გურამ თიკანაძე (დ. 12 სექტემბერი, 1932 ― გ. 27 აგვისტო, 1963) ― ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი. ტრაგიკულად დაიღუპა 30 წლის ასაკში შხარადან დაშვების დროს.

გურამ თიკანაძე
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1932
კვირიკეთი
გარდაცვალების თარიღი 27 აგვისტო, 1963
შხარა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია ფოტოგრაფი, მთამსვლელი
შვილ(ებ)ი ია თიკანაძე

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში. პროფესიით გეოლოგი იყო, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი. 1956–1959 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით, 1956 წელს კრივში პირველი თანრიგი მიენიჭა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ფოტოწრეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 1975 წლიდან აღნიშნული ფოტოწრე გურამ თიკანაძის სახელს ატარებს. პირველი წარმატება მოუტანა ნამუშევარმა „წყლის სიმღერამ“ 1958 წელს. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „დროშას” ფოტოკორესპონდენტად. ამავე წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით ფოტოსთვის "ოლე", რაც პირველი საერთაშორისო ჯილდოა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. იმავე წელს მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოდენას საერთაშორისო ფოტოკონკურსზე ნამუშევრისთვის "თბილისის ზღვა". იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში, მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მესხი“, „თეთნულდი — სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „თენსინგ ნორგეი“, „წვიმის პარადოქსი“, „ძველი თბილისი" და სხვა. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. მისი შემოქმედება საბჭოთა დროის ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში.[1]

სტუდენტობისას გაიტაცა ალპინიზმმა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“ 1952 წელს. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე 1957 წელს. 1958 წელს განახორციელა სარეკორდო 14 მწვერვალის ტრავერსი ფასის მთიდან თეთნულდამდე და გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერხლის პრიზიორი. 1961 წელს ხელმძღვანელობდა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსს.

1963 წლის აგვისტოს სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე. 27 აგვისტოს დაიღუპა მთიდან დაშვებისას. მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და დაიწყო დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. მისი ცხედარი მთასვლელთა ჯგუფმა ბექნუ ხერგიანის და ჭიჭიკო ჩართოლანის მეთურობით 1 სექტემბერს ჩამოასვენა მთიდან. 1980 წელს სვანეთში, სოფელ ლატალში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსი და მუზეუმი.

ციტატა რედაქტირება

 
„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისათვის ზოგიერთი განცდა მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული...მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან“
 
„გეოლოგიაში დავრჩე, ფოტორეპორტიორობას მოვკიდო ხელი თუ ოპერატორობას. გაოცებას ვარ...ჯერხნობით ყველაფერს დინებას ვაძლევ. მე მგონი, დინება ფოტორეპორტაჟთან მიმიყვანს“
 
„ჯუმბერი! კუხო! და ილიკო! საშინელებაა!...ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია“

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

თიკანაძის დაღუპვას ლექსი მიუძღვნა მურმან ლებანიძემ, მის პატივსაცემად თიკანაძის სახელი ეწოდა ერთ-ერთ მწვერვალს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მეგობრობდა ასევე ტრაგიკულად, ნაადრევ ასაკში, დაღუპულ ცნობილ ქართველ მწერალთან, გურამ რჩეულიშვილთან. გურამ თიკანაძლის სახელი მინიჭებული აქვს ლატალის სპორტულ ცენტრს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გურამ თიკანაძე — თბილისი, 1976

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება