გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი (რუს. Георгий Александрович Грузинский; დ. 2 ნოემბერი, 1762, მოსკოვი, — გ. 15 მაისი, 1852, სოფ. ლისკოვო) — რუსეთის იმპერიის მემამულე, მეცენატი, რუსეთში ემიგრირებული მეფე ბაქარის შვილიშვილი და ალექსანდრე ბაქარის ძის შვილი.

თავადი გიორგი გრუზინსკი

განათლება მიიღო ოჯახში. შეისწავლა უცხო ენები. 1768 წელს იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებით ჩარიცხეს პეტერბურგის ქვეითთა პოლკში, 1776 წლიდან ელიზავეტგრადის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში იყო, მიიღო კაპიტნის (1778) და მაიორის (1786) წოდებები. მის სამხედრო კარიერას ხელი შეუშალა მამის, ალექსანდრე ბაქარის ძის ქართლის ტახტისთვის ბრძოლამ და ამ ნიადაგზე ეკატერინე II-თან წარმოქმნილმა უთანხმოებამ. 1786 წელს მაიორის წოდებით გადადგა და დასახლდა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის სოფელ ლისკოვოში. 1792 წელს აირჩიეს ჯერ მაკარიევოს მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად, 1795 წელს კი — ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. 1798 წელს პავლე I-მა ხისტი ხასიათის გამო გადააყენა. საქართველოს რუსეთთან შეერთების წინა წლებში გრუზინსკი შეხვდა იმპერატორ ალექსანდრე I-ს და მის მამულში დაცული რელიკვია — წმ. ნინოს ჯვარი — გადასცა. 1807–1828 ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. საფრანგეთ-რუსეთის ომის (1812) დროს სათავეში ჩაუდგა ნიჟნი-ნოვგოროდის სახალხო ლაშქარს.

გრუზინსკი თავისი დროის ერთ-ერთი მდიდარი მემამულე იყო რუსეთში. თავისი შემოსავლის ნაწილი მან ნიჟნი-ნოვგოროდის ცენტრში სასახლეების გაფართოებას მოახმარა. მან დააარსა ინვალიდთა თავშესაფარი, აღსაზრდელთა სახლი; ლისკოვოში გახსნა აფთიაქი, 1800 წელს კი ააშენა სამრეკლო, დიდი ქვის ტაძარი, თვითონვე იკისრა საეკლესიო მსახურების ყველა ხარჯი. 1848 წელს ქალაქის სასწავლებელს თავისი სასახლე აჩუქა. თვითონვე ინახავდა მოსწავლეებსაც. მფარველობდა და ეხმარებოდა დეკაბრისტებს. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა ქართულ, რუსულ და ევროპულ ენებზე. დაკრძალულია თავისსავე აშენებულ ტაძარში.

ლიტერატურა რედაქტირება