გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზები

გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზებიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობისხევში.

მტკვრის ხეობის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი, ტყით დაფარული მთის შუაწელზე გრანდიოზული ნამოსახლარის ნანგრევებია დაცული. ნამოსახლარი ტერასულად მიუყვება მთის მორკალურ რელიეფს და სოლისებრად სრულდება მთის წვერზე. კომპლექსი მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს შეიცავს: წინარექრისტიანულსა და ქრისტიანულს. მის ცენტრალურ მონაკვეთში, წინარექრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი, შესანიშნავად შემორჩენილი, ქვის კონუსურ-გუმბათიანი დარბაზების ჯგუფია, რომლის გარშემო, უკვე ქრისტიანულ პერიოდში, შუა საუკუნეების ნამოსახლარი განვითარდა. კომპლექსის განსაკუთრებული მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება სწორედ ამ არქაულ ნაგებობათა ჯგუფით, რომლის ცენტრალური ნაგებობა წარმოადგენს მშრალი „ციკლოპური“ წყობით ნაგებ მრგვალ სადგომს, დაგვირგვინებულს კონუსური გუმბათით და ღიობით გუმბათის ცენტრში. მეგალითური კულტურის ეს ნიმუში გამოირჩევა თავისი მასშტაბით, განსაკუთრებული მხატვრული გადაწყვეტით, რაც სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის ქვებისგან შედგენილი კედლის ცხოველხატულ, დინამიურ ნახატში ვლინდება. მისი კედელი, რომელიც ძირიდანვე იწყებს შევიწროვებას ზესწრაფულ, მოძრავ სვლას ქმნის ცენტრისკენ და ცრუ-გუმბათით სრულდება. აღსანიშნავია მშენებლობის ტექნიკაც. ინტერიერში, ბაზალტის ჯიშის ფორებიანი ქვის მოსწორებული ზედაპირის შიდა პირი შეთხელებულია, რაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვების ერთმანეთში მჭიდროდ მორგების საშუალებას იძლევა. ჭობისხევის დარბაზები, თავისი მხატვრული-ისტორილი ღირებულებით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.

გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12170

სქოლიო რედაქტირება