გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი

გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი (ესპ. Jorge de Bagration y de Mukhrani; დ. 22 თებერვალი, 1944, რომი — გ. 16 იანვარი, 2008, თბილისი) — ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი და საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეობითი თავი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე; წარსულში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ავტომრბოლელი.[1]

მარცხნივ - ირაკლი ბაგრატიონი, შუაში -ხორხე, მარჯვნივ გიორგი ბაგრატიონი
ხორხე ბაგრატიონი მამასთან და პაპასთან ერთად

ბიოგრაფია რედაქტირება

გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა რომში, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში. დედამისი, გრაფინია მარი ანტუანეტ პასკუინი (Maria Antonietta Pasquini) მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ხორხემ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან საქართველოს სამეფო სახლის თავკაცობა 1977 წელს. 1959 წლიდან ჩაბმული იყო ავტომოტო სპორტში. ორჯერ წარუმატებლად სცადა ფორმულა ერთში მოხვედრა (1968, 1974), მაგრამ მოიგო 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის ჩემპიონატები (ასპარეზობდა Lancia Stratos HF-ით). 1982 წლებში მან საბოლოოდ მიატოვა სპორტი.

ხორხე ბაგრატიონი თავის ისტორიულ სამშობლოს პირველად 1995 წელს ეწვია მამამისის ნეშტის ქართული მიწისთვის მისაბარებლად. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს, სადაც მისი ვაჟი, დავითი, გადმოსახლდა. უკანასკნელი ვიზიტის დროს, 2008 წლის 16 იანვარს, ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. იგი დაკრძალს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 2008 წლის 20 იანვარს.

ოჯახი რედაქტირება

ხორხე ბაგრატიონმა ორჯერ იქორწინა; პირველად, დონა მარია დე ლას მერსედეს დე ზორნოზა ი პომსე დე ლეონზე (Doña María de las Mercedes de Zornoza y Ponce de Leon; დ. 1942), მეორედ კი - დონა ნურია ლოპეს ი ოლიარტზე (Doña Nuria Llopis i Oliart; დ. 1953). მას დარჩა ოთხი შვილი:

  • ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (ი ზორნოზა) (დ. 1972)
  • დავით ბაგრატიონ-მუხრანელი (ი ზორნოზა) (დ. 1976)
  • გურამ (უგო) ბაგრატიონ-მუხრანელი (ი ლოპესი) (დ. 1985)
  • მარი ანტუანეტ ბაგრატიონი (ი ზორნოზა) (დ. 1969)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. LaVanguardia.es. (16 იანვარი 2008) Fallece Jorge Bagration, piloto español de rallys y heredero del trono de Georgia ესპანური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი 2024.