გრამის წესით შეღებვა

გრამის წესით შეღებვა, გრამის მიხედვით შეღებვა ან გრამის მეთოდი — ბაქტერიების დიფერენცირებული შეღებვის მეთოდი, რომელიც ბაქტერიების სისტემატიკისა და დაავადებათა მიკრობიოლოგიური დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება. სახელი ეწოდა დანიელი ექიმის ჰანს კრისტიან გრამის მიხედვით.[1] შეღებვის შემდეგ მიღებული ფერის მიხედვით ბაქტერიები იყოფა 2 ჯგუფად — მიკრობები რომლებიც იღებებიან გრამის წესით აღინიშნება როგორც გრამდადებითები, ხოლო რომლებიც არ იღებებიან — გრამუარყოფითები. მიკრობების დახასიათებისას აუცილებლად აღნიშნავენ გრამის წესით საღებავისადმი მათ დამოკიდებულებას.[2]

გრამის წესით შეღებვის შემდეგ მიკროსკოპში დანახული Staphylococcus aureus (იისფერში, გრამდადებითი კოკი) და Escherichia coli (წითელში, გრამუარყოფითი ბაცილა).

გრამის მიხედვით შეღებვის არსი მდგომარეობს იმაში რომ გრამდადებითი მიკრობები ქმნიან მყარ ნაერთს იისფერ საღებავთან და იოდთან. სპირტის მოქმედებისას ეს ნაერთი ბაქტერიის ან სოკოს სხეულიდან არ გამოაქვს. სხვა გრამუარყოფითი მიკრობები ქმნიან არამტკიცე ნაერთებს, რომლებიც სპირტის მოქმედებას გამოაქვს, რის შედეგადაც მიკრობები უფერულდებიან. გრამის წესით შეღებვისას გრამდადებითი მიკრობები იღებებიან მუქ იისფრად, გრამუარყოფითი მიკრობები კი წითლად. გრამდადებითად იღებებიან სტაფილოკოკები, პნევმოკოკები, ზოგიერთი ჩხირი: დიფტერიის, ყველა სპოროვანი ბაქტერია, საფუარები, სხივისებური სოკოები. გრამუარყოფითი მიკრობებია: გონოკოკები, მენინგოკოკები, ჩხირის უმრავლესობა, ვიბრიონები, სპიროქეტები, სპირილები, რიკეტსიები.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Gram staining — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 კალანდარიშვილი მარინე, მიკრობიოლოგია, თბ.: გრიგოლ რობაქიძის სეხელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011. — გვ. 7–8, ISBN 978-9941-9174-3-1.