გეურქ ელიარაშვილი

გეურქ სარქისის ძე ელიარაშვილი (ელიაროვი) (დ. 1769, არზრუმი ან თბილისი — გ. არაუგვიანეს 1824[1], თბილისი) — ქართველი მესაჭურვლე ოსტატი. შემდგომში რუსეთის იმპერატორის მეიარაღე.

სახელთან და გვართან დაკავშირებული ცნობები რედაქტირება

წყაროებში მოიხსენიება სხვადასხვა სახელით: გეურქა, გეურქი, იაგორი, გიორგი[2], ასევე სხვადასხვა გვარებით_ელიაროვი, ელიზარაშვილი[3], ელიაზარიშვილი[4], ელიაზაროვი[5], ეგიაზაროვი[6], და ა.შ. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად სინამდვილეში იყო ელიარაშვილი და მიეკუთვნებოდა ქართლელ სადედოფლო აზნაურთა საგვარეულოს[7].

გვარი ელიარაშვილი (რუსული ვარიანტი ელიაროვი) 1830-იან წლებში ოფიციალურ დოკუმენტებში შეცდომით ელიაზაროვად გაატარეს, აკადემიკოსმა პაატა გუგუშვილმა აქტებში გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტების ელიაზაროვი ელიაზარაშვილად აღადგინა[8], რამაც სათავე დაუდო ცნობილ მესაჭურვლეთა საგვარეულოს შეცდომით ელიზარაშვილად მოხსენიებას.

პირველი დოკუმენტი, სადაც ელიარაშვილების გვარი რუსულად ადაპტირებული ფორმითაა მოცემული წარმოადგენს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სიის დანართი, სადაც ელიარაშვილების საგვარეულო მოცემულია „ელარასშვილის“ ფორმით[9], ხოლო სიის რუსულ ვარიანტში მოცემულია ელაროვის ფორმით[10].

ელიარაშვილები საკმაოდ აქტიურად ჩანან XVII საუკუნის შუა ხანებიდან, ისინი სადედოფლო აზნაურებს მიეკუთვნებიან და მათი მამულები მდებარეობდა ქვემო ქართლში, სომხით-საბარათიანოში, კერძოდ ბოლნისის ხეობაში. ელიარაშვილების ძირითად სამკვიდრო სოფელს შაქარას სოფელი წარმოადგენდა, სომხით-საბარათაშვილოს აღწერის დავთრის მიხედვით აქ მხოლოდ დედოფლის აზნაურების ელიარაშვილების ყმები ფიქსირდებიან, მათ შორის გეურქას პაპის დელუყარდაშასი. ისინი ასევე მიწებს ფლობდნენ ხუჯაბში, ჭიპექებსა და ჭიმშურში. XVII საუკუნიდან ელიარაშვილების საგვარეულოს არაერთი წარმომადგენელია დასახელებული, პირველად კი 1653 წელს არიან მოხსენიებული ქართლის დედოფლის, როსტომ მეფის ცოლის, მარიამ დადიანის სიგელში[11].

წინაპრები რედაქტირება

გეურქას მამას ერქვა სარქისი, ბაბუას — დელუყარდაში, რომელსაც თავის მხრივ ყოლია ძმები სულუა, გოდერძი, ურქმაზი. მათ მამას პაპია ერქვა, პაპიას მამას ელია, მამამისს თავის მხრივ კვლავ პაპია[12]. დელუყარდაშს და მის ძმებს სამეფო კარზე სხვადასხვა თანამდებობებიც ეჭირათ, ისინი დასახელებული არიან „დასტურლამალში“. „სადედოფლო დასტურლამალის“ მიხედვით დელუყარდაშ ელიარაშვილს ყაფიჩის თანამდებობა ეკავა ვინმე ბოლნისელ ოთართან ერთად. მისი ძმა გოდერძი იქვე იასაული ყოფილა[13].

ბოლნისის ხეობა, სადაც გეურქას წინაპრები მამულებს ფლობდნენ აქტიური სამთო მეტალურგიული წარმოების ზონა იყო, რის გამოც სპეციალურ ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა გეურქას წინაპრები გარკვეულწილად დაკავშირებული ყოფილიყვნენ მეტალურგიასთან[14]. „სომხით საბარათაშვილოს აღწერაში“ არაერთი მჭედელია დასახელებული, მათ შორის გეურქას პაპას დელუყარდაშს სოფელ ზემო ხუჯაბს ყოლია მჭედელი, რომლის შესახებაც საგანგებოდაც კი აღუნიშნავთ დავთარში[15].

დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ არსებული ცნობები რედაქტირება

გეურქ ელიარაშვილის პაპა-დელუყარდაში ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ გადახვეწილა, თურქეთის ქალაქ არზრუმში ჩასულა და დაქორწინებულა, სადაც შეძენია შვილი სარქისი. დელუყარდაშის არზრუმში გარდაცვალების შემდეგ, სარქისი ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გეურქა არზრუმში დაიბადა[16].

გეურქა მიახლოებით 1769 წელს უნდა დაბადებულიყო, 1824 წლისთვის კი ის გარდაცვლილთა შორისაა მოხსენიებული, ხოლო მისი მეუღლე მარიამი ქვრივად წერია. გეურქ ელიარაშვილი გარდაცვლილა 1822-1824 წლებს შორის პერიოდში[1].

ოჯახი რედაქტირება

გეურქას მეუღლეს მარიამი ერქვა, მათი ოჯახი მრავალშვილიანი ყოფილა, ვაჟები: ყარამანი, ალექსანდრე, ეფრემი, იაკობი (რომელიც 1824 წლამდე გარდაიცვალა). ქალიშვილები: ოსანა, ნატალია და სალომე, ასევე გოგონა სახელად ქალი, რომელიც ასევე 1824 წლისათვის უნდა გარდაცვლილიყო . ვაჟებიდან ყარამანი და ეფრემი მეიარაღეები იყვნენ, ალექსანდრე კი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა[17].

ყარამანის სახელი დაკავშირებულია რუსეთის იმპერიისთვის ბულატის ტექნოლოგიის გადაცემასთან[18][19][20]. რუსეთი, რომელიც მოცემული პერიოდისათვის სხვადასხვა მიმართულებით ომებს აწარმოებდა და იარაღის სრულყოფა სურდა, ბუნებრივია დაინტერესდა თბილისელი ოსტატების ხელოვნებით. ამ პერიოდში ევროპაში ჯავარდენის (ბულატის) საიდუმლოს ამოხსნის ნამდვილი ბუმი იყო. რუსეთშიც, კერძოდ ზლატოუსტის ქარხანაში ცნობილი რუსი მეტალურგი გენერალი პავლე ანოსოვი სპეციალურ ცდებს ატარებდა ჯავარდენის (ბულატის) ბუნების ასახსნელად და ქარხნულ პირობებში მისაღებად[21]. 1830 წლის 30 მაისის წერილით პასკევიჩი რუსეთის ფინანსთა მინისტრს კანკრინს აცნობებდა, რომ ქართული ჯავარდენის (ბულატის, მაღალხარისხოვანი ფოლადი) დამზადების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად გეურქას შვილმა ყარამანმა მას პირობა მისცა, რომ გააცნობდა ჯავარდენის საიდუმლოს. ამავე დროს პასკევიჩმა მოსკოვში გაგზავნა ყარამანის მიერ დამზადებული იარაღები და მათი დამზადების აღწერილობა, რამაც იმპერატორის კარზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ყარამანი დაჯილდოვდა ოქროს მედლით[22].

ზლატოუსტის იარაღის ქარხნიდან, ჯავარდენისგან იარაღის დამზადების შესასწავლად გამოიგზავნა ორი ოსტატი — კარლ ვოლფერცი და ვასილ იუჟაკოვი, ასევე ორი მუშა — მიხეილ დიატლოვი და ნიკოლოზ ივანოვსკი. გამოგზავნილ ოსტატებს რუსეთის ქარხნებიდან თან გამოატანეს სხვადასხვა ხარისხის ფოლადი, რკინა და თუჯი, რათა ელიარაშვილებს სათანადოდ შეერჩიათ და გამოეცადათ, რომელი მათგანი იყო ვარგისი ხარისხიანი იარაღის დასამზადებლად. თბილისში გამოგზავნილი ოსტატების გადამზადების საქმე წარმატებით გაგრძელდა. გარკვეული ხნის შემდეგ ზლატოუსტელმა ოსტატებმა ყარამან ელიარაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დაამზადეს ჯავარდენის ხმლის პირები, რომლებიც ყარამანის მიერ დამზადებულ ხმლის პირებთან ერთად ბარონ როზენს გადასცეს. ბარონმა როზენმა ისინი 1832 წლის 18 იანვრის მიმართვით რუსეთის ფინანსთა მინისტრს კანკრინს გაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ იმპერატორს წარუდგინა. აღნიშნულმა ხმლის პირებმა იმდენად მაღალი შეფასება დაიმსახურა, რომ ყარამან ელიარაშვილი 1000 ჩერვონეცით, ხოლო ვ. იუჟაკოვი და კ. ვოლფერცი 500-500 ჩერვონეცით დააჯილდოვა[23]. წარდგენილი იარაღი კი შესანახად კადეტთა სამთო კორპუსის მუზეუმს გადაეცა.

როგორც გენერალი პოტტო აღნიშნავს თავის ცნობილ ნაშრომში „კავკასიური ომი“, ელიარაშვილების მიერ მომზადებულმა ზლატოუსტელმა ოსტატებმა ქვეყანას დიდი სარგებელი მოუტანეს და ზლატოუსტის მიერ გამოშვებულ ხმლებს შორის მუდამ საუკეთესოდ ითვლებოდა ის ხმლები, რომლებზეც აღნიშნულია: 1832, 1833 და 1834 წლები, რაც ემთხვევა ქარხანაში ელიარაშვილების მოწაფეების მოღვაწეობის პერიოდს[24].

ქართველი მეცნიერის კოტე ჩოლოყაშვილის ინიციატივით 1955 წელს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ელიარაშვილების რეცეპტით ჩატარდა ცდები, რა დროსაც ამ რეცეპტით მიღებული ფოლადი ჩარხზე ჩვეულებრივი საჭრისის მეშვეობით ვერ გაიჭრა, რაც მის განსაკუთრებით თვისებებზე მეტყველებს. აკადემიკოს ფერდინანდ თავაძის ცნობით, ელიარაშვილების რეცეპტით დამზადებული ფოლადი პარალელს პოულობს უძველეს ქართულ ფოლადთან[25].

შემოქმედება რედაქტირება

გეურქას მოიხსენიებს ლერმონტოვი თავისი ლექსის „პოეტის“ ერთ-ერთ ვარიანტში, ასევე დღიურებში[26], რამაც გეურქას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა და ლერმონტოვის არაერთი გამოცემის კომენტარებშიც აისახა. გეურქას მიერ დამზადებული იარაღი მუდამ ფასობდა, თავისი ოსტატობის წყალობით „მისი უდიდებულესობა იმპერატორის მეიარაღის“ ტიტულსაც მიაღწია, რაც ბუნებრივია მისი ხელოვნების მაღალ დონეზე მეტყველებს.

გეურქ ელიარაშვილის ნაკეთობები უმეტესად დაცულია რუსეთში, სახელმწიფო ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი), სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (მოსკოვი) და დაღესტნის ნაციონალურ მუზეუმში[27], ასევე კერძო კოლექციაში.

მეიარაღე გეურქა 1824 წლის შემდგომაც მოიხსენიება წყაროებში, ამ დროისათვის კი გეურქ ელიარაშვილი ცოცხალი აღარ იყო, არადა მუზუემებში დაცული ნივთების დიდი ნაწილი სწორედ 1824 წლის შემდგომ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. უახლესმა კვლევამ დაადგინა მისი გარდაცვალების წელი[1], აღნიშნული გათვალისწინებით კი, პარალელურად გამოითქვა ვარაუდი, რომ იარაღები, რომლებიც 1824 წლის შემდგომაა დამზადებული და გააჩნია წარწერა «რუს. Е. И. В. ОРУЖЕЙНИКЪ ГЕУРКЪ» ან უბრალოდ სახელი „გეურქ.“ (როგორც მაგალითად ერმიტაჟში დაცული ერთი ხანჯალი, რომელიც ი. მილერმა გამოაქვეყნა)[28], შესაძლოა იყოს მისი შვილის ყარამან ელიარაშვილის ნაკეთობები, ასევე დასაშვებია, რომ გეურქას შვილები მამის სახელს, როგორც საფირმო სახელს ისე იყენებდნენ, ხოლო „მეორე გეურქა“ შესაძლოა ყარამანიც იყოს, რომელიც ცნობილი მამის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა საქმიანობას[29].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 დვალიშვილი, 2021, გვ. 90
  2. Чолокашвили, К.К. Из истории грузинского булата //VII Международ. конгресс антропол. и этнограф. наук : Москва, авг., 1964./ — Тб.: Мецниереба, 1964, გვ. 4.
  3. Чолокашвили, К.К. დასახ. ნაშრომი
  4. Гугушвили П.В. Развитие промышленности в Грузии и Закавказье в XIX-XX вв. — Тб.: Изд-во Акад. наук Груз. ССР, 1957, გვ. 47
  5. Акты, собранные Кавказской археографической комиссией , Т. VIII, под ред. Ад. Берже . — Тифлис. : Тип. гл. упр. Наместника Кавк Арх. Гл. упр. Наместника кавказ, 1881, გვ.188.
  6. Гулишамбаров С.И., Обзор фабрик и заводов Тифлисской губернии. — Тифлис.: Типография Градоначальствующего, 1888, გვ. 200
  7. დვალიშვილი, 2021, გვ. 85
  8. გუგუშვილი პ., ამქრული ხელოსნობის დაშლა ამიერკავკასიაში, ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები, ტ.VII, 1953, თბილისი, გვ. 372-376
  9. პაიჭაძე გ., გეორგიევსკის ტრაქტატი, თბილისი, 1983, გვ. 59
  10. პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრომი, გვ.86
  11. დვალიშვილი, 2021, გვ. 84
  12. დვალიშვილი, 2021, გვ. 86
  13. ქართული სამართლის ძეგლები, რედ. ივ. სურგულაძე, 1970, გვ. 703-704.ქართული სამართლის ძეგლები, რედ. ივ. სურგულაძე, 1970, გვ. 703-704
  14. დვალიშვილი, 2021, გვ. 87-88
  15. მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მე-18 ს. რედ. ე. თაყაიშვილი, 1907, გვ. 245
  16. დვალიშვილი, 2021, გვ. 89
  17. დვალიშვილი, 2021
  18. გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ. 5, თბ. 1962, გვ. 135-141
  19. გონგაძე ვ., ჯევარდნისა და მისგან საომარი იარაღის დამზადების გამოჩენილი ქართველი ოსტატი, „მნათობი“, 1959 - №7, გვ. 146-152
  20. Гуревич Ю.Г. Булат: структура, свойства и секреты изготовления, Курган 2006 г, გვ. 18-20
  21. П. П. Аносов. Собрание сочинений / под. ред. А. М. Самарина. — Москва: Издательство АН СССР, 1954
  22. Акты, собранные Кавказской археографической комиссией / Арх. Гл. упр. Наместника кавказ. - Тифлис : Тип. гл. упр. Наместника Кавк., Т.7, გვ. 342-344
  23. Акты, собранные Кавказской археографической комиссией / Арх. Гл. упр. Наместника кавказ. - Тифлис : Тип. гл. упр. Наместника Кавк., Т.8, გვ. 188-192
  24. Потто В. А. Кавказская война в отдельных очерках, эпизодах, легендах и биографиях. Т.4, 1889, გვ. 506
  25. ჩოლოყაშვილი კ., ბულატის თბილისელი ოსტატები, მეცნიერება და ტექნიკა, 1956.-N 5, გვ. 15-17
  26. Лермонтов М. Ю. Полное собрание стихотворений в 2 томах. Ленинград, 1989. Т.2, გვ. 519-526
  27. Аствацатурян Э. Г., Оружие народов Кавказа, СПб , 2004 г, გვ. 395-400
  28. Miller Y., Caucasian Arms from the State Hermitage Museum. St. Petersburg, Devantier - Naestved, Denmark. გვ. 133
  29. დვალიშვილი, 2021, გვ. 92