. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ მნიშვნელოვანი წყაროა XVI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის არაერთი საკითხის შესასწავლად. შეიცავს ეკონომიკური ხასიათის მდიდარ მასალას სამხრეთ საქართველოს იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ოსმალებმა დაიპყრეს და „გურჯისტანის ვილაიეთი“ უწოდეს. დავთრის მიხედვით გურჯისტანის ვილაიეთი 8 ადმინისტრაციულ ერთეულად — ლივად (სანჯაყად) იყოფოდა. ესენი იყო: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრას, ფანაკისა და დიდი არტაანის ლივები[1]. თავის მხრივ ლივები ნაჰიებად (რაიონებად) იყო დანაწილებული, დასახლებული პუნქტების საერთო რიცხვი 1160-ს შეადგენდა. როგორც დავთრიდან ჩანს, მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა იყო.

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი – ორიგინალი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

თითოეული სოფლისათვის მოცემულია გადასახადის საერთო რაოდენობა. შემდეგ ჩამოთვლილია გადასახადთა სახეები თანხის აღნიშვნით. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობის ერთი და იმავე პროდუქტებითაა დაბეგრილი. სხვადასხვა მიზეზის გამო გურჯისტანის ვილაიეთის 53 სოფელი საერთო აღწერის გარეშე იყო დარჩენილი და არ ექვამდებარეობა ოსმალურ საგადასახადო სისტემას. დავთარში მრავლად გვხვდება ოსმალური მიწისმფლობელობისათვის დამახასიათებელი ტერმინები: ვაკუფი, თიმარი, ზიამეთი, რაც სამცხე-საათაბაგოში ოსმალური ინსტიტუტების შემოღებაზე მიუთითებს. აქ წარმოდგენილი ცნობები საგვარეულო სამემკვიდრეო საკუთრების შესახებ სანდო წყაროა ოსმალური გადასახადებისა და საგადასახადო სისტემის შესასწავლადაც. გადასახადების გარდა, მასში დასახელებულია გამოსაღებები საქონელზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, წისქვილზე, კომლზე, აგრეთვე საქორწინო გამოსაღები და სხვა. აღნიშნულია სხვადასხვა საბეგრო ვალდებულებანიც. დავთარი ყურადღებას იქცევს პალეოგრაფიული და ლინგვისტური თვალსაზრისითაც. გამოსცა, თარგმნა და კომენტარი დაურთო ს. ჯიქიამ (წგნ. 1-3, 1941-1958).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1958.
  • გამყრელიძე გ., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ როგორც დემოგრაფიული-სტატისტიკური ძეგლი, „თსუ შრომები“, 1948, ტ. 34;
  • სვანიძე, მ., სამცხე-საათაბაგოს ადმინისტრაციული დაყოფა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, იქვე, 1967, ტ. 121. აღმოსავლეთმცოდნეობის სერია;
  • შენგელია, ნ., ოსმალური გადასახადები და ვალდებულებანი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, იქვე, ტ. 91. აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, 2;
  • Тверитинова А. С. Аграрный строй Османской империи ХV-ХVII вв. М., 1963, с. 158-162;
  • Fekete L., Arbeiten der grusinischen Orientalistik auf den Gebieten der türkischen und persischen Paläografie und die Frage der Formel sözümöz, «Acta orientalia Academiae scientiarum Hungaricae». 1957, t. 7, fasc. 1;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება