სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქიქოძე.

გერონტი ქიქოძე (დ. 8 სექტემბერი, 1888, ბახვი, — გ. 1 აგვისტო, 1960, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

გერონტი ქიქოძე
დაბადების სახელი გერონტი ქიქოძე
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1888
ბახვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო, 1960
თბილისი, საქართველოს სსრ
განათლება ბერნის უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი, ლიტერატორი
მშობლები მამა: დიმიტრი ქიქოძე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა, შემდეგ ქუთაისის რეალური სასწავლებელი. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა არალეგალური ხელნაწერი ჟურნალის გამოცემაში. ბოლო კლასებში ამხანაგებთან ერთად ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1903 წელს გაემგზავრა ევროპაში. სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იყო რსდმპ წევრი, ბოლშევიკების ფრაქციაში. 1905 წლის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში და ჩაება რევოლუციაში. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებთან „მოგზაური“, „დროება“ და „ახალი ცხოვრება“, თარგმნიდა ქართულად მარქსისტულ ლიტერატურას. 1906 წელს დააპატიმრეს სამი კვირით პოლიტიკური საბაბით, მაგრამ გაათავისუფლეს ოქტომბრის მანიფესტის ძალით. 1907 წელს დაბრუნდა ლაიფციგში და განაგრძო სწავლა. 1910 წლის გაზაფხულზე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობდა „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში. სვიმონ მაჭავარიანთან ერთად ჟანდარმერიამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა. ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ მიუსაჯეს კავკასიიდან გასახლება, თუმცა გენერალ მაყაშვილის შუამდგომლობის შემდეგ მისცეს გერმანიაში დაბრუნების საშუალება. 1909 წელს დაასრულა ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1910-1913 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგიაში, ბრიუსელში. 1910 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1910-იან წლებში ჩამოსცილდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს. ათავსებდა წერილებს გაზეთებში „სახალხო ფურცელი“ და „საქართველო“. 1914 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა საქართველოში. 1917 წელს იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“, რომელიც იყო ედპ-ის ორგანო. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად ედპ-ის სიით, იყო ხელოვნების კომისიის მდივანი. 1919 წლის 21 მაისს დატოვა პარტია და ფრაქცია და იყო დამოუკიდებელი დეპუტატი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა თბილისში. 1921 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს სრ რევკომმა ის დასავლეთ საქართველოში გაგზავნა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს მისია უშედეგოდ დასრულდა. 1921-1922 წლებში წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე, 1925-1929 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ სტილისტი. 1927-1928 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონისა“ და იყო ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელი, მწერალთა კავშირის წევრი. 1930-1932 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1936 წელს, საქართველოში ანდრე ჟიდის სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს მისი ძმისწული გივი ქიქოძე, რომელმაც წერილი მიუძღვნა ჟიდს. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟიდმა კრიტიკულად შეაფასა საბჭოთა კავშირი, გივი ქიქოძეს კი ჟიდის ქება არ აპატიეს და დააპატიმრეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 1947 წელს მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან კავშირის, ჯაშუშობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომიზეზებით გერონტი ქიქოძე დაკითხვაზე დაიბარეს კანდიდ ჩარკვიანთან, მაგრამ საბოლოოდ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და არ დაუჭერიათ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით „კავკასიის დაცვისთვის“ და „მამაცური შრომისთვის“.

ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: „სტატიები ხელოვნებაზე“ (1936), „ქართული ლიტერატურის ისტორია“ (1947), „მოგონებები, გამოსვლები, წერილები“ (1956), „ეტიუტები და პორტრეტები“ (1958). მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ „მოგზაურში“. ქართულ ენაზე თარგმნა მარქსის, ენგელსისა და ლენინის ნაშრომები; ბალზაკის, სტენდალის, მერიმეს, დოდეს და სხვათა ნაწარმოებებს. ფრანგულიდან ნათარგმნი აქვს „ტრისტანი და იზოლდა“ (1925), „იტალიური ქრონიკები“ (1928), „სულნი სალხინებლისანი“ (1929), „შაგრენის ტყავი“ (1931), „წითელი და შავი“ (1934), „ღმერთებს სწყურიათ“ (1938), შარლ პეროს ზღაპრები (1938), „ჩვენი დროის გმირი“ (1940) და სხვა. ქართულად თარგმნა უცხოელ მოგზაურთა ნაწარმოებები პლანო კარპინის „ისტორია მონღოლებისა“[1]გუილიომ რუბრუკვისის „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“[2]

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ანასტასია (ტასო) გიორგის ასული ამირეჯიბი (დ. 22 დეკემბერი, 1885, სოფელი ხურვალეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 11 ოქტომბერი, 1968, თბილისი).

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ქიქოძე, გ. [1919] (1991). ეროვნული ენერგია. ტფილისი: გრ. ცხაკაიას გამოც.. 
  • „პოლიტიკური წერილები“, 1920
  • „წერილები ხელოვნებაზე“, 1936, 1947
  • ქიქოძე, გ. [1941]. ნარკვევები. თბილისი: ფედერაცია. 
  • ქიქოძე, გ., თავაძე, ი. [1942]. ერეკლე II. თბილისი: სახელგამი. 
  • „სიტყვები და წერილები“, 1942
  • ქიქოძე, გ. [1946] (1958). ეტიუდები და პორტრეტები. თბილისი: სახელგამი. 
  • „ქართული ლიტერატურის ისტორია (მე-19 საუკუნე)“, 1947
  • „მოგონებები, სიტყვები, წერილები“, 1956
  • „ასეთი იყო ჩემი ცხოვრება“, თბილისი, 1985
  • ქიქოძე, გ. [1954] (2003). თანამედროვის ჩანაწერები. თბილისი: „არეტე“. ISBN 99940-745-6-3. 
  • ქიქოძე, გ. (2003). პატარა ერის ხვედრი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 99940-13-55-6. 
  • ქიქოძე გ. (2018). დაკვირვებული მეთვალყურე. თბილისი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ISBN 978–9941–8–0195-2 Invalid ISBN. 

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება