გურული მოჯირითეები ამერიკაში

გურული მოჯირითეები ამერიკაშირუსეთის იმპერიიდან წასული ქართველების ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა 1892 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows). სულ 1892-1917 წლებში ამერიკაში წავიდა 150-მდე მხედარი.

საფოსტო მარკა, 2006 წ.

ისტორია რედაქტირება

1892 წელს საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ჩავიდა ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი, იმპრესარიო თომას ოლივერი. მას დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუსთვის ცხენოსნების ამორჩევა. ოლივერმა აშშ-ს კონსულთან მისი მდგმური და მდივანი ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო. ჯორბენაძის დახმარებით მან გურიაში შეკრიბა 10 კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით.

 
„ბათუმი: ამას წინათ წავიდა აქედამ გურიაში ჩიკაგოს გამოფენის გამგებელთა სანდო კაცი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, შეჰკრიბე რამდენიმე ცხენოსანი გურული ვაჟკაცი და ჩიკაგოს გამოჰგზავნეო. ამ კაცს უკვე შეუკრებია ეს დასი, რომელშიაც 10 კარგი ვაჟკაცია, მშვენივრად გამოწყობილი და შეთოფ-იარაღებული. ეს დასი 13 თებერვალს უკვე ჩამოვიდა ბათუმს და ამ მოკლე ხანში გაემგზავრება კიდევაც ამერიკას“
([1])
 
გურული მოჯირითეები, 1893 წ.თეთრ ჩოხაში ივანე მახარაძე

თავდაპირველად გემით გურულები მარსელში ჩავიდნენ, იქიდან პარიზში, შემდეგ ჰავრში. იქიდან კი ინგლისში. იმ დროს ლონდონის Earl's Court-ში მიმდინარეობდა საერთაშორისო მებაღეობის გამოფენა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთდ გაიმართა ბუფალო ბილის შოუს წარმოდგენები. სწორედ მას შეუერთდა ქართველთა ჯგუფი. ლონდონში გურულების, კაზაკების, როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ, გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმ ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა. 1892 წლის 25 ივნისს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ინგლისის სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი გადასცა მათ.

ამერიკაში გურულები პირველად აღნუსხულნი არიან ადამ ფორეპას და იმავე ბუფალო ბილის შოუში. გურულები ამერიკაში ჩავიდნენ 29 მარტს გემით „ჩესთერი“. ესენი იყვნენ: პრინცი ერისთავი, ალექსანდრე ცინცაძე, გიორგი მაქსიმენიშვილი, რაფიელ თვალაძე, გასტონ მათითაშვილი, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები (ისინი საიმიგრაციო დეკლარაციაში აღნიშნულნი არიან როგორც პრინცი და პრინცესა დიმიტრი) და კიდევ რამდენიმე პიროვნება. გრაფაში „პროფესია“ გურულების გვარების გასწვრივ წერია მითითებული იყო მხედარი, შემდგომ დეკლარაციებში კი იწერებოდა არტისტი. მეორე ჯგუფი მხედრებისა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ჩავიდა ნიუ-იორკში. 1893 წლის 10 აპრილს გემით „სპარსეთის მონარქი“ ამერიკაში ჩასულ გურულთა შემადგენლობა ასეთი იყო: პრინცი ივანე მახარაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, ქიშვარდ მახარაძე, ყარამან კალანდარიშვილი, ივანე (პატარა) მეტსახელად „ჩოხაგრძელა“ მახარაძე, ს. დგებუაძე, სილიბისტრო მახარაძე, გიორგი კალანდარიშვილი, იოსებ ტალახაძე და პავლე მახარაძე.

ამის შემდეგ ყოველ წელს, დაახლოებით ორი ჯგუფი მემგზავრებოდა ამერიკაში. ემიგრაციისას გურულების საშუალო ასაკი 25-ს არ აღემატებოდა. ემიგრაციის ძირითადი მოტივი ანაზღაურება იყო. ცხენოსნების ყოველთვიური ხელფასი 40-50 დოლარს აღემატებოდა (დაახლოებით 100 რუბლი), მაშინ როდესაც ქუთაისის გუბერნიაში ერთი ძროხა 3-4 რუბლი ღირდა. წასვლა იმდენად სარფიანი იყო, რომ ყოფილა შემთხვევები, გუნდის მეთაურებს თანასოფლელები ქრთამსაც სთავაზობდნენ წაყვანის სანაცვლოდ. მოჯირითეები 30-წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ ბაფალო ბილის ცირკსა და სხვა არენებზე. ყველა შოუს მფლობელი მიიჩნევდა აუცილებლობად, ჰყოლოდა კაზაკების ერთი ჯგუფი.

ქართველებს ამერიკაში „რუსი კაზაკების“ სახელით მოიხსენიებდნენ. რამდენიმე ადგილობრივი გამოცემა დაინტერესდა მათი წარმომავლობით და დაწერა, რომ ისინი არ არიან კაზაკები. ზოგი გაზეთი ვერსიით ისინი იყვნენ კავკასიელი ებრაელები, კავკასიელი ქართველები, კავკასიური ტომი ქუთაისიდან. მაგრამ ამ ცალკეულ შემთხვევებს ქართველების იდენტიფიკაციაზე გავლენა არ მოუხდენიათ და მათ მაინც კაზაკებად იხსენიებდნენ. ეს არ იყო შეცდომის ნაყოფი, არამედ კომერციული ტრიუკი. გურულებს კაზაკობის თამაში არ უჭიდათ, რადგან კარგად იცნობდნენ რუსებს და კონკრეტულად კაზაკებსაც, რომელთა 50-მდე კომლი გურიაშიც სახლობდა. საკუთრივ თომას ოლივერი პრესაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ჯგუფები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომლებიც უკვდავყო ბაირონმა თავის პოემაში „მაზეპა“, რომ ისინი პირადად რუსეთის იმპერატორის ნებართვით არიან ქვეყნიდან წამოსულები და რომ მათ უამრავი საბძოლო ჯილდო აქვთ მოპოვებული. თავად მხედრებიც ყვებოდნენ საკუთარი გამოგონილი გმირობების შესახებ. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ. ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. ხშირად მოჯირითეებს პრინცებად და პრინცესებად მოიხსენიებდნენ.

 
ქრისტინე ცინცაძე

საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მოჯირითეები ან შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. გურული მხედრები აკეთებდნენ იშვიათ ტრიუკებს ჯირითის დროს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზე. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები, ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს, გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულ ჩხაიძეს საბჭოთა ხელისუფლებისგან პატიმრობა ემუქრებოდა და იძულებული გახდა, ბეჭედი გაეყიდა. ქართველ ცხენოსნებს თეთრ სახლშიც ეპატიჟებოდნენ. ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი მიიღო პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლიმ, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები კი გროვერ კლივლენდმა.

პირველმა მსოფლიო ომმა წერტილი დაუსვა გურული მოჯირითეების მოღვაწეობას აშშ-ში. ომის გამო დაიკეტა საზღვრები და როგორც ამერიკაში წასვლა, ასევე ევროპაში მოგზაურობა შეუძლებელი შეიქნა. გურულები, რომლებიც დარჩნენ ამერიკაში, სამშობლოში მხოლოდ ომმის შემდეგ დაბრუნდნენ. ბევრმა მოჯირითემ ამერიკული ოჯახი შექმნა და სამუდამოდ იქ დარჩა. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ამერიკას მიაწყდა ნამდვილი კაზაკების დევნილი ჯგუფები. მათ ჩაანაცვლეს შოუებში გურულები, რომლებიც უკვე ასაკში იყვნენ შესულები და აღარ ჰქონდათ ძველებური ენერგია და სიჩაუქე.

მცირე ჯგუფი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. უკანასკნელი ჯგუფი საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. ამერიკაში ნამყოფი მოჯირითეები ამერიკელ ჯაშუშებად შერაცხეს და დააპატიმრეს, ბევრი მათგანი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა. რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ ივანე მახარაძე, პავლე მახარაძე, ივანე ბარამიძე. საბჭოთა ხელისუფლებამ კონფისკაცია გაუკეთეს ამერიკიდან მათ მიერ ჩამოტანილ ნივთებს. დაბრუნებულთაგან ბევრმა თვითმკვლელობით დაისრულა სიცოცხლე.

ცნობილი მხედრები რედაქტირება

ცნობილი მოჯირითეები იყვნენ: ივანე მახარაძე იგივე მათრახა (1866-1921 წწ), პავლე მახარაძე, ქიშვარდ მახარაძე, პატარა ივანე მახარაძე (ჩოხაგრძელა), გიორგი და ყარამან კალანდარიშვილები, ირაკლი ჭყონია, მელიტონ ცინცაძე, მოსე გიგინეიშვილი, ვასო ჭყონია, სიკო მსხალაძე, იოსებ ცეცხლაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, ანდრო იორაშვილი, ლევან შალიკავა, მალხაზ ანთაძე, ნიკოლა ანთაძე, ფრიდა მგალობლიშვილი, ქრისტინე ცინცაძე, მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები.

პოპულარულ კულტურაში რედაქტირება

გურული მხედრების ამერიკაში მოღვაწეობის შესახებ ნინო ნაკაშიძემ დაწერა პიესა „ვინ არის დამნაშავე?“, რომლის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი ვინ არის დამნაშავე? (1925, რეჟ, ალექსანდრე წუწუნავა)

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მახარაძე ი., „ველური დასავლეთის მხედრები“, თბ.: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2011, ISBN 978-9941-15-482-9.
  • Irakli Makharadze, „Georgian Trick Riders in American Wild West Shows, 1890s-1920s“ — McFarland Publishers, აშშ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.