ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გეორგ შოლტი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გეორგ შოლტი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

სერ გეორგ შოლტი, (ინგლ. Sir Georg Solti [ˈʃolti]; დაბადების სახელი დიერდ შტერნი (უნგრ. György Stern), დ. 21 ოქტომბერი, 1912 – გ. 5 სექტემბერი, 1997)[2]უნგრეთში დაბადებული ბრიტანელი დირიჟორი. ცნობილია მოღვაწეობით მიუნხენის, ფრანკფურტისა და ლონდონის საოპერო თეატრებში, აგრეთვე, ხანგრძლივი მუშაობით ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად. დაიბადა ბუდაპეშტში და სწავლობდა ბელა ბარტოკთან, ლეო ვაინერთან და ერნე დოჰნანისთან. 1930-იან წლებში უნგრეთის სახელმწიფო ოპერაში რეპეტიტორად მუშაობდა, აგრეთვე, მუშაობდა ზალცბურგის ფესტივალზე არტურო ტოსკანინისთან. მის კარიერას ხელი შეუშალა უნგრეთის პოლიტიკაზე ნაციზმის ზრდადმა გავლენამ. სულ უფრო მკაცრი ანტისემიტური კანონმდებლობის გამო ებრაული წარმოშობის შოლტი 1938 წელს ქვეყნიდან გაიქცა. ლონდონის სამეფო ოპერაში რუსული ბალეტის ერთი სეზონის დირიჟორობის შემდეგ მან თავშესაფარი შვეიცარიაში იპოვა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცხოვრობდა, დირიჟორობა აკრძალული ჰქონდა და თავს პიანისტობით ირჩენდა.

გეორგ შოლტი

გეორგ შოლტი
ალან უორენის ფოტო, 1975
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Georg Solti
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1912
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, ავსტრია-უნგეთის იმპერია
გარდ. თარიღი 5 სექტემბერი, 1997 (84 წლის)
გარდ. ადგილი ანტიბი, საფრანგეთი
დასაფლავებულია ფარკაშრეტის სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი კლასიკური
საქმიანობა დირიჟორი
აქტიური 1930-1997
ლეიბლ(ებ)ი DECCA
საიტი georgsolti.com[1]
გეორგ შოლტი ვიკისაწყობში

ომის შემდეგ, 1946 წელს, შოლტი მიუნხენში, ბავარიის სახელმწიფო ოპერის მუსიკალურ დირექტორად დანიშნეს. 1952 წელს ფრანკფურტის ოპერაში გადავიდა და მას მომდევნო 9 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1953 წელს დასავლეთ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. 1961 წელს ლონდონში, კოვენტ-გარდენის საოპერო თეატრის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტზე ათწლიანი მუშაობის დროს განახორციელა ცვლილებები, რომლებმაც ეს ოპერა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვა. მისი მუსიკალური ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღო თეატრმა „სამეფო ოპერის“ ტიტულიც, რაც მისი სტატუსის აღიარება იყო. 1972 წელს იგი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა.

1969 წელს დაიკავა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორის თანამდებობა, რომელიც 22 წლის განმავლობაში ეჭირა. 1991 წელს პოსტი დატოვა და გარდაცვალებამდე ორკესტრის საპატიო მუსიკალური დირექტორის ტიტულს ატარებდა. ჩიკაგოში მუშაობის პარალელურად, 1972-1975 წლებში პარიზის ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად, 1979-1983 წლებში კი ლოდონის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად მუშაობდა.

ადრეულ წლებში შოლტი ინტენსიური სადირიჟორო მანერით გამოირჩეოდა, რომელიც ბოლო წლებში შედარებით შერბილდა. არის რეკორდული რაოდენობის ჩანაწერების ავტორი – გაკეთებული აქვს 250-ზე მეტი ჩანაწერი, მათ შორის, 45 სრული საოპერო კოლექცია; ზოგიერთი ნაწარმოები კი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე რამდენჯერმე აქვს ჩაწერილი. მისი ყველაზე ცნობილი ჩანაწერია რიხარდ ვაგნერისნიბელუნგის ბეჭედი“ – სრული ციკლი Decca Records-ისთვის (1958-1965). შოლტის „ბეჭედი“ ორჯერ დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მუსიკალურ ჩანაწერად, პირველად 1999 წელს ჟურნალ Grammophone-ის მიერ, ხოლო მეორედ 2012 წელს, BBC Music Magazine-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო ხმის ჩამწერი ინდუსტრიისგან, მათ შორის, 31 გრემი, რაც 2023 წლამდე ამ ჯილდოს ისტორიაში ყველაზე დიდ რაოდენობას წარმოადგენდა როგორც კლასიკურ, ისე არაკლასიკურ მუსიკალურ ხელოვანთა შორის.

ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

შოლტი, დაბადების სახელით დიერდ შტერნი, დაიბადა მაროშის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ბუდას ნაწილში, ჰედვიდეკის რაიონში.[3] იგი ებრაელების, ტერეზ და მორიც („მორ“) შტერნების ორი შვილიდან უმცროსი იყო.[4] პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთში მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანულ გვარებს და სახელებს ატარებდნენ, მათ ნაცვლად უნგრული ვარიანტების გამოყენება დაიწყეს. გარდა ამისა, ადმირალ ჰორტის მემარჯვენე რეჟიმმა მადიარიზაციის მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელიც ავალდებულებდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რომ უცხოური წარმოშობის სახელები უნგრული სახელებით შეეცვალათ.[5] მორ შტერნმა, რომელიც თვითდასაქმებული ვაჭარი იყო, თავისი გვარის შეცვლა საჭიროდ არ ჩათვალა, თუმცა, გართულებების თავიდან ასაცილებლად გვარი შეუცვალა შვილებს.[5] ახალი გვარი ცენტრალურ უნგრეთში მდებარე პატარა ქალაქის, შოლტის (Solt) მიხედვით შეარჩია.[შ 1] მისი ვაჟის საკუთარი სახელი, დიერდ (György), უნგრული იყო და შეცვლას არ საჭიროებდა.[5]

 
ფრანც ლისტის მუსიკის აკადემია, ბუდაპეშტი

შოლტის მიხედვით, მამამისი იყო „კეთილი, თბილი კაცი, რომელიც ყველას ენდობოდა, რაც შეცდომა იყო. უნგრელი ებრაელები დიდი პატრიოტები იყვნენ. 1914 წელს, როცა ომი დაიწყო, მამამ მისი ფულის დიდი ნაწილი ომის სესხში ჩადო, რათა ქვეყანას დახმარებოდა. როცა ფასიანი ქაღალდების განაღდების დრო მოვიდა, ისინი აღარაფრად ღირდა.“[5] შოლტი, მამისგან განსხვავებით, რელიგიური არ იყო. მოგვიანებით იხსენებდა: „ხშირად ვაბრაზებდი ხოლმე იმით, რომ სინაგოგაში ათ წუთზე დიდხანს არასოდეს ვჩერდებოდი.“[5] ტერეზ შტერნი მუსიკალური ოჯახიდან იყო და თავიანთ ქალიშვილს, ლილის, რომელიც ძმაზე რვა წლით უფროსი იყო, ხშირად ამღერებდა ხოლმე, ხოლო ძმა ფორტეპიანოზე უწევდა აკომპანიმენტს. შოლტი იხსენებს: „უამრავ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ეს შეუფასებელი გამოცდილება იყო საოპერო დირიჟორისთვის. თითქოს მასთან ერთად ცურვა ვისწავლე.“[5] იგი მონდომებული მოსწავლე არ ყოფილა: „დედაჩემი მუდმივად მეუბნებოდა, იმეცადინეო, მაგრამ რომელ ათი წლის ბიჭს უნდა ფორტეპიანოსთან იჯდეს, როცა შეუძლია, გარეთ ფეხბურთი ითამაშოს?“[5]

ათი წლის ასაკში შოლტი ერნე ფოდორის მუსიკალურ სასწავლებელში შევიდა, ორი წლის შემდეგ კი უფრო პრესტიჟულ ფრანც ლისტის სახელობის აკადემიაში გადავიდა.[4] 12 წლის ასაკში მოისმინა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-6 სიმფონიის შესრულება ერიხ კლაიბერის დირიჟორობით, რის შემდეგაც დირიჟორობის სურვილი და ამბიცია გაუჩნდა.[6] მის მშობლებს სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ, ხოლო მდიდარ ბიძებს მუსიკა შეუფერებელ პროფესიად მიაჩნდათ; 13 წლის ასაკიდან შოლტი თავის მუსიკალურ განათლებას თვითონვე აფინანსებდა ფორტეპიანოს გაკვეთილებიდან მიღებული შემოსავლით.[5]

ფრანც ლისტის აკადემიაში ყველაზე გამორჩეული უნგრელი მუსიკოსები ასწავლიდნენ, მათ შორის, ბელა ბარტოკი, ლეო ვაინერი, ერნე დოჰნანი და ზოლტან კოდაი. შოლტი პირველ სამთან სწავლობდა, შესაბამისად, ფორტეპიანოს, კამერულ მუსიკას და კომპოზიციას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იგი კოდაისთანაც სწავლობდა,[7][8] მაგრამ თავის მემუარებში იხსენებს, რომ კოდაიმ, რომელთან სწავლაც მართლაც სურდა, იგი არ მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა კომპოზიცია ჯერ ალბერტ შიკლოშთან, ხოლო შემდეგ, დოჰნანისთან ესწავლა.[9] აკადემიის ყველა პედაგოგი სასიამოვნოდ გამორჩეული არ ყოფილა. შოლტი უხალისოდ იხსენებდა სადირიჟორო გაკვეთილებს ერნე უნგერთან, რომელიც სტუდენტებს მაჯის პატარა, მკვეთრი მოძრაობებით დირიჟორობას აიძულებდა: „მასთან მხოლოდ ორი წელი ვსწავლობდი, მაგრამ ხუთწლიანი პრაქტიკა დამჭირდა იმის დასავიწყებლად, რაც მან მასწავლა.“[10]

პიანისტი და დირიჟორი რედაქტირება

1930 წელს, აკადემიის დამთავრების შემდეგ, შოლტი უნგრეთის სახელმწიფო ოპერაში დანიშნეს.[შ 2] აქ მან აღმოაჩინა, რომ ოპერაში რეპეტიტორად მუშაობა, მომღერლებთან ერთად მათი როლების მომზადება და რეპეტიციებზე დაკვრა ბევრად უფრო ნაყოფიერი მომზადება იყო დირიჟორის კარიერისთვის, ვიდრე აკადემიაში, უნგერთან გავლილი სადირიჟორო გაკვეთილები.[4] 1932 წელს კარლსრუეს ოპერაში იოზეფ კრიპსის ასისტენტად დაიწყო მუშაობა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, მოელოდა რა ჰიტლერისა და ნაცისტების გარდაუვალ მოსვლას ხელისუფლებაში, კრიპსმა აიძულა, უკან, უნგრეთში დაბრუნებულიყო, სადაც იმ დროს ებრაელებს შედარებით ნაკლები საფრთხე ემუქრებოდათ.[12] ბუდაპეშტში სხვა ებრაელი და ანტი-ნაცისტი მუსიკოსებიც გაიქცნენ, მათ შორის, დირიჟორები ოტო კლემპერერი, ფრიც ბუში და ერიხ კლაიბერი.[4]

ავსტრიის ნაცისტური რეჟიმის კონტროლქვეშ მოქცევამდე, 1937 წელს, შოლტი ზალცბურგის ფესტივალზე არტურო ტოსკანინისთან მუშაობდა:

 
უნგრეთის სახელმწიფო საოპერო თეატრი
ჩემი პირველი დიდი მუსიკალური შთაბეჭდილება ტოსკანინი იყო. 1936 წლამდე, როცა იგი ცოცხლად პირველად მოვისმინე, დიდი საოპერო დირიჟორისთვის არასოდეს მომესმინა და ეს გაელვებასავით იყო. ამ წელს მისი „ფალსტაფი“ ვნახე და დაუჯერებელი შთაბეჭდილება მივიღე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მოვისმინე ანსამბლი, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად მღეროდა. ფანტასტიური იყო. მაშინ არც ველოდი, ტოსკანინის თუ შევხვდებოდი, ამის მილიონში ერთი შანსი არსებობდა. ბუდაპეშტის ოპერის დირექტორისგან ზალცბურგის ფესტივალის პრეზიდენტისთვის სარეკომენდაციო წერილი მქონდა. მან მიმიღო და მკითხა: „ჯადოსნური ფლეიტა“ იცით? გრიპის ეპიდემია გვაქვს და ჩვენი ორი რეპეტიტორი ავადაა. შეგიძლიათ ამ საღამოს სასცენო რეპეტიციებზე დაუკრათ?"[13]

შოლტი ბუდაპეშტის ოპერაში რეპეტიტორად მუშაობას აგრძელებდა. ტოსკანინისთან კავშირმა მისი რეპუტაცია აამაღლა, რის შემდეგაც, 1938 წლის 11 მარტს, დირიჟორობის პირველი შანსიც მისცეს.[შ 3] ოპერა „ფიგაროს ქორწინება“ იყო. იმავე საღამოს გავრცელდა ინფორმაცია გერმანიის ავსტრიაში შეჭრის შესახებ.[15] ბევრი უნგრელი შიშობდა, რომ ამის შემდეგ გერმანია უნგრეთში შეიჭრებოდა. ეს ასე არ მოხდა, თუმცა ჰორტიმ, ნაცისტებთან პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, მკაცრი, ნიურნბერგის კანონების მსგავსი ანტისემიტური კანონმდებლობა შემოიღო, რამაც უნგრელ ებრაელებს სხვადასხვა პროფესიაზე დასაქმების შესაძლებლობა მოუსპო.[16] შოლტი, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით, ქვეყნიდან გაიქცა.[4] პირველად ლონდონში ჩავიდა, სადაც შედგა მისი დებიუტი კოვენტ გარდენის რუსული ბალეტის სეზონში, ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად.[17] The Times-ის მიმომხილველი მისი აგრესიული სადირიჟორო სტილით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა, რადგან ჩათვალა, რომ ამან მუსიკის დელიკატური ატმოსფერო დააზარალა.[18] დაახლოებით ამ დროს შოლტიმ სახელი შეიცვალა და Georg დაირქვა.[19]

ლონდონში გამოსვლების შემდეგ შვეიცარიაში, ტოსკანინისთან შესახვედრად გაემგზავრა, რომელიც იმ დროს ლუცერნში დირიჟორობდა. შოლტი იმედოვნებდა, რომ ტოსკანინი აშშ-ში სამუშაოს პოვნაში დაეხმარებოდა. ეს ვერ მოხერხდა, თუმცა, სამსახური და უსაფრთხოება მან შვეიცარიაშივე იპოვა. იგი ტენორ მაქს ჰირცელის ვოკალის მასწავლებელი გახდა, რომელიც ამ დროს ვაგნერის ოპერიდან ტრისტანის პარტიას სწავლობდა.[4] მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში შოლტი შევიცარიაში დარჩა.[13] მას მამა აღარასოდეს უნახავს: მორ შტერნი 1943 წელს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ საავადმყოფოში დიაბეტით გარდაიცვალა.[20] დედას და დას იგი ომის შემდეგ შეხვდა.[21] შვეიცარიაში დირიჟორად მუშაობის ნებართვის მოპოვება ვერ შეძლო, რის გამოც თავს ფორტეპიანოს გაკვეთილებით ირჩენდა.[22] 1942 წელს ჟენევის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი მოიგო, რის შემდეგაც საფორტეპიანო კონცერტების გამართვის უფლება მისცეს, თუმცა დირიჟორობისა – კვლავ არა.[23] შვეიცარიაში ყოფნისას შეხვდა ჰედვიგ (ჰედი) ეშლის, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტის ლექტორის ქალიშვილი იყო. ისინი 1946 წელს დაქორწინდნენ.[4] მემუარებში შოლტი მასზე წერს: „იგი ძალიან ელეგანტური და დახვეწილი იყო. ... ჰედიმ ცოტაოდენი გრაციოზულობა შემძინა და კარგი მანერები მასწავლა – თუმცა ეს ბოლომდე არ გამოუვიდა. ასევე, უდიდესი დახმარება გაუწია ჩემს კარიერას.“[24]

მიუნხენი და ფრანკფურტი რედაქტირება

ომის დამთავრებისას შოლტის ბედი დრამატულად შემობრუნდა. 1946 წელს იგი მიუნხენში, ბავარიის სახელმწიფო ოპერის მუსიკალურ დირექტორად დანიშნეს.[25] ჩვეულებრივ პირობებში, ასეთ პრესტიჟულ პოსტზე ახალგაზრდა და გამოუცდელი დირიჟორის დანიშვნა წარმოუდგენელი იქნებოდა,[შ 4] მაგრამ ამ დროს წამყვან გერმანელ დირიჟორებს – ვილჰელმ ფურტვენგლერს, კლემენს კრაუსს და ჰერბერტ ფონ კარაიანს დენაციფიკაციის პროცესის დასრულებამდე სადირიჟორო საქმიანობა აკრძალული ჰქონდათ.[4] შოლტის ხელმძღვანელობით თეატრმა შეძლო თავისი რეპერტუარის და ომამდელი ბრწყინვალე რეპუტაციის აღგდენა.[7] იგი მოხუცი რიხარდ შტრაუსის კარგი დამოკიდებულებითაც სარგებლობდა, რომელიც თავისივე „ვარდის რაინდის“ მომზადებასა და შესრულებას ესწრებოდა.[7] შტრაუსი თავისი მუსიკის განხილვისგან თავს იკავებდა, თუმცა, დირიჟორობის შესახებ რჩევებს იძლეოდა.[26]

 
შოლტი პიანისტ ნიკიტა მაგალოვთან ერთად

მიუნხენში დანიშვნასთან ერთად 1946 შოლტიმ Decca Records-თანაც გააფორმა კონტრაქტი, არა როგორც დირიჟორმა, არამედ, როგორც საფორტეპიანო აკომპანიატორმა.[27] 1947 წელს პირველი ჩანაწერიც გააკეთა – ბრამსის პირველი სავიოლინო სონატა მევიოლინე გეორგ კულენკამპფთან ერთად.[28] იგი დაჟინებით ითხოვდა, დირიჟორობის საშუალებაც მიეცათ, რაც იმავე წლის ბოლოს მოხდა, როცა მან ციურიხის ტონჰალეს ორკესტრთან ერთად ბეთჰოვენის „ეგმონტის უვერტიურა“ ჩაწერა.[28] ოცი წლის შემდეგ შოლტი ამბობდა, რომ ეს საშინელი ჩანაწერი იყო, რადგან ორკესტრი არც ისე კარგი იყო და თავად ძალიან ღელავდა: „[ჩანაწერი] ნამდვილად საშინელებაა; საბედნიეროდ, დღეს უკვე აღარ არსებობს.“[29] დირიჟორის რანგში მომდევნო ჩანაწერის გასაკეთებლად ორი წელი იცდიდა, რის შემდეგაც ლონდონში ჰაიდნის სიმფონია №103 ჩაწერა. სესიების პროდიუსერი ჯონ კალშოუ იყო, რომელსაც მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე შოლტის კარიერა მჭიდროდ დაუკავშირდა.[30] ჟურნალ „გრამოფონში“ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამია: „ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის შესრულება გეორგ შოლტის ხელმძღვანელობით (შესანიშნავი, ჩემთვის ახალი დირიჟორის) გამოირჩევა რითმული დაკვრით, მდიდარი ბგერით და შესრულების სიცხადით.“[31] „ჩანაწერების სახელმძღვანელო“ EMI-ს კონკურენტ ჩანაწერთან (სერ ტომას ბიჩემი და სამეფო ფილარმონიული ორკესტრი) შედარებით შოლტის ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას.[32]

1951 წელს პირველად იდირიჟორა ზალცბურგის ფესტივალზე, ნაწილობრივ, ფურტვენგლერის გავლენის წყალობით, რომელზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.[33] ნაწარმოები იყო მოცარტის „იდომენეო“, პირველი შესრულება ფესტივალზე.[33] მიუნხენში შოლტიმ კრიტიკული და სახალხო აღიარება მოიპოვა, თუმცა, პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს თანამდებობა მყარი არ იყო. კვლავ ძლიერი იყო საზოგადოებრივი განწყობა, რომ სახელმწიფო ოპერის სათავეში გერმანელი დირიჟორი უნდა ყოფილიყო. გაზრდილი ზეწოლის შედეგად 1952 წელს შოლტი დათანხმდა ფრანკფურტის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტზე გადასვლას.[4][შ 5] ქალაქის ოპერა ომის დროს იყო დანგრეული და ახალი შენობა სულ ცოტა ხნით ადრე დაესრულებინათ. საოპერო დასის და მისი რეპერტუარის ახლიდან შექმნა სწორედ შოლტის მოუხდა. იგი ასევე დირიჟორობდა ოპერის ორკესტრის მიერ ჩატარებულ სიმფონიურ კონცერტებსაც.[34] ფრანკფურტის საოპერო თეატრი მიუნხენთან შედარებით ნაკლებად პრესტიჟული იყო და შოლტი აქ დანიშვნას თავდაპირველად დაქვეითებად განიხილავდა,[34] თუმცა, ადგილზე მუშაობამ დააკმაყოფილა და ფრანკფურტში 1961 წლამდე დარჩა. ამ დროის განმავლობაში 33 ოპერა დადგა, რომელთაგანაც 19 პირველად სწორედ ამ თეატრში იდირიჟორა.[35] ფრანკფურტი, მიუნხენისგან განსხვავებით, წამყვან გერმანელ მომღერლებს ნაკლებად იზიდავდა, რის გამოც შოლტიმ ბევრი ამერიკელი ამომავალი ვარსკვლავი მიიწვია, მაგალითად, კლერ უოტსონი და სილვია სტოლმენი.[36] ამის გამო თეატრს „ამერიკული ოპერა მაინზე“ (გერმ. „Amerikanische Oper am Main“) შეარქვეს.[შ 6] 1953 წელს დასავლეთ გერმანიის მთავრობამ გერმანიის მოქლაქეობა შესთავაზა. შოლტი, რომელიც უნგრეთიდან გამოქცევის შემდეგ მოქალაქეობის გარეშე იყო დარჩენილი, სიხარულით დათანხმდა. იგი კომუნისტების მმართველობის ქვეშ მყოფ უნგრეთში დაბრუნების შესაძლებლობას არ მოელოდა.[38] იგი გერმანიის მოქალაქე 20 წლის განმავლობაში იყო.[39]

ფრანკფურტში მოღვაწეობის დროს მიწვეული დირიჟორის რანგში სხვადასხვა ორკესტრთან და საოპერო თეატრთან თანამშრომლობდა. 1952 წელს პირველად გამოვიდა ოკეანის გაღმა, როცა ბუენოს-აირესში რამდენიმე კონცერტი იდირიჟორა.[40] იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ედინბურგის ფესტივალზე სტუმრად ჩამოსული ჰამბურგის სახელმწიფო ოპერის მიწვეული დირიჟორის რანგში.[41] მომდევნო წელს მიწვეული იყო სან-ფრანცისკოს ოპერაში, სადაც „ელექტრა“, „ვალკირია“ და „ტრისტანი“ იდირიჟორა.[42] 1954 წელს გლინდებორნის ფესტივალზე „დონ ჯოვანი“ შეასრულა. The Times-ის მიმომხილველი წერდა, რომ შოლტის „ცოცხალ და მგრძნობიარე“ დირიჟორობას ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვა.[43] იმავე წელს, რავინიას ფესტივალზე, პირველად უდირიჟორა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრს.[44] 1960 წელს ჰქონდა დებიუტი მეტროპოლიტენის ოპერაში, სადაც „ტანჰოიზერი“ იდირიჟორა; მეტროპოლიტენში იგი 1964 წლამდე გამოდიოდა.[45]

შოლტის სტუდიური კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1956 წელი, როცა ჯონ კალშოუ Decca-ს კლასიკური ჩანაწერების პროგრამის ხელმძღვანელი გახდა. კალშოუს შოლტი თავისი დროის უდიდეს ვაგნერიანელ დირიჟორად მიაჩნდა[46] და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩაეწერა „ნიბელუნგის ბეჭდის“ ოთხივე ოპერა შოლტის და იმ დროის საუკეთესო ვაგნერიანელ მომღერალთა მონაწილეობით.[47] კალშოუს მიერ შეკრებილ ანსამბლში შედიოდნენ კირსტენ ფლაგსტადი, ჰანს ჰოტერი, ბირგიტ ნილსონი, ვოლფგანგ ვინდგასენი, გოტლობ ფრიკი, ჯოან საზერლენდი და სხვები.[48] ამ დრომდე, რიხარდ შტრაუსის „არაბელას“ გარდა, რომელიც 1957 წელს, კარლ ბემის მოულდონელი უარის შემდეგ ჩაწერა, შოლტის ოპერა სრული სახით არ ჰქონდა ჩაწერილი. 1958 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მოხდა „ბეჭდის“ ტეტრალოგიის პირველი ოპერის, „რაინის ოქროს“ ჩაწერა.[28] თავიანთ მემუარებში კალშოუ და შოლტი იხსენებენ ვალტერ ლეგეს, კონკურენტი ხმის ჩამწერი კომპანია EMI-ს დიერქტორის, პროგნოზს, რომ „რაინის ოქრო“ კომერციული თვალსაზრისით კატასტროფა იქნებოდა.[49][შ 7] ჩანაწერის წარმატება მთელი ხმის ჩამწერი ინდუსტრიისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. „ბილბორდის“ ჩარტებში იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო, ელვის პრესლის და პეტ ბუნის ბესტსელერების გვერდით, შოლტის კი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.[51] იგი ნიუ-იორკის, ვენის და ლოს-ანჯელესის წამყვანმა ორკესტრებმა მიიწვიეს; კოვენტ გარდენში იდირიჟორა „ვარდის რაინდი“ და ბენჯამინ ბრიტენის ოპერა „ზაფხულის ღამის სიზმარი“.[4]

კოვენტ გარდენი რედაქტირება

 
სამეფო ოპერა, კოვენტ გარდენი

1960 წელს შოლტიმ ლოს-ანჯელესის ფილარმონიულ ორკესტრთან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის ძალითაც 1962 წლიდან სამი წლით მისი მუსიკალური დირექტორის პოსტი უნდა დაეკავებინა.[52] ეს პოსტი დაკავებულიც კი არ ჰქონდა, როცა ორკესტრის ავტოკრატიულმა მმართველმა, დოროთი ჩენდლერმა კონტრაქტი დაარღვია და მუსიკალური დირექტორის მოადგილე მისი თანხმობის გარეშე დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული დირიჟორი, ზუბინ მეტა, შოლტის ძალიან მოსწონდა, თავის უფლებამოსილებაში ასეთ უხეშ ჩარევას არ შეეგუა და კონტრაქტი გაწყვიტა.[52] ნაცვლად ამისა, დათანხმდა შემოთავაზებას ლონდონის კოვენტ გარდენის საოპერო თეატრის დირექტორად მუშაობაზე. პირველი შემოთავაზების დროს მას ამ პოსტზე უარი ჰქონდა ნათქვამი. მიუნხენსა და ფრანკფურტში თოთხმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ, არ იყო დარწმუნებული, რომ სურდა ოპერაში მესამედ მუშაობა.[53] გარდა ამისა, მხოლოდ 15 წლით ადრე დაარსებული კოვენტ გარდენი ჯერ შორს იყო ევროპის საუკეთესო საოპერო თეატრების სტანდარტებისგან.[54] მიუხედავად ყველაფრისა, ბრუნო ვალტერმა იგი დაარწმუნა, რომ კოვენტ გარდენზე პასუხისმებლობის აღება მისი მოვალეობა იყო.[55]

ბიოგრაფი მონტეგ ჰოლტრეხტი ვარაუდობს, რომ შოლტიმ ლოს-ანჯელესის მხრიდან კონტრაქტის დარღვევა საბაბად გამოიყენა, რათა ლოს-ანჯელესის ორკესტრი მიეტოვებინა და კოვენტ გარდენში წასულიყო.[56] თუმცა, შოლტი მემუარებში წერს, რომ ლოს-ანჯელესში მუშაობა ძალიან უნდოდა.[52] თავიდან იგი ორივე პოსტის ერთდროულად დაკავებას განიზრახავდა, თუმცა, მოგვიანებით აღიარა, რომ გაუმართლა, რადგან ორივე ადგილას მუშაობის შემთხვევაში სათანადო ყურადღებას ვერცერთს მიაქცევდა.[52]

კოვენტ გარდენის მუსიკალურ დირექტორად მუშაობა შოლტიმ 1961 წლის აგვისტოში დაიწყო.[57] პრესამ იგი თავშეკავებულად, მაგრამ გულთბილად მიიღო, თუმცა, არსებობდა შეშფოთება, რომ მისი ხელმძღვანელობით მოხდებოდა ოპერის თავდაპირველი პოლიტიკიდან გადახვევა, რომელიც ოპერების ინგლისურად შესრულებას გულისხმობდა. აღმოჩნდა, რომ შოლტი ოპერის ხალხისთვის გასაგებ ენაზე შესრულების მომხრე იყო[58][შ 8] და იგი ხელს უწყობდა მომღერლებს ბრიტანეთიდან და ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან, ხშირად იწვევდა რა მათ ჩანაწერებსა და სპექტაკლებში უცხოელი მომღერლების ნაცვლად.[60] ამის დემონსტრირება იყო სამმაგი ინგლისურენოვანი საღამო, სადაც რაველის „ესპანური საათი“ (L'heure espagnole), შონბერგის „მოლოდინი“ (Erwartung) და პუჩინის „ჯანი სკიკი“ (Gianni Schicchi) შესრულდა.[61] მიუხედავად ამისა, დეკადის ბოლოსთვის სულ უფრო მეტი წარმოდგენის გამართვა ხდებოდა საჭირო ორიგინალურ ენაზე, მეტწილად, საერთაშორისო ვარსკვლავების გამო.[62]

შოლტიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი კოვენტ გარდენის მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრად ქცევა იყო. ბევრი ფიქრობს, რომ მან ეს შეძლო.

წინამორბედ რაფაელ კუბელიკის და მემკვიდრე კოლინ დევისის მსგავსად შოლტის მოღვაწეობის პირველ პერიოდს კოვენტ გარდენის აუდიტორიის გარკვეული წრეების მხრიდან მტრული დამოკიდებულება ახლდა თან.[63] მას დამპალ ბოსტნეულს ესროდნენ,[4] მის მანქანაზე კი „შოლტი უნდა წავიდეს!“ („Solti must go!“) ამოკაწრეს.[64] პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი მიმოხილვა ძლიერ კრიტიკული იყო. შოლტი ისე გაანაწყენა The Times-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ მის მიერ დადგმულ „ფიგაროს ქორწინებაზე“, რომ სასოწარკვეთილი თეატრიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა.[13][შ 9] თეატრის მთავარმა აღმასრულებელმა, დეივიდ ვებსტერმა შოლტი დაარწმუნა, დარჩენილიყო. სიტუაცია გაუმჯობესდა იმ ცვლილებათა განხორციელების შემდეგ, რომელთაც შოლტი დაჟინებით მოითხოვდა.[68] გუნდი და ორკესტრი დამატებითი მუსიკოსებით გაძლიერდა,[4] ხოლო მუსიკალური და დრამატული ინტერესებიდან გამომდინარე, შოლტიმ ძველი, რეპერტუარული სისტემის ნაცვლად სეზონური (stagione) სისტემა შემოიღო.[შ 10] უკვე 1967 წლისთვის იგივე Times წერდა: „კოვენტ გარდენის მფარველები დღესდღეობით ავტომატურად მოელიან, რომ ყოველი ახალი წარმოდგენა და მით უმეტეს, ყოველი ხელახალი დადგმა ისეთივე ძლიერი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, როგორც ნებისმიერი რამ ნიუ-იორკის მეტში და ისეთივე ყურადღებით შესრულებული, როგორც ნებისმიერი რამ მილანსა და ვენაში.“[70]

თეატრის 1960-იანი წლების რეპერტუარი სტანდარტულ ოპერებთან ერთად ნაკლებადცნობილი ნაწარმოებებითაც შეივსო. შოლტის ხელმძღვანელობის დროიდან ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროდუქცია შონბერგის „მოსე და არონი“ იყო 1965–66 და 1966–67 წლების სეზონებიდან.[71] 1970 წელს იგი თეატრს გერმანიაში ტურნეზე წარუძღვა, სადაც მათ ვერდის „დონ კარლოსი“ და „ფალსტაფი“, ასევე რიჩარდ როდნი ბენეტის ახალი ოპერა „გამარჯვება“ (Victory) შეასრულეს. Frankfurter Allgemeine Zeitung-ის მიხედვით ბერლინის და მიუნხენის აუდიტორია „ენთუზიაზმს ვეღარ იტევდა“.[72]

მელოტი თავის და მომთხოვნი სარეპეტიციო სტილის გამო შოლტის „The Screaming Skull“ („მყვირალა თავის ქალა“) შეარქვეს.[4] მუსიკის ერთ-ერთი ისტორიკოსი მასზე წერს: „მუდამ მოფუსფუსე და მოუსვენარი გეორგ შოლტი, კაცი, რომლის მთელი ფიზიკური და მენტალური დამოკიდებულება გამოხატავდა სიტყვებს „აქ მე ვარ უფროსი“.[73] მომღერალმა პიტერ გლოსოპმა იგი ბულინგში დაადანაშაულა,[74] ჯონ ვიკერსმა კი მასთან მხოლოდ ერთხელ იმუშავა და სხვა დროს იგივეს განმეორებაზე უარი განაცხადა.[75][შ 11] მიუხედავად ყველაფრისა, მისი ხელმძღვანელობით კოვენტ გარდენი მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებს გაუთანაბრდა.[70] ელიზაბეტ II-მ 1968 წელს გამართულ ცერემონიალზე თეატრს „სამეფო ოპერის“ ტიტული მიანიჭა.[77] ამ დროისათვის შოლტი, ბიოგრაფ პოლ რობინსონის სიტყვებით, „კარაიანის შემდეგ ყველაზე აღიარებული მოქმედი დირიჟორი იყო“.[78] მუსიკალურ დირექტორად მუშაობის ათწლეულის დასასრულს შოლტის კოვენტ გარდენში 13 კომპოზიტორის 33 ოპერა ჰქონდა დადგმული.[შ 12]

1964 წელს შოლტი მეუღლეს დაშორდა. იგი სასტუმრო „სავოიში“ გადავიდა, სადაც ცოტა ხნის შემდეგ შეხვდა ვალერი პიტსს, სატელევიზიო წამყვანს, რომელიც მასთან ინტერვიუს ჩასაწერად იყო გაგზავნილი.[80] პიტსიც დაქორწინებული იყო, თუმცა, სამწლიანი მცდელობის შემდეგ შოლტიმ დაიყოლია, ქმარს დაშორებოდა. ისინი 1967 წლის 11 ნოემბერს დაქორწინდნენ.[81] მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ.[8]

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი რედაქტირება

 
შოლტი (1975)

1967 წელს შოლტის, უკვე მეორედ, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს. პირველად ეს 1963 წელს, ფრიც რაინერის გარდაცვალების შემდეგ მოხდა.[82] მაშინ შოლტიმ ორკესტრის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ კოვენტ გარდენში მისი მოვალეობების გამო არ შეეძლო ჩიკაგოს ორკესტრისთვის წელწადში რვა თვე დაეთმო, როგორც ამას ორკესტრის მენეჯმენტი ითხოვდა.[83] მან შესთავაზა, რომ წელიწადში სამ-ნახევარ თვეს დაუთმობდა და მსგავსი შეთანხმებით კარლო მარია ჯულინიც დაექირავებინათ. ორკესტრმა ასეთ შეთანხმებაზე უარი განაცხადა.[83] როცა შოლტი მეორე შემოთავაზებას დათანხმდა, ასევე მოხდა შეთანხმება ჯულინის დანიშვნაზეც, რომელიც დირიჟორის მოვალეობებს შოლტისთან გაინაწილებდა.[შ 13] ორივე დირიჟორმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 1969 წელს შედიოდა ძალაში.[85]

ერთ-ერთმა წევრმა შოლტის ჩიკაგოს ორკესტრი დაუხასიათა, როგორც „საუკეთესო პროვინციული ორკესტრი მსოფლიოში“.[83] რაინერის წარმატებული დეკადიდან ბევრი მუსიკოსი იყო შემორჩენილი, თუმცა, სულისკვეთება დაბალი იყო და ორკესტრს $5 მილიონი ვალი ჰქონდა.[4] შოლტიმ დაასკვნა, რომ აუცილებელი იყო ორკესტრის საერთაშორისო რეპუტაციის გაუმჯობესება. მან ორკესტრი Decca-ს სტუდიურ სესიებში ჩართო, 1971 წელს კი ჯულინისთან ერთად ევროპულ ტურნეზე წაიყვანა, რომლის ფარგლებშიც კონცერტები 10 ქვეყანაში ჩატარდა. ორკესტრის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე ეს ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ პირველი გასვლა იყო.[83] ორკესტრმა ევროპული კრიტიკისგან აღფრთოვანება დაიმსახურა,[86][შ 14] სამშობლოში დაბრუნებისას კი მას საზეიმო აღლუმით დახვდნენ.[4]

ორკესტრის პირველი ფლეიტა, დონალდ პეკი, შენიშნავს, რომ დირიჟორსა და ორკესტრს შორის ურთიერთობა რთულად ასახსნელია: „ზოგიერთი დირიჟორი გარკვეულ ორკესტრებს ეწყობა, სხვებს კი ვერა. ჩვენ და შოლტი ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით.“[89] პეკის კოლეგა, მევიოლინე ვიქტორ ეიტეი ამბობდა: „ჩვეულებრივ, დირიჟორები რეპეტიციებზე მოშვებულები არიან და კონცერტებზე – დაძაბულები. შოლტი პირიქითაა. ის რეპეტიციებზე ძალიან დაძაბულია, რაც კონცენტრირებას გვაიძულებს, მაგრამ მოშვებულია კონცერტების დროს, რაც ორკესტრს ძალიან ეხმარება.“[90] პეკი იხსენებს, რომ შოლტი გამუდმებით ცდილობდა თავისივე ტექნიკის გაუმჯობესებასაც: „ერთხელ ჯოხის გარეშეც სცადა დირიჟორობა, რითიც ორკესტრისგან უფრო მუქი და ღრმა, ამავე დროს, მსუბუქი ბგერა მიიღო.“[91]

შესანიშნავია, როცა მუსიკალურად ბედნიერ ქორწინებაში ხარ. ... მე ვარ და ეს ვიცი. მე რომანტიკული მუსიკოსი ვარ და ეს რომანტიკული ორკესტრია. ესაა ჩვენი საიდუმლო...
— გეორგ შოლტი (1973)[92]

ორკესტრის რეპუტაციის ზრდის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა, შოლტიმ მისი რეპერტუარიც გააფართოვა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ პირველად შეასრულა ორკესტრმა ბრუკნერის და მალერის სიმფონიების სრული ციკლი. შესრულდა სპეციალურად ორკესტრისთვის შეკვეთილი ახალი ნაწარმოებებიც, მათ შორის, ლუტოსლავსკის მე-3 სიმფონია და მაიკლ ტიპეტის მე-4 სიმფონია, რომელიც შოლტის ეძღვნებოდა.[4] კიდევ ერთი ახალი ნაწარმოები იყო ტიპეტის „ბიზანტია“ (Byzantium), საორკესტრო ვოკალური ციკლი, რომლის პრემიერაც სოპრანო ფეი რობინსონთან ერთად შედგა. შოლტის პროგრამებში ხშირად შედიოდა ამერიკელი კომპოზიტორების, მათ შორის, ჩარლზ აივზის და ელიოტ კარტერის მუსიკა.[4]

ჩიკაგოს სიმფონიურთან გაკეთებული ჩანაწერებიდან აღსანიშნავია ბეთჰოვენის, ბრამსის, ბრუკნერის და მალერის სიმფონიების სრული ციკლები.[28] საოპერო ჩანაწერებს შოლტი სხვა ორკესტრებთან ერთად აკეთებდა ხოლმე, თუმცა „მფრინავი ჰოლანდიელის“ (1976), „ფიდელიოს“ (1979), „მოსე და არონის“ (1984) ჩანაწერები, ასევე, „მაისტერზინგერების“ (1995) და „ოტელოს“ (1991) ხელმეორე ჩანაწერები ჩიკაგოსთან ერთად გააკეთა.[28]

1991 წელს ორკესტრის მუსიკალური დირექტორის პოსტი დატოვა, თუმცა მასთან თანამშრომლობას აგრძელებდა და საპატიო მუსიკალური დირექტორის ტიტულიც მიენიჭა. მთლიანობაში, ორკესტრთან ერთად 999 კონცერტი ჩაატარა. დაგეგმილი იყო მე-1,000 კონცერტიც 1997 წლის ოქტომბერში, მის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თუმცა, შოლტი სექტემბერში გარდაიცვალა.[93]

უკანასკნელი წლები რედაქტირება

გარდა ჩიკაგოში მუშაობისა, შოლტი 1972-75 წლებში პარიზის ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი,[8] ხოლო 1979-83 წლებში ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორიც იყო.[8] იგი აგრძელებდა რეპერტუარის გაფართოებას. ლონდონის ფილარმონიულთან ერთად ელგარის ბევრი ნაწარმოები შეასრულა და ჩაწერა კიდეც.[28] მისი ორი სიმფონიის შესრულებამდე იგი კომპოზიტორის მიერვე 40 წლით ადრე გაკეთებულ ჩანაწერებს სწავლობდა. მასზე გავლენა მოახდინა მათმა სწრაფმა ტემპებმა და ენერგიულმა საშემსრულებლო მანერამ.[94] The Guardian-ის კრიტიკოსი წერდა, რომ „ავთენტური დაძაბულობის და დიდებული ელგარისეული მომენტების“ გადმოცემა შოლტიმ ყველა წინამორბედზე უკეთ შეძლო.[94] დიმიტრი შოსტაკოვიჩის მუსიკით კარიერის მიწურულს დაინტერესდა და ნანობდა, რომ კომპოზიტორის სიცოცხლეში მისი სათანადოდ დაფასება ვერ შეძლო.[95] შოსტაკოვიჩის 15 სიმფონიიდან მან 7 ჩაწერა.[შ 15]

სადირიჟორო პულტთან დგომის მისეული ენერგიული და მძლავრი მანერა ნათლად იყო აღბეჭდილი მუსიკაშიც. ... ბევრი ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი სადირიჟორო სტილი შერბილდა, თუმცა, მისი პერფორმანსები ბოლომდე ამაღლელვებელი იყო.
გროუვის მუსიკალური ენციკლოპედია [7]

1983 წელს შოლტიმ პირველად იდირიჟორა ბაიროითის ფესტივალზე. კარიერის ამ ეტაპზე მას აღარ მოსწონდა ვაგნერის აბსტრაქტული დადგმები და მოდერნისტული რეინტერპრეტაციები, როგორიც იყო პატრის შეროს 1976 წლის „ბეჭედი“ ბაიროითში, რომელიც რამდენიმე ნახვის შემდეგ მოსაწყენად მოეჩვენა.[96] რეჟისორ პიტერ ჰოლთან და დიზაინერ უილიამ დადლისთან ერთად მან წარმოადგინა „ბეჭდის“ ციკლი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ვაგნერის თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებას ისახავდა მიზნად. დადგმა გერმანულმა კრიტიკამ, რომელიც რადიკალურ რეინტერპრეტაციებს იყო მიჩვეული, ცუდად მიიღო.[97] შოლტის დირიჟორობამ ქება დაიმსახურა, მაგრამ წამყვანი შემსრულებლების ავადმყოფობამ და ბოლო წუთს ჩანაცვლებამ სიმღერის ხარისხზე ცუდად იმოქმედა.[98] ბაიროითში იგი შემდეგ სეზონზეც მიიწვიეს, მაგრამ თავს ცუდად გრძნობდა და მედიკოსების რჩევით, 1984 წლის ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.[99]

1991 წელს შოლტიმ მსახიობ და კომპოზიტორ დადლი მურთან კოლაბორაციით შექმნა რვანაწილიანი სატელევიზიო ფილმი Orchestra!, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის სიმფონიური ორკესტრის გაცნობა იყო.[100] 1994 წელს უხემძღვანელა „შოლტის საორკესტრო პროექტს“ კარნეგი ჰოლში, რაც ახალგაზრდა ამერიკელი მუსიკოსებისთვის სასწავლო ვორქშოფს წარმოადგენდა.[101] მომდევნო წელს, გაეროს 50 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოაყალიბა მსოფლიო ორკესტრი მშვიდობისათვის, რომელიც 40 სხვადასხვა ქვეყნის 81 მუსიკოსისგან შედგებოდა.[102] ორკესტრი მოღვაწეობას მისი გარდაცვალების შემდეგაც, ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით აგრძელებს.[103]

შოლტი, მიწვეული დირიჟორის რანგში, რეგულარულად ბრუნდებოდა კოვენტ გარდენში, სადაც ყოველთვის ისე ხვდებოდნენ, როგორც გმირს.[7] 1972-დან 1997 წლამდე აქ 10 ოპერა იდირიჟორა, ზოგიერთი რამდენჯერმე. მათ შორის 5 ისეთი იყო, რომელიც თეატრში მოღვაწეობისას არ ჰქონდა შესრულებული: „კარმენი“, „პარსიფალი“, „მოტაცება სერალიიდან“, „სიმონ ბოკანეგრა“ და „ტრავიატას“ აღიარებული დადგმა (1994), რომელმაც ანჯელა გეორგიუს ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა.[79][104] 1997 წლის 14 ივლისს იდირიჟორა ბოლო საოპერო მუსიკა ძველ თეატრში, ვიდრე მას რემონტის მიზნით ორ წელზე მეტი ხნით დახურავდნენ.[შ 16] წინა დღეს, კონცერტზე, რომელიც მისთვის ბოლო სიმფინიური საღამო აღმოჩნდა, იდირიჟორა მალერის მე-5 სიმფონია ციურიხის ტონჰალეს ორკესტრთან ერთად. ეს იგივე ორკესტრი იყო, რომელთანაც 50 წლით ადრე პირველი სტუდიური ჩანაწერი ჰქონდა გაკეთებული.[28]

შოლტი მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა, 1997 წლის 5 სექტემბერს, როცა სამხრეთ საფრანგეთში, ანტიბში ისვენებდა.[106] იგი 84 წლის იყო. ბუდაპეშტში გამართული სახელმწიფო ცერემონიალის შემდეგ მისი ფერფლი ფარკაშრეტის სასაფლაოზე, ბელა ბარტოკის ნეშტის გვერდით დაკრძალეს.[107]

როგორც დირიჟორი რედაქტირება

 
შოლტი, 1974

შოლტის ვიზუალური მეხსიერება ბევრად უფრო სუსტი იყო, ვიდრე ტოსკანინის ან კარაიანისა. ამის გამო პარტიტურებს გაცილებით ნელა სწავლობდა, თითოეულ ნოტს ცალ-ცალკე. ლისტის მუსიკის აკადემიაში დირიჟორობის სრულიად მცდარი, მაჯის მოძრაობებზე დამყარებული ტექნიკა ასწავლეს, რის დასავიწყებლადაც რამდენიმე წელი დასჭირდა. შეიძლება ითქვას, რომ დირიჟორობა ბუდაპეშტის ოპერაში რეპეტიტორად მუშაობის დროს, იმ დროის უდიდეს დირიჟორებზე: ერიკ კლაიბერზე, ფრიც ბუშზე, ისაი დობროვენზე და ბრუნო ვალტერზე დაკვირვებით ისწავლა. მოგვიანებით, ზალცბურგში ყოფნისას, მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა ტოსკანინის სუფთა ტექნიკამ და საოცარმა ინტერპრეტაციებმა.

მისი რეპერტუარი მუსიკის ისტორიის 250 წელზე მეტს მოიცავდა. ძველი მუსიკის წარმომადგენლებიდან შესრულებული აქვს ბახის, ჰენრი პერსელის, ჰენდელის, გლუკის და ჰაიდნის ნაწარმოებები, ორატორიების და ოპერების ჩათვლით. მოცარტის მუსიკას ადრეულ ასაკში გაეცნო და სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებით უყვარდა. ხშირად დირიჟორობდა ბეთჰოვენს, შუბერტს და ბერლიოზს. უყვარდა ფერენც ლისტი, თუმცა, როგორც პიანისტი, მისი განსაკუთრებით რთული ნაწარმოებების დაკვრისგან თავს იკავებდა. შესრულებული აქვს შუმანის, მენდელსონის და ბრამსის სიმფონიებიც.

როგორც თავად ამბობდა, მისი ფავორიტი საოპერო კომპოზიტორი ვერდი იყო, რომლის ხშირად შესრულებული ოპერები („ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ტრუბადური“ და „აიდა“) ჯერ კიდევ ბუდაპეშტში შეუყვარდა. კომპოზიტორის სხვა შედევრები, როგორიცაა „ოტელო“ და „ფალსტაფი“, მას ტოსკანინიმ გააცნო. ასევე დირიჟორობდა „ბედის ძალას“, „დონ კარლოსს“ და „სიმონ ბოკანეგრას“.

პუჩინის ნაწარმოებებს შორის განსაკუთრებით აფასებდა „ბოჰემას“, „ტოსკას“, „ჯანი სკიკის“ და „ტურანდოტს“. არ მოსწონდა „მადამ ბატერფლაი“ და „დასავლეთის ქალიშვილი“, არა მათი მუსიკის, არამედ იაპონური და ველური დასავლეთის ნაძალადევი, ხელოვნური ატმოსფეროს გამო. „ჯანი სკიკი“ მისი ფავორიტი იყო და მას პუჩინის ყველაზე „მოცარტულ“ ოპერას უწოდებდა.

მის საყვარელ კომპოზიტორებში შედიოდნენ ჩაიკოვსკი, ვაგნერი, შონბერგი და რიხარდ შტრაუსი. ბუდაპეშტის აკადემიაში დებიუსის ბევრი ნაწარმოები ჰქონდა შესწავლილი და მისი მუსიკის დირიჟორობა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. შესრულებული და ჩაწერილი აქვს რაველის ბევრი კომპოზიციაც.

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა უნგრელი კომპოზიტორების (ბელა ბარტოკის, ზოლტან კოდაის, ლეო ვაინერის) მუსიკის პოპულარიზაციას. მიაჩნდა, რომ ბარტოკის „მიკროკოსმოსი“ სულ მცირე ისეთივე მნიშვნელობის ნაწარმოები იყო, როგორც ბახის „კარგად ტემპერირებული კლავირი“. რეჟისორ იშტვან საბოსთან ერთად ბარტოკის ოპერის „ლურჯწვერას სასახლის“ მიხედვით ფილმის გადაღებასაც გეგმავდა, თუმცა, ეს იდეა ვერ განხორციელდა.[108]

ჩანაწერები რედაქტირება

თავისი კარიერის განმავლობაში შოლტი ჩანაწერებს Decca Records-ისთვის აკეთებდა. მას 250-ზე მეტი ჩანაწერი აქვს გაკეთებული, მათ შორის, 45 სრული საოპერო კომპლექტია.[109] 1950-იან და 1960-იან წლებში Decca-ს RCA Victor-თან ჰქონდა ალიანსი და შოლტის რამდენიმე ძველი ჩანაწერი ამ უკანასკნელი ლეიბლითაა გამოსული.[28]

შოლტი ერთ-ერთი პირველი დირიჟორი იყო, რომელმაც საერთაშორისო აღიარებას ჩანაწერებით მანამდე მიაღწია, ვიდრე საკონცერტო დარბაზებსა და საოპერო თეატრებში გახდებოდა ცნობილი. გორდონ პერი, Decca-ს ინჟინერი, რომელიც შოლტისთან და კალშოუსთან ერთად „ბეჭდის“ ჩაწერაზე მუშაობდა, შენიშნავს: „ბევრი ამბობდა, „რა თქმა უნდა, შოლტი კალშოუმ შექმნა“, თუმცა ეს ასე არ იყო. კალშოუმ, უბრალოდ, საშუალება მისცა, თავისი შესაძლებლობები ეჩვენებინა.“[82]

შოლტის პირველი ჩანაწერები, რომლებიც 1947 წლით თარიღდება, მევიოლინე გეორგ კულენკამპფის საფორტეპიანო აკომპანიმენტს წარმოადგენს.[28] დეკას მთავარი პროდიუსერი, ვიქტორ ოლოფი, შოლტის დირიჟორობით დიდად არ იყო აღფრთოვანებული,[110] (არც ვალტერ ლეგე, კონკურენტი EMI-ს დირექტორი),[111] თუმცა, ოლოფის უმცროსი კოლეგა და მემკვიდრე, კალშოუ, მას დიდად აფასებდა. მას შემდეგ, რაც მისი პროდიუსერობა კალშოუმ და მოგვიანებით, ჯეიმზ უოკერმა ითავეს, შოლტის სტუდიური კარიერა გაიფურჩქნა.[28] ორკესტრებს შორის, რომლებთანაც შოლტი თანამშრომლობდა, შედიოდა ბერლინის ფილარმონიული, ჩიკაგოს სიმფონიური, ლონდონის ფილარმონიული და ვენის ფილარმონიული ორკესტრები.[28] საოპერო სოლისტებს შორის აღსანიშნავია ბირგიტ ნილსონი, ჯოან საზერლენდი, რეჯინ კრესპინი, პლასიდო დომინგო, გოტლობ ფრიკი, კარლო ბერგონცი, კირი ტე კანავა და ხოსე ვან დამი.[28] კონცერტების ჩანაწერებში შოლტი თანამშრომლობდა ანდრას შიფთან, იულიუს კეჩენთან, კლიფორდ კურზონთან, ვლადიმირ აშკენაზისთან, კიუნგ-უა ჩუნგთან და სხვა სოლო შემსრულებლებთან.[28]

შოლტის ყველაზე აღიარებული ჩანაწერი ვაგნერის „ბეჭედია“, რომელიც ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად კალშოუს პროდიუსერობით, 1958-1965 წლებში ჩაიწერა. იგი ორჯერ დასახელდა ყველა დროის უდიდეს მუსიკალურ ჩანაწერად. პირველი იყო ჟურნალ Gramophone-ის მიერ 1999 წელს მკითხველთა შორის ჩატარებული კვლევა,[112] ხოლო მეორე 2011 წელს, „BBC-ს მუსიკალური ჟურნალის“ მიერ პროფესიონალ მუსიკის კრიტიკოსებს შორის ჩატარებული გამოკითხვა.[113]

მემკვიდრეობა რედაქტირება

 
მემორიალური დაფა ბუდაპეშტში, მაროშის ქუჩაზე, შენობაში, სადაც შოლტი დაიბადა

შოლტის ჯილდოთა შორისაა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ორდენი (CBE, საპატიო, 1968)[8] და ბრიტანეთის იმპერიის საპატიო რაინდის წოდება (KBE, 1971),[114] რომელიც ნამდვილ რაინდის წოდებად იქცა 1972 წელს, როცა მან ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც იწოდებოდა, როგორც სერ გეორგ შოლტი.[4] მიღებული ჰქონდა ავსტრიის, ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, იტალიის, პორტუგალიის და აშშ-ის სახელმწიფო ჯილდოები. იყო სამეფო მუსიკალური კოლეჯის, ასევე დეპოლის, ფურმანის, ჰარვარდის, ლიდსის, ლონდონის, ოქსფორდის, სარის და იელის უნივერსიტეტების საპატიო წევრი ან საპატიო ხარისხის მფლობელი.[8]

1987 წელს, შოლტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩიკაგოში, ლინკოლნის პარკის კონსერვატორიასთან ახლოს მისი ბრინჯაოს ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია ელისაბეტ ფრინკი.[115] თავდაპირველად იგი დროებით ლონდონში, სამეფო ოპერაში იყო განთავსებული.[116] სკულპტურა 2006 წელს ჩიკაგოს გრანტის პარკში, ახლადგახსნილ შოლტის ბაღში გადაიტანეს, სიმფონიური ცენტრის ახლოს.[117] 1997 წელს, მისი 85 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩიკაგოს სიმფონიური ცენტრის მოსაზღვრე კვარტალს ისტ ადამსის ქუჩაზე მისი სახელი („Sir Georg Solti Place“) უწოდეს.[118]

 
შოლტის საფლავი, ბუდაპეშტი

ხმის ჩამწერი ინდუსტრიისგან 14-ჯერ აქვს მიღებული მსოფლიო დისკის გრანპრი (Grand Prix Mondial du Disque), ასევე, 31 გრემი, მათ შორის განსაკუთრებული Trustees' Grammy Award, რომელიც ჯონ კალშოუსთან ერთად 1967 წელს მიიღო „ბეჭდის“ ცნობილი ჩანაწერისთვის და Grammy Lifetime Achievement Award (1996).[8] მას უფრო მეტი გრემი აქვს მოგებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა მუსიკოსს, როგორც კლასიკური, ისე პოპულარული მუსიკის სფეროში.[109] 2007 წლის სექტემბერში, შოლტის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე Decca-მ მისი ბოლო კონცერტის ჩანაწერი გამოსცა.[28]

ორ წელიწადში ერთხელ ფრანკფურტში სერ გეორგ შოლტის სახელობის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსი ტარდება.[119]

შოლტის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა და ქალიშვილებმა ახალგაზრდა მუსიკოსების დასახმარებლად ფონდი შექმნეს.[120] შოლტის მემუარები, რომლებიც ჰარვი ზაქსის დახმარებით იწერებოდა, მისი გარდაცვალებიდან ერთ თვეში გამოიცა.[121] მის ცხოვრებაზე 1997 წელს პიტერ მანიურამ ფილმიც გადაიღო, სახელწოდებით „სერ გეორგ შოლტი: როგორ იქმნებოდა მაესტრო“ (Sir Georg Solti: The Making of a Maestro).[122]

2012 წელს, დირიჟორის ასწლოვანი იუბილის აღსანიშნავად, ჩატარდა ღონისძიებათა სერია სახელით „Solti @ 100“. მათ შორის იყო კონცერტები ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში, მემორიალური გამოფენები ლონდონში, ჩიკაგოში, ვენასა და ნიუ-იორკში.[113] იმავე წელს შოლტი Gramophone-ის საინაუგურაციო დიდების დარბაზში შეიყვანეს.[123]

შენიშვნები რედაქტირება

  1. ოჯახს ქალაქ შოლტთან არაფერი აკავშირებდა და როგორც ჩანს, შტერნმა ქალაქი შემთხვევით შეარჩია.[4]
  2. ეს დანიშვნა კონტროლდებოდა ჰორტის კიდევ ერთი კანონით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს უნდა დაედასტურებინათ, რომ მათი ოჯახი სულ მცირე ბოლო 50 წლის მანძილზე უნგრეთში ცხოვრობდა. მორ შტერნი მშობლიურ სოფელ ბალატონფეკაიარში გაემგზავრა და იქაური არქივიდან მოიპოვა ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც ოჯახი უნგრეთში ბოლო 250 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.[11]
  3. შოლტი წერდა, რომ მისი ინფორმაციით, იგი პირველი არაგაქრისტიანებული ებრაელი იყო, რომელსაც სახელმწიფო ოპერაში დირიჟორობის უფლება მისცეს.[14]
  4. შოლტის წინამორბედები ისეთი განთქმული დირიჟორები იყვნენ, როგორიცაა ჰანს ფონ ბიულოვი, ჰერმან ლევი, რიხარდ შტრაუსი, ბრუნო ვალტერი, ჰანს კნაპერტსბუში და კლემენს კრაუსი.
  5. მიუნხენში შოლტი გერმანელმა რუდოლფ კემპემ შეცვალა.
  6. სიტყვათა თამაში დიუსელდორფის ოპერის სახელზე Deutsche Oper am Rhein („გერმანული ოპერა რაინზე“).[37]
  7. შოლტი და კალშოუ ლეგეს სიტყვებს განსხვავებულად, თუმცა, ერთი და იგივე აზრით იხსენებენ. კალშოუს მიხედვით, მან თქვა: „ძალიან სასიამოვნოა, ძალიან საინტერესო. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერცერთს ვერ გაყიდით.“ შოლტი კი ფრაზას შემდეგნაირად იხსენებს: „მშვენიერი ნამუშევარია, მაგრამ ორმოცდაათ ცალსაც კი ვერ გაყიდით.“[50]
  8. მიუნხენსა და ფრანკფურტში მიღებული პრაქტიკა იყო არაგერმანული ოპერების გერმანულ ენაზე შესრულება.[59]
  9. Times-ის ანონიმური მიმოხილვის ავტორი აკრიტიკებდა შოლტის „გადატვირთულ, ქრომირებულ მიდგომას პარტიტურასთან“, სადაც „ბევრ დეტალს უბრალოდ გადაურბინეს“, შესრულება კი „უგულო და უხასიათო“ იყო.[65] მეორეს მხრივ, The Observer-ის ქება დაიმსახურა დირიჟორის „ინტელექტმა და მგრძნობიარობამ“,[66] ხოლო The Guardian საუბრობდა უდიდეს ენერგიაზე და სცენაზე მყოფი ანსამბლის თავდაჯერებულობაზე.[67]
  10. ძველი სისტემის მიხედვით ოპერას ჰქონდა გარკვეული რაოდენობის ოპერებისგან შემდგარი მუდმივი რეპერტუარი, რომელთაც სეზონის განმავლობაში ასრულებდა, თითოეულს ერთი ან ორი პერფორმანსის სახით, მცირედი რეპეტიციებით ან მათ გარეშე. სეზონური სისტემის მიხედვით, სხვადასხვა ნაწარმოები ათი ან მეტი საღამოსგან შემდგარი ბლოკების სახით იქნებოდა გაცოცხლებული და თითოეული ბლოკის წინ სრული მომზადება და რეპეტიციები ჩატარდებოდა.[69]
  11. შოლტი მის მოღვაწეობაზე ამგვარ შეხედულებას ეჭვის თვალით უყურებდა. იგი თვლიდა, რომ შესაძლოა ავტოკრატი იყო, თუმცა კეთილი, ხოლო ამბები, თითქოს იგი მომღერლებს აშინებდა, გადაჭარბებულია: „ჩემი კოვენტ გარდენში ყოფნისას ბევრი სკანდალი არ მომხდარა. იყო რამდენიმე, მაგრამ ისეთი სერიოზული, როგორც ტოსკანინისთან და კარაიანთან იყო ხოლმე, არცერთი არ ყოფილა.“[76]
  12. ახალი ოპერები, რომლებიც თეატრის რეპერტუარში ამ დროს შევიდა: ბერლიოზის „ფაუსტის წყევლა“, ბრიტენის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, გლუკის „იფიგენია ტავრიდში“, „ორფეოსი და ევრიიკე“, პუჩინის „ჯანი სკიკი“, რაველის „ესპანური საათი“, შონბერგის „მოლოდინი“, „მოსე და არონი“, შტრაუსის „არაბელა“, „ქალი ჩრდილის გარეშე“, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, ვერდის „ფალსტაფი“ და „ბედის ძალა“. თანამდებობის დატოვებამდე (1972) მან ასევე იდირიჟორა ბეთჰოვენის „ფიდელიო“, ბრიტენის „ბილი ბადი“, მოცარტის „ასე იქცევა ყველა ქალი“, „დონ ჯოვანი“, „ფიგაროს ქორწინება“, „ჯადოსნური ფლეიტა“, ოფენბახის „ჰოფმანის ზღაპრები“, შტრაუსის „ვარდის რაინდი“, „ელექტრა“ და „სალომე“, ვერდის „დონ კარლოსი“, „ოტელო“, „რიგოლეტო“, ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“, „ნიბელუნგის ბეჭდის“ სრული ციკლი, „ტრისტან და იზოლდა“ და „მფრინავი ჰოლანდიელი“.[79]
  13. ორკესტრის მენეჯმენტი საიდუმლოდ იმედოვნებდა, რომ ცნობილი დირიჟორების ტრიუმვირატს შეკრებდა – მუსიკალური დირექტორი კარაიანი იქნებოდა, ხოლო მთავარი მიწვეული დირიჟორები – შოლტი და ჯულინი, მაგრამ, კარაიანმა უარი განაცხადა.[84] კარაიანის ბიოგრაფი, რიჩარდ ოზბორნი აღნიშნავს, რომ ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრს ამით გაუმართლა, რადგან ისეთი დირიჟორი მიიღო, რომელიც თავისი დროის დიდ ნაწილს ორკესტრს სრულად უთმობდა.[84]
  14. ედინბურგის ფესტივალზე მათი გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსი უილიამ მანი წერდა: „მაცდუნებს ის აზრი, რომ მას შეერთებული შტატების ყველაზე სრულყოფილი ორკესტრი ვუწოდო. მას აქვს ბერნსტაინის ნიუ-იორკის ფილარმონიულის დახვეწილი შეტევა, ლაინსდორფის ბოსტონის სიმფონიურის ბრწყინვალება, სელის კლივლენდის სიმფონიურის კლასიკური ელეგანტურობა და ამ ყველაფერს, შოლტის ხელმძღვანელობის ქვეშ, ემატება თბილი, ადამიანური მუსიკალური გამომსახველობა, რომელიც უფრო ევროპულ და არა თანამედროვე ამერიკულ ორკესტრებთან ასოცირდება.“[87] ლონდონის კონცერტების შემდეგ ალან ბლაითი წერდა: „ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ ეს, სავარაუდოდ, ყველაზე კარგად აღჭურვილი ორკესტრია ამჟამად მსოფლიოში.“[88]
  15. სიმფონიები №1, 5, 8, 9, 10, 13 და 15.[28]
  16. შოლტიმ იდირიჟორა ფალსტაფის ფინალი, სადაც მთავარ პარტიას ბრინ ტერფელი ასრულებდა. ამ გალა-კონცერტზე, რომელიც ბალეტისა და ოპერის ერთობლივ გამომშვიდობებას წარმოადგენდა, შოლტის მემკვიდრეები, კოლინ დეივისი და ბერნარდ ჰაიტინკიც დირიჟორობდნენ.[105]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.musik-sammler.de/artist/georg-solti
  2. Goodwin, Noel. (8 September 1997) Obituary: Sir Georg Solti en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 1 September 2019
  3. Pappenheim, Mark. "Classical: An honourable homecoming – at last" დაარქივებული 2016-09-11 საიტზე Wayback Machine. , The Independent, 3 April 1998, accessed 20 March 2016
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 4.15 4.16 4.17 4.18 Follows, Stephen. "Solti, Sir Georg (1912–1997)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004; online edition, January 2011, accessed 22 February 2012 (ფასიანი რეგისტრაცია)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Fox, Sue. "Georg Solti – A Childhood", The Times, 1 July 1995
  6. Greenfield, Edward. "Sir Georg Solti", Gramophone, October 1982, p. 22
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Jacobs, Arthur and José A. Bowen. "Solti, Sir Georg", Grove Music Online, Oxford Music Online, accessed 22 February 2012 (ფასიანი რეგისტრაცია)
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 "Solti, Sir Georg", Who Was Who, A & C Black, 1920–2008; online edition, Oxford University Press, December 2007, accessed 22 February 2012 (ფასიანი რეგისტრაცია)
  9. Solti, pp. 17 and 22
  10. Solti. p. 20
  11. Solti, p. 3
  12. Solti, p. 31
  13. 13.0 13.1 13.2 Canning, Hugh. "The electric conductor – Sir Georg Solti", The Sunday Times, 9 December 1990
  14. Solti, p. 35
  15. "Sir Georg Solti – Obituary", The Times, 8 September 1997
  16. Levy, p. 323
  17. "Opera and Ballet", The Times, 2 July 1938, p. 10
  18. "Covent Garden Ballet – Carnaval", The Times, 15 July 1938, p. 14
  19. Solti, p. 5
  20. Solti, p. 54
  21. Solti, p. 55
  22. Solti, p. 59
  23. Solti, p. 56
  24. "Salzburg & Swiss exile", Georg Solti, accessed 23 February 2012
  25. Robinson, p. 13
  26. Solti, pp. 78–79
  27. Culshaw (1967), p 30
  28. 28.00 28.01 28.02 28.03 28.04 28.05 28.06 28.07 28.08 28.09 28.10 28.11 28.12 28.13 28.14 Stuart, Philip. Decca Classical, 1929–2009, AHRC Research Centre for the History and Analysis of Recorded Music, accessed 22 February 2012
  29. Culshaw (1967), p. 31
  30. Culshaw (1967), p. 32
  31. "Haydn Symphony No. 103 in E flat", The Gramophone, July 1950, p. 16
  32. Sackville-West, p. 355
  33. 33.0 33.1 Solti, pp. 85–86
  34. 34.0 34.1 Solti, p. 94
  35. Solti, p. 127
  36. Solti, pp. 100 (Watson) and 101 (Stahlman)
  37. Solti, p. 100
  38. Solti, p. 96
  39. Solti, p. 105
  40. Solti, p. 92–93
  41. Robinson, p. 16
  42. Solti, p. 102
  43. "Glyndebourne Opera – 'Don Giovanni'", The Times, 8 July 1954, p. 5
  44. "Career highlights", Georg Solti, accessed 23 February 2012
  45. Search: "Solti" დაარქივებული 2018-08-12 საიტზე Wayback Machine. , Metropolitan Opera Archives, accessed 10 June 2012
  46. Culshaw (1967), p. 52
  47. Culshaw (1967), pp. 52–53
  48. Culshaw (1967), pp. 273–274
  49. Culshaw (1967), p. 91
  50. Solti, p. 113
  51. Culshaw (1967), p. 124
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 Solti, pp. 124–125
  53. Haltrecht, p. 257
  54. Haltrecht, p. 237
  55. Haltrecht, p. 259
  56. Haltrecht, p. 258
  57. Haltrecht, p. 264
  58. "What Sort of Opera for Covent Garden?", The Times, 9 December 1960, p. 18
  59. Solti, p. 76
  60. Haltrecht, p. 295
  61. "Solti's Success with Opera in English", The Times, 18 June 1962, p. 5
  62. "Sir David Webster's 21 Years at Covent Garden", The Times, 12 April 1965, p. 14
  63. Haltrecht, pp. 207 (Kubelik) and 271 (Solti); and Canning, Hugh. "Forget the booing, remember the triumph", The Guardian, 19 July 1986, p. 11 (Davis)
  64. Haltrecht, p. 271
  65. "Mr. Solti Skates over the Score", The Times, 31 May 1963, p. 15
  66. Tracey, Edmund. "Masterstrokes in a masterpiece", The Observer, 2 June 1963, p. 23
  67. Hope-Wallace, Philip. "Le Nozze di Figaro", The Guardian, 31 May 1963, p. 9
  68. Haltrecht, p. 279
  69. "Stagione", The New Grove Dictionary of Opera, ed. Stanley Sadie, Grove Music Online Oxford Music Online, accessed 2 March 2012 (ფასიანი რეგისტრაცია)
  70. 70.0 70.1 "Twenty marvellous years at Covent Garden", The Times, 13 January 1967, p. 14
  71. Goodman, pp. 57–59
  72. Quoted in Lebrecht, p. 281
  73. Morrison, p. 217
  74. Glossop, p. 147
  75. Haltrecht, pp. 289–290
  76. Canning, Hugh. "A life on record", The Sunday Times, 14 September 1997
  77. "The Royal Opera", The Times, 24 October 1968, p. 3
  78. Robinson, p. 44
  79. 79.0 79.1 "Performance search results – Solti" დაარქივებული 2019-07-09 საიტზე Wayback Machine. , Royal Opera House Collections Online, accessed 3 March 2012
  80. Robinson, p. 38
  81. Solti, p. 137
  82. 82.0 82.1 Patmore, David. "Sir Georg Solti and the Record Industry", ARSC Journal 41.2 (Fall 2010), pp. 200–232 (ფასიანი რეგისტრაცია)
  83. 83.0 83.1 83.2 83.3 Greenfield, Edward. "The great provincials", The Guardian, 4 October 1971, p. 8
  84. 84.0 84.1 Osborne, p. 560
  85. „Bulletin Board“. Music Educators Journal. 55 (8): 111–115. 1969. doi:10.2307/3392541. JSTOR 3392541.
  86. "Symphony returns"[მკვდარი ბმული], Chicago Daily Defender, 6 October 1971, p. 20
  87. Mann, William. "Chicago SO", The Times, 6 September 1971, p. 8
  88. Blyth, Alan. "Chicago SO/Solti", The Times 5 October 1971, p. 17
  89. Peck, p. 7
  90. "Into the Fray" დაარქივებული 2013-06-18 საიტზე Wayback Machine. , Time, 11 April 1969 (ფასიანი რეგისტრაცია)
  91. Peck, p. 8
  92. Bender, William. "Solti and Chicago: A Musical Romance", Time, 7 May 1973, p. 56
  93. Tommasini, Anthony. "Living an Adventure to the End", The New York Times, 21 September 1997
  94. 94.0 94.1 Greenfield, Edward. "Echoing Elgar", The Guardian, 11 July 1972, p. 10
  95. Solti, p. 228
  96. Greenfield, Edward. "Sir Georg Solti", Gramophone, August 1981, p. 25
  97. Heyworth, Peter. "Why The Ring went wrong", The Observer, 7 August 1983
  98. Levin, Bernard. "A sand-blast and polish by a master", The Times, 17 August 1983, p. 8
  99. Hewson, David. "Solti quits 'Ring' production", The Times, 26 May 1984, p. 5
  100. Jenkins, Garry. "Orchestrating a return to musical roots – Dudley Moore and Sir Georg Solti", The Sunday Times, 13 May 1990
  101. Holland, Bernard. "Georg Solti, Teacher, Leads Carnegie's Orchestral Workshop", The New York Times, 15 June 1994; and Oestreich, James R. "Master and Pupils Mesh As Solti Project Concludes", The New York Times, 24 June 1994
  102. History, World Orchestra for Peace, accessed 28 February 2012
  103. "Valery Gergiev" დაარქივებული 2020-08-01 საიტზე Wayback Machine. , World Orchestra for Peace, accessed 8 March 2012
  104. Kettle, Martin. "Quickfire revival sees hit-and-miss Gheorghui reprise star role", The Guardian, 10 July 2010
  105. Whitworth, Damian and Dalya Alberge. "Opera buffs round off gala night with a takeaway", The Times, 15 July 1997
  106. Fay, Stephen. "Solti dies in sleep at 84", The Independent on Sunday, 7 September 1997
  107. Pappenheim, Mark. "Classical: An honourable homecoming – at last", The Independent, 3 April 1998
  108. Solti, op. cit. pp. 244-260
  109. 109.0 109.1 "Solti, Georg", Decca Classics, accessed 22 February 2012
  110. Culshaw (1982) p. 88
  111. Schwarzkopf, p. 79
  112. "Gramophone Classics", Gramophone, December 1999, p. 40
  113. 113.0 113.1 "Anniversary of Sir Georg Solti's birth to be celebrated", Royal Opera House, accessed 15 March 2012
  114. Birthday Honours", The Times, 12 June 1971, p. 10
  115. Eckert, Thor Jr. "Milestone for Maestro Solti – Chicago style", The Christian Science Monitor, 15 October 1987, accessed 21 March 2012
  116. "Grant Park: Sir Georg Solti Bust" დაარქივებული 29 July 2013 საიტზე Wayback Machine. , Chicago Park District, accessed 21 March 2012
  117. "Sir George {{sic}} Solti Bust (in Grant Park)" დაარქივებული 20 June 2010 საიტზე Wayback Machine. , Explore Chicago, accessed 28 February 2012
  118. "Solti To Be Honored With Own Street Sign", Chicago Tribune, 22 October 1997
  119. Franks, Rebecca. "Winners of International Conductors' Competition Sir Georg Solti announced", BBC Music Magazine, 25 September 2012
  120. "The Foundation" დაარქივებული 2021-10-28 საიტზე Wayback Machine. , The Solti Foundation, accessed 28 February 2012
  121. Solti and Sachs, passim
  122. Maniura, Peter (1997). Sir Georg Solti: The Making of a Maestro. Chatsworth, CA: R M Associates. OCLC 48093380. 
  123. "Sir Georg Solti" Gramophone, accessed 10 April 2012