გიიომ-მარი-ან ბრიუნი

ვიკიპედია:კატეგორიზაცია

გიიომ-მარი-ან ბრიუნი (ფრანგ. Guillaume-Marie-Anne Brune; დ. 13 მარტი, 1763, ბრივ ლა გაიარი, საფრანგეთი — გ. 2 აგვისტო, 1815, ავინიონი, საფრანგეთი) — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი.

გიიომ-მარი-ან ბრიუნი
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1763[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Brive-la-Gaillarde
გარდაცვალების თარიღი 2 აგვისტო, 1815[4] [1] [2] [5] [3] [6] [7]
გარდაცვალების ადგილი ავინიონი[8]
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
წოდება საფრანგეთის მარშალი
ბრძოლები/ომები ნაპოლეონის ომები
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, საფრანგეთის მარშალი, წმინდა ლუდოვიკოს ორდენის კავალერი და names inscribed under the Arc de Triomphe

ბიოგრაფია რედაქტირება

საფრანგეთის რევოლუციამდე ბრიუნი პარიზში წიგნების მბეჭდავად მუშაობდა. იგი დასაწყისისთანავე რევოლუციიონერთა რიგებში ჩადგა, კორდელიერთა კლუბის წევრი და ჟორჟ ჟაკ დანტონის მეგობარი გახდა. 1792 წელს, მას შემდეგ რაც მან რამდენიმე პოლიტიკური პამფლეტი გამოაქვეყნა, ბელგიაში სამოქალაქო კომისრად დაინიშნა. 1793 წელს იგი ჩრდილოეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი გახდა და პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა. ჩრდილოეთის არმიის რიგებში იგი ვანდეაში აჯანყებულთა წინააღმდეგ იბრძოდა. იმავე წელს მას ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა და 1793 წლის 8 სექტემებრს გენერალ უშარის ხელქვეით მონაწილეობა მიიღო ჰონდშოოტესთან ბრძოლაში.

1795 წლის ვანდემიერში ბრიუნმა მონაწილეობა მიიღო სექციონების აჯანყების ჩახშობაში პარიზში, ხოლო მომდევნო 1796 და 1797 წლებში მასენას არმიის შემადგენლობაში იბრძოდა იტალიაში. რივოლისთან ბრძოლაში (1797 წლის 14-15 იანვარი) მან დაამარცხა ავსტრიელები და დაინიშნა დივიზიის მეთაურად მარშალ ოჟეროს ხელქვეით. 1798 წელს ბრიუნს დაევალა ჰელვეციის რესპუბლიკის საჯაროდ გამოცხადება და მისი ჩამოყალიბება, რისთვისაც მან მოკლევადიანი მარშ-ლაშქრობა მოაწყო შვეიცარიაში.

1799 წელს იგი დაინიშნა ბატავიის რესპუბლიკის ჯარების სარდლად და იმავე წლის 19 სექტემბერს ქალაქ ბერგენთან დაამარცხა იორკის ჰერცოგი, 6 ოქტომბერს კვლავ დაამარცხა იგი, ამჯერად ქალაქ ბევერვიიკთან და ალკმაართან აიძულა იგი კაპიტულაცია გამოეცხადებინა და დაეცალა ნიდერლანდები. 18 ბრიუმერის შემდეგ ბონაპარტმა ბრიუნი ვანდეაში გააგზავნა, სადაც მან გენერალ ადუვიისთან ერთად ჩაახშო სამოქალაქო ომი.

1800 წლის აგვისტოში იგი ”იტალიის არმიის” მთავარსარდლად დაინიშნა. დეკემბერში მან თავისი არმიით გადალახა მდ. მინჩო, 1801 წლის იანვარში მდინარეები ადიჯე და ბრენტა და აიღო ქალაქები ვიჩენცა და როვერეტო. 1801 წლის 16 იანვარს ტრევიზოში ზავი დადო გენერალ ბელეგარდთან, რომელიც შემდგომში ლუნევილის ზავის საწინდარი გახდა. 1802 წელს ბრიუნი სახელმწიფო საბჭოში სამხედრო საქმეთა სექციის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1803-1805 წლებში იგი ელჩი იყო სტამბოლში. 1804 წელს მას საფრანგეთის მარშლის წოდება მიენიჭა.

1806 წელს ბრიუნი ჰანზის ქალაქების გენერალ-გუბერნატორად და შვედური პომერანიის არმიების მთავარსარდლად დაინიშნა. 1807 წელს მან აიღო ქალაქები შტრალზუნდი და რიუგენი. შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფი შეეცადა ბრიუნი ლუი XVIII-ის მხარეზე გადაებირებინა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაპოლეონის ერთგული დარჩა ამ მცდელობამ მაინც თავისი შედეგი გამოიღო. ნაპოლეონს მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და იგი დაკავებული თანამდებობებიდან მოხსნა. 1815 წელს იგი ელბადან დაბრუნებულ ბონაპარტს შეურთდა და საფრანგეთის პერის რანგში იქნა აყვანილი. ნაპოლეონმა მას ბურბონებისაგან ქალაქ ტულონის დაცვა დაავალა. მას შემდეგ რაც ბონაპარტი მეორედ გადადგა ტახტიდან მან პარიზში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ 1815 წლის 2 აგვისტოს ქალაქ ავინიონში როიალისტ ფანატიკოსთა მიერ იქნა მოკლული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Notice historique sur la vie politique et militaire du marechal Brune (Paris, 1821).
  • Paul-Prosper Vermeil de Conchard, L'Assassinat du marechal Brune (Paris, 1887).
  1. 1.0 1.1 Guillaume Marie Anne Brune — 2009.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 GeneaStar
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. SNAC — 2010.
  6. Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  7. Guillaume Marie Anne Brune
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #116776536 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.