გობუსტანი — არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი კავკასიონის ქედის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოების რაიონში, მდ. ჯეირანქეჩმეზის აუზში, დაახლოებით 60 კმ-ზე ბაქოს სამხრეთ-დასავლეთით 1939-1940 წლებში გობუსტანის მიდამოებში აღმოჩნდა პეტროგლიფები. 1947 წლიდან დაიწყო მათი სისტემატური შესწავლა. კლდეებზე და დიდ ლოდებზე 700-ზე მეტ ადგილას ამოკვეთილია 4000-ზე მეტი კონკრეტული და სილუეტური გამოსახულება (სარიტუალო და საყოფაცხოვრებო სცენები, ნავი და მენავეები, ხარი, თხა, ჯეირანი, ნიამორი, ლომი და სხვა). გამოსახულებათა უძველესი ნიმუშები მეზოლითის და ნეოლითის ხანისაა, უმრავლესობა კი შესრულებულია ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელი შუა საუკუნეებამდე. აღმოჩენილია აგრეთვე ფერწერული გამოსახულებები. გობუსტანში ამოკვეთილია სხვადასხვა დროის წარწერებიც (უმეტესად არაბული). 1948 წელს აღმოჩნდა იმპერატორ დომიციანეს (81-96) დროინდელი ლათინური წარწერა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აქ ბანაკად იდგა რომაელთა XII ლეგიონის ერთ-ერთი რაზმი.

არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა გვიანდელი მეზოლითური და ნეოლითური ფენები. აღმოჩნდა მცირე ზომის პრიზმული ნუკლეუსები, მიკროლამელები, საფხეკები, მიკროსახვრეტები, მრავალრიცხოვანი ტრაპეციები და სხვა. გათხრილია ბრინჯაოს ხანის რამდენიმე გორასამარხიც. გობუსტანის ტერიტორია სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Джафарзаде И. М., Наскальные изображения Кобыстана (Азербайджанская ССР), კრ.: Археологические исследования в Азербайджане, Баку, 1965;
  • Мурадов Ф. М., Гобустан в эпоху бронзы, Баку, 1974;
  • კიღურაძე თ., ქსე, ტ. 3, გვ. 196, თბ., 1978