გიორგი-პროხორე, პროხორე ქართველი (დ. დაახლოებით 991, შავშეთი — გ. 1066, პალესტინა) — საეკლესიო მოღვაწე, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის მაშენებელი.

პროხორე ქართველის ფრესკა

ღვთისმსახურება ადრე დაიწყო. დიაკვნად აკურთხეს წყაროსთავის მონასტერში. იქ მიიპყრო ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ეფვთიმე გრძელის ყურადღება, დაემოწაფა მას და გაჰყვა პალესტინაში, სადაც საბა პალესტინელის ლავრაში მღვდლად აკურთხეს. იერუსალიმში ცხოვრებამ მას საშუალება მისცა გასცნობოდა ქალაქში უკვე ძველთაგან არსებულ ქართველთა დასახლებების ცხოვრებას და განეზრახა მოეწყო ცენტრი, რომელიც გარს შემოიკრებდა ქალაქსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებს. საამისოდ შეარჩია გზაჯვარედინი „მახლობლად იერუსალიმისა დასავლეთ კერძო“ და სამეფო კარის დახმარებით დააარსა ჯვრის მონასტერი, ქართველთა რელიგიურ-კულტურული ცენტრი, შემოზღუდული მაღალი, მტკიცე გალავნით, სკრიპტორიუმით.

ამ დიდებული სავანის წინამძღვარი (ჯვარის მამა) გახდა მისი დამფუძნებელ-აღმაშენებელი გიორგი-პროხორე. რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ წავიდა არნბონის უდაბნოში (პალესტინა), სადაც გარდაიცვალა.

პროხორე ქართველს ურთიერთობა ჰქონდა გიორგი მთაწმიდელთან, ათონისა და შავი მთის ქართულ მონასტრებთან, რომლებიც ჯვრის მონასტერს ამარაგებდნენ ქართული ხელნაწერი წიგნებით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 32.
  • მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიიდან (ქართული პერიოდი), გორი, 2002;
  • მენაბდელ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1984;
  • მენაბდელ., გიორგი-პროხორე თუ გიორგი და პროხორე, «საისტორიო-ეთნოლოგიური კრებული», 2008.