გრიგოლ გიორგაძე

ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი (1879-1937)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე (დ. 20 ნოემბერი, 1879, ქუთაისი — გ. 18 აგვისტო, 1937, ყაზახეთი) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი.

გრიგოლ გიორგაძე
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1879(1879-11-30)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 18 აგვისტო, 1937(1937-08-18) (57 წლის)
გარდ. ადგილი ალმათი
საქმიანობა ისტორიკოსი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერისტეტი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერისტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1902 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერი სემინარია, 1909 წელს – ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905 წელს შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1909-10 წლებში ქუთაისში გამოსცემდა გაზეთ „ფონს“. 1917-1918 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918-1919 წლებში – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი (ამ პოსტზე 1919 წლის მარტში ნოე რამიშვილმა შეცვალა), 1919-1921 წლებში დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წლის აგვისტოდან საქართველოს მთავრობის რწმუნებული ბათუმის ოლქში. შექმნა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „ახალი სხივი“ და დამფუძნებელ კრებაში ხელმძღვანელობდა სხიველების ფრაქციას. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა დროებით დააპატიმრა. 1924-1925 წლებში დაპატიმრებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ მას შეუფარდა 3-წლიანი პატიმრობა, თუმცა, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაშიში პირი, სასჯელისგან გაათავისუფლა. 1922-1937 წლებში ეწეოდა საადვოკატ მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ურთიერთობების, ახალი და უახლესი ისტორიის, ქართული სამართლის ისტორიის საკითხებს. 1937 რეპრესიების დროს დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. შემდგომში რეაბილიტირებული იქნა ყაზახეთის და საქართველოს უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტლებით.

თხზულებები რედაქტირება

  • საბუთები რევოლუციონურ მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში, 1870-1902. ხალხოსნების ხანა.-დასელების-მარქსისტების მუშაობის დასაწყისი და განვითარება 1902 წლამდე (ავტორი) // წ. 1. - ტბილისი, სახელგამი, 1929. - 334გვ.
  • საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონ-ყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე 1864-1905 (ავტორი). - ტბილისი, სახელგამი, 1928. - 589გვ.
  • ფეოდალური ურთიერთობა საქართველოში (ავტორი). - ტბილისი, სახელმწიფო გამომცემლობა, 1926. - 217გვ.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება