გრიფი, გრიფონი (ბერძ. γρύφων, grýphōn, ან γρύπων, grýpōn, γρύψ, grýps; ლათ. gryphus) —ზღაპრული მტაცებელი ფრინველები, ლომისტანიანი და არწივისთავიანი მფრინავი ურჩხულები, აღმოსავლური წარმოშობისანი, ცხოვრობდნენ რიფეის მთაგრეხილებში, შორეულ ჩრდილოეთში, ჰიპერბორეელებსა და ცალთვალა არიმასპებს შორის, და ოქროს საგანძურს ფლობდნენ (შემდეგ ინდოეთში, ეთიოპიაში და სხვ.). ამ ოქროსათვის გაუთავებელი ომი ჰქონდათ არიმასპებთან, რომლებიც ცხენებზე ისხდნენ და გრიფების ბუდეებში ლაშქრობდნენ. ეს ძველი მითური არსებები უკვე გვხვდება ჰესიოდეს და არისტეასის ლექსებში. ახსენებს ჰეროდოტეც. ხელოვნებაში უფრო გროტესკულ სამკაულთა შორის გვხვდებიან, ზოგჯერ ღმერთების ეტლში შებმულნიც. აპოლონის, არტემიდეს, ნემესიდას ატრიბუტია (ჭანგით ბორბალზე). ბრინჯაოს მდგომარე გვირგვინოსანი გრიფი — მეფური ძლიერების სიმბოლო — ურარტუს კულტურის შესანიშნავი ძეგლია (VIII – VII ს-ები ძვ. წ., ბერლინის მუზ.).

გრიფონის ფრესკა, კნოსოსის სასახლე, კრეტა, ბრინჯაოს ხანა
გრიფონის ქანდაკი, ვენეცია .

გრიფონი — გრიფის გამოსახულება ხუროთმოძღვრებაში: ლომის- ან არწივისთავიანი და ლომისტანიანიფრთოსანი სამკაული რელიეფზე, აკროტერიებზე, ფრიზებზე, ფრონტონის კუთხეში. უძველესი ნიმუშები გვხვდება ასირიაში (ნიმვროდის სასახლე). პირველად ახსენებს არისტეასი (ძვ. წ. 560). იხმარება ჰერალდიკაშიც. ქრისტიანულ ხელოვნებაში აღდგომის სიმბოლოა. ამ აზრით ხშირად გამოუყენებიათ ქართულ ხუროთმოღვრებაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება