ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გეომორფოლოგია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გეომორფოლოგია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

გეომორფოლოგია (ბერძ. γῆ — დედამიწა; μορφή — ფორმა; λόγος — მოძღვრება) — მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფს.[1][2] გეომორფოლოგია თავისი შინაარსით გეოგრაფია-გეოლოგიის მიჯნაზე იმყოფება,[3] სხვაგვარად, გეოლოგიისა და გეოგრაფიის დამაკავშირებელი დარგია.[4] შეისწავლის რელიეფის იერს, წარმოშობას, ისტორიულ განვითარებასა და დინამიკას.[2][5] გეომორფოლოგიის კვლევის ძირითადი საგანია რელიეფის ისტორიული განვითარების ჩვენება. ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების შედეგად რელიეფი განიცდის მუდმივ ცვლილებას. ენდოგენური პროცესები გამოწვეულია დედამიწის შიდა ძალებით (მთათაწარმოშობით, დედამიწის ქერქის მოძრაობით, ვულკანიზმით, მიწისძვრით),[6][7] ხოლო ეგზოგენურიმზის ენერგიის წყაროებით (გამოფიტვით, მყინვართა მოძრაობით, ზღვის, ტბის და სხვა მოქმედებით).[8][9]

გეომორფოლოგია რადგან იყენებს კვლევის ფართო მეთოდებს — იგი ამრიგად აღწევს სხვა მეცნიერებებში. გეომორფოლოგია დაკავშირებულია ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთანმეოთხეულ გეოლოგიასთან, ტექტონიკასთან, ლითოლოგიასთან, პეტროლოგიასთან, საინჟინრო გეოლოგიასთან, ჰიდროგეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, ჰიდროლოგიასთან, ოკეანოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან, გეობოტანიკასთან და სხვა.[10] გეომორფოლოგიის შესწავლის ობიექტია საკუთრივ რელიეფი, ე.ი. დედამიწის ზედაპირის უსწორმასწორობათა კომპლექსი. დედამიწის მყარი გარსი — დედამიწის ქერქი, რომელიც იზოსტაზიურ მდგომარეობაშია, თავის ზედა ნაწილში სწორედ ამ უსწორმასწორობანს წარმოქმნის.[5] მასზე ზემოქმედებას ახდენენ დედამიწის სხვა გარსები — ატმოსფერო და ჰიდროსფერო.[5] დედამიწის ქერქის ვერტიკალური და ჰორიზონტული მიმართულება არაერთგვაროვანია, რაც გამოწვეულია მისი აგებულების სხვადასხვაობით კონტინენტებზე და ოკეანეების ქვეშ. იგი შედგება მაგმური, დანალექი და მეტამორფული ქანებისაგან, რომლებიც სხვადასხვანაირად რეაგირებენ გარეგან და შინაგან პროცესებზე.[5]

ცნობილმა ბუნებისმეტყველმა ვლადიმერ ვერნადსკიმ (1863-1945) შექმნა მოძღვრება ბიოსფეროს შესახებ.[11][12][13] ამ ტერმინით განისაზღვრება მთელი დედამიწის ორგანული სამყარო. ბიოსფერო ერთგვარად მსჭვალავს ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს ზედა ნაწილს. მასში არსებული ცოცხალი ორგანიზმები ან განამარხებული ორგანული მატერიები აქტიურ მონაწილეობას იღებენ დედამიწის ზედაპირის რელიეფის ჩამოყალიბებაში. ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების შედეგად ხმელეთზე იქმნება სპეციფიკური ბიოგენური რელიეფის ფორმები და გეოლოგიური სხეულები.[5]

საკუთრივ დედამიწის რელიეფი, რომელიც წარმოადგენს ხმელეთის ზედაპირის თითქმის ჰორიზონტულ, ან მნიშვნელოვნად დახრილი ფორმების ერთობლიობას, მონაწილეობას იღებს გეომორფოლოგიური პროცესების მსვლელობაზეც. ასე მაგალითად, მთებში და ვაკე-დაბლობებზე არსებული გენეზისით მსგავსი პროცესები სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. რელიეფის ჰიფსომეტრია აგრეთვე გავლენას ახდენს რელიეფწარმოქმნაზე. გეომორფოლოგიური კვლევის დროს ფართოდ გამოიყენება გეოლოგიური, გლაციოლოგიური, გეოკრიოლოგიური, ჰიდროდინამიკური და სხვა მეთოდები.[14]

გეომორფოლოგიას როგორც დამოუკიდებელ მეცნიერების დისციპლინას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ჩამოყალიბდა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენის აზიის ბუნებრივი უბნების რელიეფის დახასიათებისა და კლასიფიკაციის ცდა.[15][16] ამ დარგის პირველ ეტაპზე დიდი წვლილი შეიტანეს აგრეთვე ალბრეხტ პენკმა (1858-1945), ვალტერ პენკმა (1888-1923) და უილიამ მორის დეივისმა (1850-1934).[5]

გეომორფოლოგია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფის აგებულებას, წარმოშობას, განვითარებასა და დინამიკას. შესწავლის მიზანია — რელიეფის განვითარების კანონების გარკვევა და საზოგადოების პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგად გამოვლინებული კანონზომიერებების გამოყენება.[5]

გეომორფოლოგია გეოგრაფიული და გეოლოგიური

გეომორფოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიზიკურ გეოგრაფიასთან და გეოლოგიასთან. ფიზიკურ გეოგრაფიასთან მას აახლოვებს ის, რომ მისი შესწავლის ობიექტია საგნები და მოვლენები, რომლებიც დედამიწის ზედაპირთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, რელიეფის განვითარების გაგება გეოლოგიური ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია. გეომორფოლოგია გეოლოგიისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ მისი შესწავლის საგანია დედამიწის ზედაპირი და კონკრეტულად ის ფორმები, რომლებიც თანადროულ დროში არსებობს, მაშინ როდესაც გეოლოგია შეისწავლის დედამიწის წიაღს, დედამიწის შიგნით მოქმედ ძალებსა და დედამიწის ისტორიას. ფიზიკური გეოგრაფიისაგან გეომორფოლოგია განსხვავდება იმით, რომ იგი შეისწავლის ლანდშაფტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც რელიეფის ფორმებითაა წარმოდგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში გეომორფოლოგიასა და ფიზიკურ გეოგრაფიას შორის არსებობს მჭიდრო კავშირი.[17]

ცნობილი ქართველი გეოგრაფი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი ამის შესახებ წერდა (რუს.):[18]

 
„გეომორფოლოგიური კვლევა ეყრდნობა რიგ გეოლოგიურ დისციპლინას, როგორებიცაა ისტორიული გეოლოგია, გეოტექტონიკა, პეტროგრაფია, ლითოლოგია, ფიზიკური გეოლოგია და სხვა. გეომორფოლოგიური კვლევა, რომელიც ტარდება გეოლოგიურ ასპექტში, გვაძლევს შესაძლებლობას გავარკვიოთ დედამიწის რელიეფის ფორმების გენეტიკური ბუნება... ეს არის გეომორფოლოგიური კვლევის ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი ნაწილი, თუმცა გეომორფოლოგიური კვლევის ამოცანები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. გეომორფოლოგია უნდა შეისწავლიდეს დედამიწის რელიეფის ფორმებს არა მხოლოდ მათი გეოლოგიური წარმოშობის ასპექტში, არამედ თანამედროვე მდგომარეობისა და გამოხატულების ასპექტშიც... გეომორფოლოგია ერთ შემთხვევაში წარმოადგენს გეოლოგიური მეცნიერების დარგს, მეორე შემთხვევაში გეოგრაფიულ დარგს...“

ისტორია

 
დედამიწა
 
დედამიწის ზედაპირი

პირველი გეომორფოლოგიური თეორია როგორც ჩანს, შეიმუშავა ჩინელმა მეცნიერმა და სახელმწიფო მოღვაწემ შენ კომ (1031-1095). იგი დაკვირვებებს ატარებდა მთათა გეოლოგიურ ფენებში არსებულ ზღვის ცხოველთა ნიჟარებზე. შენიშნა ფლატეს კვეთის გასწვრივ ჰორიზონტალურად გავრცელებული ორსაგდულიანი მოლუსკების ნიჟარების ფენები, რის საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ფლატე ადრე წარმოადგენდა ზღვის სანაპიროს, რომელიც საუკუნეების გასვლის შემდეგ გადაადგილდა საკმაოდ დიდ მანძილზე. მიაჩნდა, რომ დედამიწის ფორმა ცვალებადია და ჩამოყალიბდა იგი ნიადაგის ეროზიისა და შლამის დალექვის შედეგად. აგრეთვე, წამოაყენა თეორია კლიმატის თანდათანობითი ცვლილების შესახებ.

XVII-XVIII საუკუნეები

რელიეფზე ცნობები გროვდებოდა თანდათანობით, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. როგორც სამეცნიერო დისციპლინამ გეომორფოლოგიამ ჩამოყალიბება დაიწყო XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, გეოლოგიის კვალდაკვალ. ამ პერიოდში შეიქმნა შრომები, სადაც პირველად იყო მოცემული მეცნიერული წარმოდგენები დედამიწის ზედაპირის რელიეფის განვითარებისა და წარმოქმნის პირობების შესახებ. 1763 წელს დაიწერა მიხეილ ლომონოსოვის შრომა „დედამიწის ფენების შესახებ“, სადაც ავტორმა პირველად წამოწია ეგზოგენური და ენდოგენური ძალების ურთიერთკავშირის ხარჯზე წარმოქმნილი რელიეფის განვითარების იდეა.[5]

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა მეცნიერება აგენტების შესახებ, ეგრეთ წოდებული ნეპტუნიზმი[19] და პლუტონიზმი.[20] ნეპტუნიზმის სკოლის ფუძემდებელია აბრაამ გოტლობ ვერნერი, რომელიც თვლიდა, რომ ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო აბრაამ გოტლობ ვერნერსა და მის მიმდევრებს „ნეპტუნისტები“ ეწოდათ. ვერნერის კონცეფციის თანახმად, ქანებმა მსოფლიო ოკეანის გავლენა განიცადეს.

ვერნერის აღნიშნულმა კონცეფციამ ადგილი დაუთმო პლუტონიზმს, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ჯეიმზ ჰატონი. საკუთარი გამოკვლევები და დაკვირვებები ჰატონმა გამოაქვეყნა წიგნის სახით 1788 წელს „დედამიწის თეორია“. მანვე შეიტანა გეოლოგიაში ცნება გეოლოგიური ციკლის შესახებ.[21]

XIX საუკუნე

 
ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი

XIX საუკუნის დასაწყისში გეოლოგიაში გაბატონებული იყო კატასტროფიზმის კონცეფცია, რომლის საფუძველთან იმთავითვე იდგა ფრანგი მეცნიერი ჟორჟ კიუვიე. ამ კონცეფციის თანახმად, დედამიწის ქერქის დეფორმაციები და აგრეთვე ორგანული სამყაროს ცვლილებანი მიმდინარეობდა კატასტროფულად სწრაფად, დროის მოკლე მონაკვეთში. აღნიშნული კონცეფცია შეიქმნა ფლორისა და ფაუნის გარდაქმნის გასარკვევად, თუმცა XIX საუკუნეში მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა.[5]

მეცნიერული გეოლოგიის ფუძემდებელმა ჩარლზ ლაიელმა ნაშრომში „გეოლოგიის საფუძვლები“ (1830) დიდი ყურადღება დაუთმო რელიეფის ევოლუციის საკითხებს. მან განავითარა თეორია დედამიწის ზედაპირის ნელი და უწყვეტი გადაადგილების შესახებ. ჩარლზ ლაიელმა არსებითად შეარყია კატასტროფიზმის თეორია, მან დაამტკიცა რომ, დედამიწის ისტორიის ასახსნელად არც ზებუნებრივი ძალებია საჭირო და არც კატასტროფები, ვინაიდან დღეს მოქმედ გეოლოგიურ აგენტებს მილიონობით წლების მანძილზე შეეძლოთ უდიდესი ცვლილებები მოეხდინათ დედამიწის ქერქის აგებულებაში. ამით არსებითად პირველად გაესვა ხაზი დროის ფაქტორს გეოლოგიურ პროცესებში.[4]ჩარლზ ლაიელისა და მისი გერმანელი, ფრანგი და რუსი მიმდევრების დამსახურება იყო აქტუალიზმის მეთოდის შექმნა, რომელიც დედამიწის წარსულის გაშიფვრის ქმედით იარაღად იქცა. მაგრამ ამ მეთოდს (ჩარლზ ლაიელის გაგებით) თავისი ნაკლიც ჰქონდა, ვინაიდან უმართებულოდ თვლიდნენ, რომ თანამედროვე გეოლოგიური აგენტები ახლაც იმავე სიძლიერითა და შეთანაწყობით მოქმედებენ დედამიწაზე, როგორც წარსულში (უნიფორმიზმი).[4]

 
გროვ კარლ ჯილბერტი

აქტუალიზმის პრინციპს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩარლზ დარვინის ევოლუციური მოძღვრებისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიისათვის. ჩარლზ ლაიელის მიხედვით, რელიეფის ძირითადი ფორმები წარმოიქმნება დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგად, შემდეგ ნიველირებას განიცდიან და გარეგანი ძალების ზემოქმედებით დანგრევას ექვემდებარებიან. გარეგანი ძალებით გამოწვეული მთების ნგრევის ერთობლიობას დენუდაცია ეწოდა. კარლ ფრიდრიხ ნაუმანმა 1852 წელს სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა გაგება დედამიწის ზედაპირის მორფოლოგიის შესახებ.[5]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა რიგი სპეციალური და ზოგადი შრომა გეოლოგიაში. ჯეიმზ დანასა და ედუარდ ზიუსის შრომებში დამუშავდა ტექტონიკისა და სტრუქტურული გეოლოგიის საფუძვლები, გაშუქდა კონტინენტებისა და ოკეანეების პლანეტარული რელიეფის ფორმების აგებულება. პეტრე კროპოტკინმა საფუძველი ჩაუყარა კონტინენტური გამყინვარების თეორიას (1876). სიურელის, ხოლო მოგვიანებით, ლუდვიგ რიუტიმაიერის, სერგეი ნიკიტინისა და ვასილი დოკუჩაევის შრომებში განხილული იქნა მდინარის ხეობების განვითარებისა და წარმოქმნის პრობლემები. XIX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენის, ალბრეხტ პენკისა და ალექსი პავლოვის განმაზოგადებელი შრომები, სადაც მოცემულია დედამიწის ზედაპირის სისტემატიზებული წარმოდგენა და აგრეთვე რელიეფის წარმოშობა და კლასიფიკაციის ცდა.[5]

XIX-XX საუკუნეები

 
ალექსანდერ ჰუმბოლდტი
 
ალბრეხტ პენკი
 
რელიეფის ფორმა. ე.წ. „ქვიური ხე“

გეომორფოლოგიის როგორც ცალკე დარგის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკელმა მეცნიერმა უილიამ მორის დეივისმა (1899) და გერმანელმა მკვლევარმა ვალტერ პენკმა (1924). უილიამ მორის დეივისმა 1890 წელს შეიმუშავა მოძღვრება გეოგრაფიულ ციკლებზე. გამოყო: ნორმალური (მდინარეულ-ეროზიული), მყინვარული, კარსტული, უდაბნოსა და ზღვიური ციკლები. უილიამ მორის დეივისმა შექმნა გეომორფოლოგიური სკოლა და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ფიზიკურ გეოგრაფიული სწავლების საკითხებს; შეიმუშავა ბლოკდიაგრამებითა და რელიეფის მოდელებით რელიეფის გამოსახვის ახალი ხერხები.[22]

ვალტერ პენკმა განავითარა მოძღვრება, რომლის მიხედვით რელიეფი წარმოიქმნება დედამიწის ქერქის ვერტიკალური მოძრაობებისა და დენუდაციური პროცესების ურთიერთმოქმედების შედეგად. შეიმუშავა რელიეფის კვლევის ახალი მეთოდი, ე.წ. მორფოლოგიური ანალიზი. დაადგინა ურთიერთდამოკიდებულება დედამიწის რელიეფის ზედაპირის ხასიათსა (ეგზოგენური პროცესები) და ტექტონიკურ მოძრაობებს შორის. აგრეთვე მოახდინა რელიეფის კლასიფიკაცია.[23][24]

გეომორფოლოგიას როგორც დამოუკიდებელ მეცნიერების დისციპლინას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ჩამოყალიბდა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენის აზიის ბუნებრიივი უბნების რელიეფის დახასიათებისა და კლასიფიკაციის ცდა. ამ დარგის განვითარებაში აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანეს ალბრეხტ პენკმა (1858-1945), ვალტერ პენკმა (1888-1923) და უილიამ მორის დეივისმა (1850-1934).

ალბრეხტ პენკმა გამოიკვლია აზიის, ევროპისა და სხვა კონტინენტების გამყინვარება და გეომორფოლოგია. მისი სამეცნიერო საქმიანობა წარმატებით გააგრძელა მისმა შვილმა ვალტერ პენკმა, რომელმაც შეიმუშავა რელიეფის კვლევის ახალი მეთოდი – მორფოლოგიური ანალიზი. მნიშვნელოვანია ასევე უილიამ მორის დეივისის გამოკვლევები, რომელმაც 1890 წელს შეიმუშავა მოძღვრება გეოგრაფიულ ციკლებზე. XX საუკუნეში კიდევ უფრო განვითარდა გეომორფოლოგიის აზრი. XX საუკუნის შუა წლებში აშშ-ში შეიქმნა გეომორფოლოგიური სკოლები. რუსეთში გეომორფოლოგიის ფუძემდებლები იყვნენ პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი (1827-1914), პეტრე კროპოტკინი (1842-1921), ვასილი დოკუჩაევი (1846-1903), ივანე მუშკეტოვი (1850-1902), იან ჩერსკი (1845-1892), დიმიტრი ანუჩინი (1843-1923), ალექსი პავლოვი (1854-1929), ვლადიმერ ობრუჩევი (1863-1956), იაკობ ედელშტეინი (1869-1952) და სხვები.

პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკიმ არაერთი მნიშვნელოვანი ექსპედიცია მოაწყო აზიაში (ტიან-შანი, ალთაი, ისიქ-ქოლის ტბა და სხვა), სადაც შეკრიბა დიდძალი გეოგრაფიული (მ.შ. გეომორფოლოგიური) მასალა. მაშასადამე იყო პირველი ევროპელი, რომელმაც გამოიკვლია ტიან-შანის მთათა სისტემა. ამასთანავე რუსეთის ევროპული ნაწილისა და კავკასიის პირველი გეომორფოლოგიური დარაიონების ავტორია.[25]

ბუნებისმეტყველი პეტრე კროპოტკინი ციმბირში ყოფნის დროს ამუშავებდა ციმბირის ოროგრაფიულ სქემას, ასევე აღმოსავლეთ საიანში პირველმა შენიშნა ვულკანიზმისა და ძველი გამყინვარების კვალი. 1871 წელს იმყოფებოდა სკანდინავიაში, სადაც გამოიკვლია მყინვარული ნალექები.[26] ვლადიმერ ობრუჩევმა საფუძვლიანად შეისწავლა შუა და ცენტრალური აზიის, ციმბირის ბუნება. აღმოაჩინა აქამდე უცნობი ქედები. გამოიკვლია ტექტონიკის საკითხები, შეისწავლა აგრეთვე გამყინვარება და მუდმივი მზრალობა.[27]

სხვადასხვა დროს გეომორფოლოგიურ საკითხებს აშუქებენ: ჯონ პლეიფერი (1748-1819), ჯონ უესლი პაუელი (1834-1902), უილიამ ჯონ მაკგი (1853-1912), ზიგფრიდ პასარგე (1866-1958), ივანე შჩუკინი (1885-1985), ანდრია გრიგორიევი (1883-1968), კირკ ბრაიანი (1888-1950), სიდნი უილიამ ვულდრიჯი (1900-1963), იულიუს ბიუდელი (1903-1983), ჟან დრეში (1905-1994), ლუნა ლეოპოლდი (1915-2006), დევიდ ლესლი ლინტონი (1906-1971), ინოკენტი გერასიმოვი (1905-1985), კონსტანტინე მარკოვი (1905-1980), ჟან ტრიკარი (1920-2003), ადრიან შაიდეგერი (დ. 1925), ანდერს რაპი (1927-1998) და სხვა.

XX-XXI საუკუნეები

XX საუკუნის 30-იან წლებში გამოიცა რიგი განმაზოგადებელი ნაშრომი გეომორფოლოგიაში. მნიშვნელოვანი იყო ივანე შჩუკინის ორიგინალური კონცეფციები რელიეფის სიტემატიკასა და კლასიფიკაციაში. აღსანიშნავია მისი სამ ტომიანი „ზოგადი გეომორფოლოგია“. შემდეგ წლებში ზოგადგეომორფოლოგიური კონცეფციები განავითარეს: კონსტანტინე მარკოვმა (1948), ივანე შჩუკინმა (1960, 1964, 1974), ლესტერ კინგმა (1953, 1967), ინოკენტი გერასიმოვმა და იური მეშჩერიაკოვმა (1967).[5]

კონსტანტინე მარკოვმა განავითარა წარმოდგენა „გეომორფოლოგიური დონეების“ შესახებ. სერბმა მეცნიერმა იოვან ცვიიჩმა დიდი როლი ითამაშა კარსტოლოგიის ჩამოყალიბებაში.[28] ამჟამად გეომორფოლოგია მოიცავს სხვადასხვა მიდგომებსა და ინტერესებს.[5]

გეომორფოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალეოგეომორფოლოგიას, მეცნიერებას წარსულის რელიეფის შესახებ.[29] აღსანიშნავია აგრეთვე გეომორფოლოგიის შედარებით ახალი დარგი — ზღვის გეომორფოლოგია, რომელიც შეისწავლის ოკეანეთა და ზღვათა ფსკერის რელიეფს. ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის გეომორფოლოგიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს ფ. შეპარდმა, კ. ემერიმ, ბ. ჰიზენმა, ო. ლეონტიევმა და სხვებმა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გეომორფოლოგიურ დარაიონებას, ე.ი. დედამიწის ზედაპირის ან ამა თუ იმ რეგიონის დაყოფას, რომელიც სრულდება ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. იგი შეიძლება იყოს კომპლექსური ან გავლებული ცალკეული კრიტერიუმების შესაბამისად.[30]

რელიეფის ფორმების კომპლექსს გეომორფოლოგიურ ლანდშაფტს უწოდებენ; გეომორფოლოგიური მეთოდები არის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება გეომორფოლოგიური კვლევის დროს.[30]

გეომორფოლოგიის საგანი და მეთოდი

 
კარსტული ლანდშაფტი
 
რელიეფის ფორმა
 
ბედლენდი
 
კლიფი
 
ვერძის შუბლი
 
მსოფლიო რუკა. კონტინენტური მეჩეჩი, რომლის საერთო ფართობია დაახლოებით 32 მლნ. კმ². იკავებს მსოფლიო ოკეანის ფართობის 8,6%-ს. ყველაზე ვრცელია ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილის მომიჯნავე შელფი, რომლის სიგანე 1,5 ათ. კმ-ს აღწევს.[31]
  კონტინენტური შელფის გლობალური გავრცელების რუკა (წინა პლანზეა ღია ლურჯი ფერი)

გეომორფოლოგია ისტორიული მეცნიერებაა.[32] ადგენს დედამიწაზე მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობას, რომლის ხარჯზე ჩამოყალიბდა თანამედროვე რელიეფი. რელიეფის შესწავლისას გეომორფოლოგია იყენებს არა მხოლოდ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ მიღწევებს, არამედ სხვა საბუნებისმეტყველო-ისტორიული მეცნიერებების ციკლსაც. იგი რელიეფს შეისწავლის როგორც დედამიწის ზედაპირის ბუნებრივი ლანდშაფტის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს. რელიეფი არა მარტო თავად განიცდის სხვა ბუნებრივი კომპონენტების (გეოლოგიური აღნაგობა, ჰავა, წყლები, ორგანიზმები) ზემოქმედებას, არამედ თვითონაც ახდენს ზეგავლენას მათზე. ამიტომ გეომორფოლოგია დაკავშირებულია ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთანგეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, ჰიდროლოგიასთან, ოკეანოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან და სხვა. რამეთუ დედამიწა პლანეტაა, ამდენად გეომორფოლოგია იყენებს ისეთი მეცნიერებების მონაცემებს, როგორებიცაა: ასტრონომია და კოსმოგონია.[32] ნივთიერებათა აგებულების, შედგენილობისა და მდგომარეობის გასარკვევად გეომორფოლოგია იყენებს ფიზიკის, ქიმიისა და სხვა მეცნიერებების მიღწევებს.[32] გეომორფოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი დარგები: ზოგადი გეომორფოლოგია, პალეოგეომორფოლოგია, სტრუქტურული გეომორფოლოგია, რეგიონული გეომორფოლოგია და სხვა. მაგალათად, რეგიონული გეომორფოლოგია სწავლობს დედამიწის ზედაპირის ცალკეული უბნების კონკრეტულ რელიეფს. პალეოგეომორფოლოგია შეისწავლის დედამიწის რელიეფს წარსულის გეოლოგიურ ეპოქაში.

  • ზოგადი გეომორფოლოგია — განიხილავს რელიეფის ჩამოყალიბების უმთავრეს საკითხებს და სინთეზურად აშუქებს გეომორფოლოგიური მაჩვენებლების მთელ კომპლექსს;
  • კერძო გეომორფოლოგია — სწავლობს ერთი ან რამდენიმე კერძო გეომორფოლოგიური მაჩვენებლის მიხედვით;
  • რეგიონული გეომორფოლოგია — სწავლობს დედამიწის ზედაპირის ცალკეული უბნების კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, ქვეყნები, მხარეები კონკრეტულ რელიეფს;
  • პლანეტური გეომორფოლოგია — განიხილავს დედამიწის რელიეფის უმსხვილეს ნაკვეთებს რეგიონულ ასპექტში;
  • პალეოგეომორფოლოგია — აღადგენს გეოლოგიურ წარსულში არსებულ (ხშირად დამარხულ) რელიეფს და დედამიწის ზედაპირის ჩამოყალიბების ისტორიას ხანგრძლივი გეოლოგიური დროის განმავლობაში;
  • გამოყენებითი გეომორფოლოგია — ამუშავებს სახალხო-სამეურნეო ამოცანების გადაწყვეტის საქმეში გეომორფოლოგიური კვლევის შედეგების გამოყენების თეორიულ საფუძვლებს.

ზოგადი გეომორფოლოგიის ნაწილებია — ხმელეთის გეომორფოლოგია და ზღვის გეომორფოლოგია (უკანასკნელი სწავლობს ოკეანეთა და ზღვათა ფსკერის რელიეფს). ცალკე დისციპლინებია სტრუქტურული გეომორფოლოგია, რომლის საგანია მორფოსტრუქტურებიენდოგენური ფაქტორებით გამოწვეული და ეგზოგენური ზემოქმედებით მეტნაკლებად გარდაქმნილი რელიეფის ფორმები; კლიმატური გეომორფოლოგია, რომელიც განიხილავს მორფოსკულპტურებს — ძირითადად ეგზოგენური პროცესებით წარმოქმნილ რელიეფს. იმ კერძო მაჩვენებლების მიხედვით, რომელთა შეფასება შეიძლება ოდენობით, განასხვავებენ რელიეფის გეომეტრიას, კინემატიკას და დინამიკურ გეომორფოლოგიას.

რელიეფის გეომეტრია — ამახვილებს ყურადღებას დედამიწის ზედაპირის გარეგნულ იერზე, იგი მოიცავს მორფოგრაფიას (რელიეფის ფორმების მოყვანილობის აღწერა) და მორფომეტრიას (ფორმების სიდიდის რიცხობრივი შეფასება);

რელიეფის კინემატიკა — განიხილავს ზედაპირის ფორმების ცვალებადობის ზოგად კანონზომიერებებს ამ ცვალებადობის გამომწვევი ძალებისაგან დამოუკიდებლად. რელიეფის გეომეტრია და კინემატიკა არის დინამიკური გეომორფოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს რელიეფის განვითარების ფიზიკურ არსს მოქმედ ფაქტორებთან კავშირში. დინამიკური გეომორფოლოგია იყოფა ნაწილებად, რომლებიც შეეხება ცალკეულ გეომორფოლოგიურ პროცესებს — ფერდობულს, მდინარეულს, კარსტულ-სუფოზიურს, მყინვარულს, მზრალობითს, ეოლურს, ტბიურს, ზღვიურს, აგრეთვე რელიეფში ტექტონიკისა და ვულკანიზმის გამოვლინებას.

უპირველეს ყოვლისა გეომორფოლოგია ეფუძნება საველე კვლევების მონაცემებს. გეომორფოლოგიური კვლევის დროს ფართოდ იყენებენ გეოლოგიურ, გლაციოლოგიურ, გეოკრიოლოგიურ, გრუნტების მექანიკის, ჰიდროდინამიკურ, აეროდინამიკურ, მათემატიკურ და სხვა მეთოდებს. განსაკუთრებით მჭიდროდ გეომორფოლოგია დაკავშირებულია ფიზიკურ გეოგრაფიასთან და გეოლოგიასთან. რელიეფი მოიცავს განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მქონე ფორმებს. უსწორმასწორობათა ერთობლიობას რელიეფის ფორმებს უწოდებენ. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოყოფენ: მეგარელიეფს, მაკრორელიეფს, მეზორელიეფს, მიკრორელიეფს, ნანორელიეფს. რელიეფის ფორმები განირჩევა ზომებით, წარმოშობით, ასაკითა და სხვა. რელიეფის ფორმები შეიძლება იყოს: მთა, ბორცვი, მწვერვალი, ხევი, ხეობა და ა.შ.

რიგი მკვლევარი გეომორფოლოგიას გეოლოგიას მიაკუთვნებს, ზოგი კი გეოგრაფიას.[33] უდავოა, რომ გეომორფოლოგიური კვლევა ეყრდნობა რიგ გეოლოგიურ დისციპლინას, როგორებიცაა პეტროგრაფია, ლითოლოგია, ისტორიულ გეოლოგია, გეოტექტონიკა, თუმცა გეომორფოლოგიური კვლევის მეთოდი ამით არ იწურება. გეომორფოლოგიის როგორც მეცნიერების დანიშნულება არ არის მხოლოდ რელიეფის შესწავლა გეოლოგიური წარმოშობის ასპექტში, არამედ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია შეისწავლოს რელიეფის თანამედროვე მდგომარეობაც.

გეომორფოლოგია უწინარეს ყოვლისა ეფუძნება საველე კვლევების მონაცემებს. საველე გეომორფოლოგიური კვლევები ჩვეულებრივ სრულდება გეომორფოლოგიური რუკების შედგენით. გეოგრაფიულ გარემოში ურთიერთდამოკიდებულია როგორც რელიეფი, ასევე კლიმატი, ხმელეთის წყლები, ნიადაგები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო. ხოლო ამ ელემენტებს სწავლობს გეოგრაფიის დარგები — გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ხმელეთის ჰიდროლოგია, ნიადაგების გეოგრაფია, მცენარეთა და ცხოველთა გეოგრაფია. ეს მეცნიერებები ქმნიან გეოგრაფიული დისციპლინების უწყვეტ ჯაჭვს. გეომორფოლოგია იყენებს გეოლოგიური და გეოგრაფიული კვლევის მიღწევებს.[34]

რელიეფის ფორმები და ელემენტები

 
დიდი კანიონი
 
ჰიმალაი — მსოფლიოს უმაღლესი მთათა სისტემა. სიგრძე 2400 კმ, სიგანე 15-400 კმ.[35] მასზე აღმართულია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი — ევერესტი.

რელიეფის ფორმები არის დედამიწის ზედაპირის ცალკეული უსწორმასწორობანი. არსებობს დადებითი და უარყოფითი რელიეფის ფორმები. განასხვავებენ ზომების, წარმოშობის, ასაკისა და სხვა ნიშნებით. რელიეფის ფორმები სხვადასხვაგვარია; რელიეფის ფორმები შეიძლება იყოს ჩაკეტილი ან ღია, მარტივი ან რთული, დადებითი ან უარყოფითი. მარტივი ფორმები დიდი ზომებით არ გამოირჩევა, გეომეტრიულად ცოტად თუ ბევრად სწორი მოხაზულობა აქვთ და შედგებიან რელიეფის ელემენტებისაგან. რთული ფორმებია — მარტივი ფორმების კომბინაცია. რელიეფის უარყოფითი ფორმები შეიძლება იყოს: ქვაბული, ხეობა, ძაბრები და სხვა; დადებითი ფორმებია: მთა, ბორცვი, პლატო, ზეგანი და სხვა. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოიყოფა რელიეფის სხვადასხვაგვარი ფორმები: პლანეტური, მეგაფორმები, მაკროფორმები, მეზოფორმები, მიკროფორმები და ნანოფორმები.

პლანეტურ ფორმებს დიდი ფართობი უკავია. მათ მიეკუთვნება:

  1. კონტინენტები
  2. გარდამავალი ზონა
  3. ოკეანის საგები
  4. შუაოკეანური ქედები

კონტინენტები დედამიწის რელიეფის მსხვილი დადებითი ფორმებია. მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ხმელეთს, თუმცა კონტინენტების ნაწილი მდებარეობს მსოფლიო ოკეანის წყლების ქვეშ. ეს შეიძლება იყოს კონტინენტური მეჩეჩი და კონტინენტური კალთა.

გარდამავალი ზონა მოიცავს კონტინენტის წყალქვეშა კიდესა და ოკეანის ფსკერს შორის მდებარე სივრცეს. გარდამავალი ზონა ტიპურად წარმოდგენილია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ და დასავლეთ კიდეებზე, ატლანტის ოკეანის კარიბისა და სკოშის ზღვებში, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეზე.

ოკეანის საგები მსოფლიო ოკეანის ფსკერის რელიეფისა და გეოლოგიური სტრუქტურის უმთავრესი ელემენტია. როგორც წესი მდებარეობს 3 კმ და მეტ სიღრმეებზე. ტიპურად შედგება საძირკველისაგან, რომელიც წარმოქმნილია ზედა ნაწილში ბაზალტებითა და საფრით ღრმაწყლიან დანალექებში.

შუაოკეანური ქედები მსოფლიო ოკეანის ფსკერის რელიეფის უდიდესი ფორმები, რომლებიც მთათა ერთიან სისტემას ქმნიან. მორფოლოგიურად დედამიწის ქერქის ხაზობრივად ორიენტირებული შემაღლებებია, რომელთაც ძალზე დანაწევრებული თხემები და კალთები აქვთ.

მეგაფორმები ვრცელდება ასეულ ან ათეულ ათას კვადრატულ კილომეტრზე. მათ მიეკუთვნება კონტინენტების ფარგლებში არსებული მთის სარტყლები და ვაკე-ტერიტორიები, ოკეანის საგებში არსებული დიდი ღრმულები და აზევებები, პლანეტარული მასშტაბის რღვევები და სხვა. მეგაფორმების მაგალითებია მექსიკის ყურესა და კარიბის ზღვაში არსებული ღრმულები, ალპებისა და კავკასიონის მთათა სისტემები, დასავლეთ ციმბირის ვაკე და სხვა.[36]

მაკროფორმები მეგაფორმების შემადგენელი ნაწილებია. იკავებენ საკმაოდ დიდ ფართობს. მაკროფორმებს მიეკუთვნება ცალკეული ქედები და ამა თუ იმ ქვეყნის ღრმულები: მაგალითად კავკასიონის მთავარი ქედი ან მტკვარ-არაქსის დაბლობი.[36]

მეზოფორმები ფართობით ჩვეულებრივ განისაზღვრება რამდენიმე კვადრატული კილომეტრით ან ათეული კვადრატული კილომეტრით. ასეთი ფორმების მაგალითებია ხეობა, ღელე და სხვა.[36]

მიკროფორმები უსწორმასწორობანია, უფრო მსხვილი ფორმების ელემენტები. ასეთებია მაგალითად კარსტული ძაბრი, ეროზიული ღრანტე, სანაპირო ნაყარი.[36]

ნანორელიეფი ძალიან პატარა უსწორმასწორობანია, რომელიც თავის მხრივ, ართულებს მაკრო-, მეზო- და მიკროფორმებს. ასეთებია მაგალითად, მცირე ღარტაფი, მცირე ეროზიული კვლები და სხვა.[36]

გეომორფოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა რელიეფის გენეტური ტიპის დადგენა. რელიეფის გენეტური ტიპი ეწოდება ელემენტარული ფორმების კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია გარეგნული და გენეტური ერთგვაროვნება. ენდოგენური პროცესების უპირატესი ზეგავლენით წარმოიქმნება პლანეტური მასშტაბის უსწორმასწორობანი — მორფოსტრუქტურები. ეგზოგენური პროცესების შედეგად ხდება მორფოსტრუქტურების ნგრევა, დანაწევრება, ხმელეთის ზედაპირის გადარეცხვა და რელიეფის მცირე ფორმებისმორფოსკულპტურების წარმოქმნა.

მოდელები
 
რელიეფის პლანეტური ფორმები — კონტინენტები, რომლებიც შეიძლება იქნეს გაერთიანებული ან დაყოფილი რამდენიმე ნაწილად.
4 კონტინენტი[37]
          აფროევრაზია
       ამერიკა
    ანტარქტიდა
    ავსტრალია
5 კონტინენტი
[38][39][40]
    აფრიკა
       ევრაზია
       ამერიკა
    ანტარქტიდა
    ავსტრალია
6 კონტინენტი[41]
    აფრიკა
    ევროპა
    აზია
       ამერიკა
    ანტარქტიდა
    ავსტრალია
6 კონტინენტი
[38][42]
    აფრიკა
       ევრაზია
    ჩრდილოეთი ამერიკა
    სამხრეთი ამერიკა
    ანტარქტიდა
    ავსტრალია
7 კონტინენტი
[42][43][44][45][46][47]
    აფრიკა
    ევროპა
    აზია
    ჩრდილოეთი ამერიკა
    სამხრეთი ამერიკა
    ანტარქტიდა
    ავსტრალია

გეომორფოლოგიური პროცესები

 
რელიეფის დადებითი ფორმა
 
რელიეფის დადებითი ფორმა
 
კლდეები
 
ეროზიული პროცესების შედეგად წარმოქმნილი სპეციფიკური კლდე
 
რელიეფის ფორმა ძაბრი. ომანი

გეომორფოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა რელიეფის გენეტური ტიპის დადგენა. გენეტური ტიპი წარმოადგენს ელემენტარული ფორმების კომპლექსს. გეომორფოლოგია, რომლის მთავარი შესწავლის ობიექტი რელიეფია, უპირველეს ყოვლისა მიზნათ ისახავს გეომორფოლოგიური პროცესების ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების გარკვევას. რელიეფი, რომელიც ხმელეთის ზედაპირსა და მსოფლიო ოკეანეებში უსწორმასწორობათა ერთიან სისტემას ქმნის, წარმოიქმნება სწორედ ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების ზეგავლენის შედეგად.

არსებობს რელიეფის ორგვარი ფორმები: დადებითი და უარყოფითი; დადებით ფორმებს მიეკუთვნება — ქედი, მთის მასივი, მთიანეთი, სერი, მაღლობი, ზეგანი, პლატო — ხოლო უარყოფითს — ქვაბული, დაბლობი, ვაკე, დეპრესია, ხეობა, ხრამი, კანიონი.

ენდოგენური პროცესები დედამიწის წიაღში მიმდინარეობს. მასთან არის დაკავშირებული დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობა, მაგმატიზმი, მთათა მეტამორფიზმი, სეისმური აქტიურობა.

ეგზოგენური პროცესები ხმელეთის გარე ფენებში მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად ყალიბდება გარეგანი ძალებისა და ცოცხალი ორგანიზმების ზემოქმედებით.

რელიეფის მორფოგრაფია და მორფომეტრია

რელიეფის პლანეტური, მეგა- და მაკროფორმები განსხვავდებიან არა მხოლოდ ფართობით, არამედ ჰიფსომეტრიითაც. დედამიწის ზედაპირზე სიმაღლეებისა და სიღრმეების გავრცელებას გამოსახავს ჰიფსოგრაფიული მრუდი, რომელზედაც მკვეთრად გამოიყოფა დედამიწის ზედაპირის ორი ძირითადი ჰიფსომეტრიული დონე: კონტინენტური, რომელიც ვრცელდება +2000 და –200 მეტრზე და ოკეანური, –3000 და –6000 მ სიღრმეებზე. პირველზე მოდის დედამიწის ზედაპირის 30%, მეორეზე 50%, ხოლო დანარჩენი 20% უკავია საშუალო-მაღალმთიან და მაღალმთიან მთებს, ღრმა წყლის ღარებს. ხმელეთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან +875 მეტრია, ოკეანის საშუალო სიღრმე –3730 მ, დედამიწის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ეთანასწორება 2440 მეტრს. შესაბამისად, დედამიწისთვის მთლიანობაში უფრო მეტად დამახასიათებელია უარყოფითი ჰიფსომეტრიული მახასიათებლები.[5]

ცალკეული რეგიონებისთვის და საერთოდ მთლიანობაში დედამიწის რელიეფის დახასიათებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საშუალო, ისე რელიეფის ექსტრემალური ნიშნულები. დედამიწის უმაღლესი წერტილია ევერესტი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 8848 მ. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილი მარიანას ღარი, რომელიც სიღრმეში აღწევს 10911 მეტრს. შესაბამისად, დედამიწის ზედაპირზე სიმაღლეების მაქსიმალური სხვაობა დაახლოებით 20 კილომეტრია. ჰიფსომეტრიული დახასიათება რელიეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. ხმელეთის ზედაპირის აზიდულობის შესაბამისად გამოიყოფა დაბლობი და ამაღლებული რელიეფი. უკანასკნელი აბსოლუტური სიმაღლის, გეოლოგიური აგებულებისა და დანაწევრების ხასიათის შესაბამისად, იყოფა მაღლობად და მაღლობ ვაკედ, პლატოდ, ზეგანად, მთიანეთად და მთებად. მაღლობ ვაკეებს უწოდებენ დედამიწის ზედაპირის იმ მონაკვეთებს, რომელთა აბსოლუტური სიმაღლეა 200-500 მ. მათი ზედაპირი შეიძლება იყოს ჰორიზონტული, დახრილი, ჩაზნექილი ან ამობურცული.[5]

მორფოლოგიის შესაბამისად, გამოიყოფა ბრტყელი, ბორცვიანი, ტალღოვანი და სერისებური ვაკე ტიპები. ვაკეების მორფოლოგიური იერ-სახე განისაზღვრება მათი გეოლოგიური აგებულებითა და ამა თუ იმ ეგზოგენური აგენტების ზემოქმედებით. არსებობს აკუმულაციური და დენუდაციური ვაკეები.[5]

პლატო (ფრანგ. plateau – ბრტყელი) დედამიწის ზედაპირის ამაღლებული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრტყელი ან ტალღისებური სუსტად დანაწევრებული რელიეფი. აქვს კარგად გამოხატული ფერდობები. განასხვავებენ სტრუქტურულ, ვულკანურ და დენუდაციურ პლატოებს.

ზეგანი — დედამიწის ზედაპირის რელიეფის დადებითი ფორმა; მთიანი რელიეფის ვრცელი უბანი, ძირითადად წარმოდგენილი მოსწორებული ან ტალღოვანი წყალგამყოფებით. ზეგანი ზოგან ღრმა, ვიწრო ხეობებითაა ჩაჭრილი.

მთიანეთი — დედამიწის ზედაპირის ვრცელი უბანია, რომელიც გამორჩეულად არის აღმართული მიმდებარე დაბლობებთან შედარებით და ახასიათებს სიმაღლეთა მკვეთრი ცვლილებები. მთიანეთი მოიცავს ზეგნებს, მთებს, ქედებს და ხეობებს.

მთა — იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისი ელემენტებია: მწვერვალი — უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძირი — ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები — მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქედები და მთების მასივები ასეულ და ათასეულ კილომეტრზე გაშლილ მთიან მხარეებს (მთებს) წარმოქმნიან. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ტექტონიკურ, ეროზიულ და ვულკანურ მთებს. ტექტონიკური მთები ძირითადად წარმოიქმნება გეოსინკლინში შრეების ინტენსიური დანაოჭებისა და დედამიწის ქერქის აზევების შედეგად.

ტექტონიკური სტრუქტურების შესაბამისად განარჩევენ ნაოჭა და ლოდა მთებს. ეროზიული მთები დედამიწის ქერქის მაღლა აზიდული ჰორიზონტული სტრუქტურების პლატოსებრი ზედაპირის დანაწევრების შედეგია. ვულკანური მთები — ვულკანური კონუსების, ლავური ღვარების, ტუფური საფრის ერთობლიობაა. პლანეტარული ფორმების, აგრეთვე რელიეფის მეგა- და მაკროფორმების აღწერა ჩვეულებრივ, მიმდინარეობს განმაზოგადებელი მასალებით — რუკებით, შეჯამებით და სხვა.

რელიეფის მორფოგრაფიული და მორფომეტრიული მახასიათებლები არ სრულდება საველე დაკვირვებებით. საველე მასალების საფუძველზე კამერალურ პირობებში, აგრეთვე ტოპოგრაფიული რუკების, აერო- და კოსმოსური სურათების ხარჯზე შესაძლებელია შეიქმნას მორფომეტრიული რუკების სერია:

  • ჰორიზონტული დანაწევრების სიხშირის რუკები
  • დანაწევრების სიღრმის რუკები
  • რელიეფის დანაწევრების საერთო მაჩვენებლების რუკები
  • ციცაბო კალთების რუკები

არსებობს აგრეთვე სხვა ტიპის მორფომეტრიული რუკებიც. რელიეფის მორფოგრაფიულ და მორფომეტრიულ მახასიათებლებს აქვთ დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა. ამ მახასიათებლების არცოდნის შემთხვევაში შეუძლებელია შენობების აშენება და ნაგებობების აგება, რკინიგზისა და გზატკეცილების გაყვანა და სხვა. რელიეფის მორფოგრაფიისა და მორფომეტრიის დეტალურ შესწავლას აქვს დიდი მეცნიერული ინტერესი.[5]

დედამიწის ნიშნულები

კონტინენტები საშუალო სიმაღლე
ევრაზია 840 მ
აფრიკა 750 მ
ჩრდილოეთი ამერიკა 720 მ
სამხრეთი ამერიკა 600 მ
ავსტრალია 320 მ
ანტარქტიდა 2100 მ
ოკეანეები საშუალო სიღრმე
წყნარი ოკეანე 4280 მ
ატლანტის ოკეანე 3940 მ
ინდოეთის ოკეანე 3960 მ
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე 1200 მ

მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალები

ადგილი სურათი მთა სიმაღლე (მ)[48] ადგილმდებარეობა კოორდინატები[49] შეფარდებითი
სიმაღლე (მ)[50]
შვილობილი მთა[51] პირველი ასვლა
ასვლა[52] (ასვლის მცდელობები)
1   ევერესტი[53]
(ჯომოლუნგმა)
8848 მაჰალანგურ-ჰიმალი, ჰიმალაი 27°59′17″ ჩ. გ. 86°55′31″ ა. გ. / 27.98806° ჩ. გ. 86.92528° ა. გ. / 27.98806; 86.92528 8848 არა გააჩნია 1953 145 (121)
2   K2
(ჩოგორი)
8611 ბალტორო-მუზტაგი, ყარაყორუმი 35°52′57″ ჩ. გ. 76°30′48″ ა. გ. / 35.88250° ჩ. გ. 76.51333° ა. გ. / 35.88250; 76.51333 4017 ევერესტი 1954 45 (44)
3   კანჩენჯანგა 8586 კანჩენჯანგა, ჰიმალაი 27°42′09″ ჩ. გ. 88°08′49″ ა. გ. / 27.70250° ჩ. გ. 88.14694° ა. გ. / 27.70250; 88.14694 3922 ევერესტი 1955 38 (24)
4   ლჰოძე 8516 მაჰალანგურ-ჰიმალი, ჰიმალაი 27°57′42″ ჩ. გ. 86°55′59″ ა. გ. / 27.96167° ჩ. გ. 86.93306° ა. გ. / 27.96167; 86.93306 610 ევერესტი 1956 26 (26)
5   მაკალუ 8485 მაჰალანგურ-ჰიმალი, ჰიმალაი 27°53′21″ ჩ. გ. 87°05′19″ ა. გ. / 27.88917° ჩ. გ. 87.08861° ა. გ. / 27.88917; 87.08861 2386 ლჰოცზე 1955 45 (52)
6   ჩო-ოიუი 8188 მაჰალანგურ-ჰიმალი, ჰიმალაი 28°05′39″ ჩ. გ. 86°39′39″ ა. გ. / 28.09417° ჩ. გ. 86.66083° ა. გ. / 28.09417; 86.66083 2340 ევერესტი 1954 79 (28)
7   დჰაულაგირი 8167 დჰაულაგირი, ჰიმალაი 28°41′45″ ჩ. გ. 83°29′36″ ა. გ. / 28.69583° ჩ. გ. 83.49333° ა. გ. / 28.69583; 83.49333 3357 ევერესტი 1960 51 (39)
8   მანასლუ 8163 მანასლუ, ჰიმალაი 28°32′58″ ჩ. გ. 84°33′39″ ა. გ. / 28.54944° ჩ. გ. 84.56083° ა. გ. / 28.54944; 84.56083 3092 ჩო-ოიუი 1956 49 (45)
9   ნანგა-პარბატი 8126 ნანგა-პარბატი, ჰიმალაი 35°14′18″ ჩ. გ. 74°35′22″ ა. გ. / 35.23833° ჩ. გ. 74.58944° ა. გ. / 35.23833; 74.58944 4608 დჰაულაგირი 1953 52 (67)
10   ანაპურნა 8091 ანაპურნა, ჰიმალაი 28°35′43″ ჩ. გ. 83°49′11″ ა. გ. / 28.59528° ჩ. გ. 83.81972° ა. გ. / 28.59528; 83.81972 2984 ჩო-ოიუი 1950 36 (47)
11   გაშერბრუმ I 8080 ბალტორო-მუზტაგი, ყარაყორუმი 35°43′27″ ჩ. გ. 76°41′44″ ა. გ. / 35.72417° ჩ. გ. 76.69556° ა. გ. / 35.72417; 76.69556 2155 K2 1958 31 (16)
12   ბროუდ-პიკი 8051 ბალტორო-მუზტაგი, ყარაყორუმი 35°48′38″ ჩ. გ. 76°34′05″ ა. გ. / 35.81056° ჩ. გ. 76.56806° ა. გ. / 35.81056; 76.56806 1701 გაშერბრუმ I 1957 39 (19)
13   გაშერბრუმ II 8034 ბალტორო-მუზტაგი, ყარაყორუმი 35°45′27″ ჩ. გ. 76°39′11″ ა. გ. / 35.75750° ჩ. გ. 76.65306° ა. გ. / 35.75750; 76.65306 1523 გაშერბრუმ I 1956 54 (12)
14   შიშა-პანგმა 8027 ლანგტანგი, ჰიმალაი 28°21′12″ ჩ. გ. 85°46′43″ ა. გ. / 28.35333° ჩ. გ. 85.77861° ა. გ. / 28.35333; 85.77861 2897 ჩო-ოიუი 1964 43 (19)
15   გიაჩუნგ-კანგი 7952 მაჰალანგურ-ჰიმალი, ჰიმალაი 28°05′52″ ჩ. გ. 86°44′47″ ა. გ. / 28.09778° ჩ. გ. 86.74639° ა. გ. / 28.09778; 86.74639 700 ჩო-ოიუი 1964 5 (3)

რელიეფის გენეზისი

თანამედროვე გეომორფოლოგიის მთავარი საწყისი მდგომარეობაა აქსიომა: რელიეფი ფორმირდება და ვითარდება ენდოგენური და ეგზოგენური ძალებისა და პროცესების ურთიერთმოქმედების შედეგად. დედამიწის ზედაპირის რელიეფის მსხვილი ფორმები პლანეტარული, მეგა- და მაკროფორმები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მეზოფორმები ენდოგენური წარმოშობისაა, შედარებით პატარა ფორმები — ეგზოგენური. ენდოგენური პროცესები დედამიწის შინაგანი ძალებით განპირობებული გეოლოგიური პროცესებია, რომლებიც უმთავრესად დედამიწის წიაღში მიმდინარეობს. მას განეკუთვნება ტექტონიკური, მაგმური, ჰიდროთერმული და მეტამორფული პროცესები, მ.შ. მრავალი სასარგებლო წიაღისეულის საბადოს წარმოქმნა.

ეგზოგენური პროცესები დედამიწის ზედაპირზე და დედამიწის ქერქის სულ ზედა ნაწილში მიმდინარე გეოლოგიური პროცესებია, რომლებიც გამოწვეულია ძირითადად გარეგანი ძალებისა და ცოცხალი ორგანიზმების ზემოქმედებით. ეგზოგენური პროცესების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე ეგზოგენური საბადოები. თავის მხრივ, ეგზოგენური პროცესები თავისი მოქმედების შედეგად ან ართულებს, ან ამარტივებს ენდოგენური წარმოშობის რელიეფს. ერთ შემთხვევაში ეგზოგენური აგენტები, რომლებიც ართულებენ ენდოგენურ რელიეფს, გამოიმუშავებენ უფრო პატარა მეზო- და მიკროფორმებს, სხვა შემთხვევში — სჭრიან უსწორმასწორობანს, და მესამე შემთხვევაში მიმდინარეობს ენდოგენური რელიეფის დამარხვა ან გართულება.

რელიეფის ასაკი

 
ევრაზია გლობუსზე
 
ჩრდილოეთი ამერიკა გლობუსზე
 
სამხრეთი ამერიკა გლობუსზე
 
აფრიკა გლობუსზე
 
ავსტრალია გლობუსზე
 
ანტარქტიდა გლობუსზე

მორფოგრაფიის, მორფომეტრიის და გენეზისის გარკვევასთან ერთად გეომორფოლოგიის მნიშვნელოვანი ამოცანაა რელიეფის ასაკის დადგენა. როგორც ცნობილია გეოლოგიაში ქანების ასაკი უმნიშვნელოვანესი გეოლოგიური მახასიათებელია და არსებითად, იგი წარმოადგენს ზოგადი გეოლოგიური რუკების ძირითად შინაარსს. ქანების გეოლოგიური ასაკი დგინდება კარგად შემუშავებული სტრატიგრაფიული, პალეონტოლოგიური და პეტროგრაფიული მეთოდებით. გეომორფოლოგიაში ასაკის დადგენა — უფრო რთული ამოცანაა, რადგან გეოლოგიური მეთოდების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რელიეფის აკუმულაციური ფორმების ასაკის დასადეგნად და არ შეიძლება იყოს გამოყენებული უშუალოდ დენუდაციური რელიეფის ასაკის გამოსარკვევად. გეომორფოლოგიაში, ისევე როგორც გეოლოგიაში, ჩვეულებრივ იხმარება გაგება რელიეფის შეფარდებითი და აბსოლუტური ასაკის შესახებ.[5]

რელიეფის შეფარდებითი ასაკი — გეომორფოლოგიაში მას აქვს რამდენიმე ასპექტი. 1) უილიამ მორის დეივისის თანახმად, ესა თუ ის ტერიტორია ან ცალკეული ფორმები, წარმოადგენს სტადიურ პროცესს. ამიტომ რელიეფის შეფარდებით ასაკში იგულისხმება მისი განვითარების განსაზღვრება; მაგალითისთვის ზღვის სანაპირო ან მდინარეთა ხეობების რელიეფის განვითარება. მეოთხეული ისტორიის პერიოდიდან ირკვევა, რომ უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ (დაახლოებით 20 ათასი წლის წინ) მსოფლიო ოკეანის დონე თანადროულ დონესთან შედარებით დაახლოებით 100 მეტრით დაბალი იყო. კონტინენტური მყინვარული საფრის გალღობასთან ერთად დაიწყო მსოფლიო ოკეანის დონის თანდათანობითი აწევა (4000-5000 წლის წინ მან მიაღწია დაახლოებით ამჟამინდელ ნიშნულს). ოკეანეების და ზღვების წყლებმა დაძირეს ხმელეთის სანაპიროს ყოფილი დადაბლებები. წარმოიქმნა მკვეთრად დანაწევრებული საწყისი სანაპირო ხაზები.[5]

ასეთი ინგრესიული სანაპიროების წარმოქმნა შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც თანამედროვე ნაპირის განვითარების საწყისი სტადია. შემდგომ, აბრაზიულმა პროცესებმა ხელი შეუწყო კონცხებზე საფეხურების წარმოქმნას. ერთდროულად, ყურეებში წარმოიქმნა პირველი სანაპირო აკუმულაციური ფორმები. ეს არის ნაპირის ახალგაზრდა განვითარების სტადია. მოგვიანებით კონცხები ჩამოკვეთილი იქნა, ხოლო უბეები (ყურეები) აკუმულაციური წარმონაქმნებით მთლიანად გამოეყო ზღვას. სანაპირო მოსწორდა. სანაპირო ხაზის მოსწორება ასრულებს სანაპიროს მომწიფების სტადიას. მომდევნო განვითარებას მოჰყვა აბრაზიული პროცესების დაცხრომა. ნატეხი მასალების შეღწევის შემცირებას შესაძლოა მოჰყვეს აკუმულაციური ფორმების ნაწილობრივი წარეცხვა. ეს არის ძველი სტადია.[5]

სხვა მაგალითია — მყინვარული საფრისაგან ახლახან განთავისუფლებული მდინარეების ხეობების ფორმირება. თავდაპირველად მდინარეს აქვს გამოუმუშავებელი, სუსტად ამოჭრილი ხეობა. განვითარების პროცესში მდინარის კალაპოტი თანდათანობით იჭრება საწყის ქანებში, თუმცა მის გასწვრივ პროფილში ჯერ კიდევ რჩება მრავალრიცხოვანი უსწორმასწორობანი. ეს არის მდინარის ხეობის ახალგაზრდა სტადია. მომდევნო შეჭრას მოჰყვება გაღუნული გრძივი პროფილის წარმოქმნა. ხეობის ჩაღრმავება ნაპირების წარეცხვის ხარჯზე იცვლება მისი გაფართოებით, იწყება ჭალის ფორმირება. მდინარის ხეობა შედის მომწიფების სტადიაში. შემდეგ, გვერდით ეროზიას მოჰყვება ჭალის გაფართოება, მდინარე თავისუფლად მოძრაობს მისსავე ფარგლებში, დინება მდოვრე ხდება, ხოლო კალაპოტი მეტისმეტად იკლაკნება ან იტოტება. დგება მდინარის ხეობის ძველი სტადია.[5]

შესაბამისად, რელიეფის შეფარდებითი ასაკის დადგენის ერთ-ერთი ასპექტია — მისი განვითარების სტადიის განსაზღვრა მორფოლოგიური და დინამიკური ნიშნების მიხედვით.[5]

2) რელიეფის შეფარდებითი ასაკის გაგება მიიღება აგრეთვე ერთი ფორმის სხვა ფორმასთან ურთიერთმიმართების შესწავლის დროს. ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ფორმა უფრო ძველია იმასთან შედარებით, რომელიც ართულებს მის ზედაპირს და ყალიბდება უფრო გვიანდელ დროში. ასე მაგალითად, კასპიისპირა დაბლობის ფარგლებში ფართოდ არის გავრცელებული გვიან მეოთხეული (ხვალინური) ზღვიური დაბლობი, რომელიც ხვალინური ზღვის რეგრესიის შედეგად ერთ შემთხვევაში განიცდიდა ეროზიულ დანაწევრებას, მეორე შემთხვევაში — მისი ზედაპირი გადამუშავებული იქნა ეოლური პროცესებით, რომელსაც მოჰყვა ეოლური რელიეფის სხვადასხვაგვარი ტიპების წარმოქმნა. შესაბამისად, პირველეულ (ამ შემთხვევაში ხვალინურ) ზღვიურ დაბლობთან მიმართებაში რელიეფის ეროზიული და ეოლური ფორმები მეორეულია (უფრო ახალგაზრდაა).[5]

რელიეფის აბსოლუტური ასაკი რადიოიზოტოპური მეთოდებით კვლევა ფართოდ გამოიყენება დანალექების და რელიეფის ფორმების ასაკის დასადგენად აბსოლუტურ ერთეულებში, ესე იგი წლებში. ამისათვის მნიშვნელოვანია ამა თუ იმ რადიოიზოტოპის ნახევარ დაშლის პერიოდი; შემდეგ დანალექებში ადგენენ მისი რაოდენობის თანაფარდობას წარმოებულთან ერთად. აბსოლუტური ასაკის დასადგენად ეს საკმაოდ საიმედო საშუალებაა. აბსოლუტური ასაკის დასადგენად თანამედროვე დროში ფართოდ გამოიყენება რადიონახშირბადული, კალიუმ-არგონული, ფთორული, თერმოლუმინესცენციური და სხვა მეთოდები. ძველი დანალექებისა და რელიეფის ფორმების აბსოლუტური ასაკის დადგენა შეიძლება აგრეთვე პალეომაგნიტური მეთოდის საშუალებით.[5]

რელიეფწარმომქმნელი ფაქტორები

რელიეფის წარმოქმნა ანუ მორფოგენეზი მეტად რთულად მიმდინარეობს.[54] რელიეფი ფორმირდება და ვითარდება ენდოგენური და ეგზოგენური ძალებისა და პროცესების ურთიერთმოქმედების შედეგად. გარდა ამისა არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ რელიეფის წარმოქმნაში, თუმცა ხელს უწყობენ მის განვითარებას. ასეთი ფაქტორებია ქანების ნივთიერი შედგენილობა, გეოლოგიური სტრუქტურები, კლიმატური პირობები, ბიომი, და გარკვეულწილად საკუთრივ რელიეფი. მორფოგენეზი ან გეომორფოგენეზი ეწოდება რელიეფის სხვადასხვა ფორმების წარმოქმნასა და განვითარებას დედამიწის ზედაპირზე, რომელიც გამოწვეულია ენდოგენური და ეგზოგენური პროცესებითა და ფაქტორებით. დედამიწის ქერქი აგებულია სხვადასხვა გენეზისისა და სხვადასხვაგვარი ქიმიური და მინერალოგიური შედგენილობის ქანებით.[5]

განასხვავებენ მედეგ და არამედეგ ქანებს. ქანები ერთმანეთისაგან განსხვავდება აგრეთვე სტრუქტურით, ტექსტურითა და ფიზიკური თვისებებით. ქანების სხვადასხვა გენეტიკური ტიპები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ გარეგანი ძალების მოქმედებაზე.[5]

რელიეფწარმომქმნელი გეოლოგიური და გეოგრაფიული ფაქტორები უშუალოდ არ ქმნიან რელიეფის ფორმებს, თუმცა არსებით გავლენას ახდენენ მათ წარმოქმნაზე.[54] ისინი განსაზღვრავენ გარემოებას, რომელშიც მიმდინარეობს პროცესები. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება ტექტონიკური მოძრაობა, ადგილის გეოლოგიური აგებულება, კლიმატური პირობები, მცენარეულობა, მთისა და ვაკის პირობები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დრო — პროცესების ხანგრძლივობა და სტადიურობა, დროში პირობების ცვალებადობა. ტექტონიკური მოძრაობები განაპირობებენ დედამიწის ზედაპირის სიმაღლისა და დახრილობის ცვლილებას. ინტენსიურ გავლენას ახდენენ წყლის ნაკადებისა და მყინვარების მოქმედებაზე, ფერდობთა პროცესების მსვლელობაზე. უეცარ ტექტონიკურ მოძრაობებს მოჰყვება მიწისძვრების წარმოქმნა, რომელსაც თან სდევს გრავიტაციული პროცესებიჩამოზვავება და მეწყერი.[54] დედამიწის ქერქი აგებულებით მეტად არაერთგვაროვანია. სელექტიური დენუდაციის ეფექტის შედეგად იქმნება სტრუქტურული და სტრუქტურულად შეპირობებული რელიეფის ფორმები. რელიეფწარმომქმნელი მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე კლიმატი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ტიპები: ჰუმიდური, ნივალური, პოლარული და არიდული.[54]

საქართველოს გეომორფოლოგია

საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთოდ კავკასიის ყელის ტერიტორიის გეომორფოლოგიური დარაიონების ცდას ვხვდებით ანატოლი რეინგარდის (1912, 1937, 1941 წწ.), ივანე შჩუკინის (1926), ალექსანდრე ჯავახიშვილის (1926, 1947), ს. კუზნეცოვის (1937, 1941), ბორის დობრინინის (1940) ნაშრომებში.[55] პირველი ცნობები საქართველოს გეომორფოლოგიის შესახებ გვხვდება კავკასიის მკვლევართა ნაშრომებში, კერძოდ ანატოლი რეინგარდისა (1917) და ივანე შჩუკინის (1926) შრომებში. საკუთრივ საქართველოს რელიეფი პირველად აღწერა ალექსანდრე ჯავახიშვილმა (1926). XX საუკუნეში დეტალურად იქნა შესწავლილი საქართველოს ცალკეული გეომორფოლოგიური რაიონები (ლევან მარუაშვილი, დავით წერეთელი და სხვები). მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ზოგადგეოგრაფიულ პრობლემათა კვლევა საქართველოს რთული რელიეფის მაგალითზე (ლევან მარუაშვილი და სხვები). საყურადღებოა კავკასიაში გამყინვარების პერიოდის პალეოგეოგრაფიის შესახებ არსებულ წარმოდგენათა კრიტიკა (ლევან მარუაშვილი). XX საუკუნეში ფართოდ გაიშალა მუშაობა კარსტოლოგიაში — დამუშავდა საქართველოს კარსტის ტიპოლოგია, მორფოლოგია და კვლევის ისტორია (ლევან მარუაშვილი, შალვა ყიფიანი, ზურაბ ტატაშიძე და სხვები). გეოგრაფიულ ლიტერატურაში პირველად ჩამოყალიბდა ცნება კარსტოსფეროს შესახებ და შეიქმნა მღვიმეთმცოდნეობის ორიგინალური სახელმძღვანელო (ლევან მარუაშვილი, 1973). ახალი ათონის მღვიმის აღმომჩენ მეცნიერებსა და მშენებლებს მიენიჭათ სსრკ სახელმწიფო პრემია 1977 წელს. საქართველოს ტერიტორიის გეომორფოლოგიური კვლევის შედეგები შეჯამდა კოლექტიურ მონოგრაფიაში „საქართველოს გეომორფოლოგია“, რომლის მთავარ რედაქტორს — ლევან მარუაშვილს 1972 წელს მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი.[56]

აღსანიშნავია აგრეთვე: შალვა ყიფიანის „საქართველოს კარსტი“ (1974), ზურაბ ტატაშიძის „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (2009), რამინ გობეჯიშვილის „საქართველოს რელიეფი“ (2011) და სხვა.[57]

საქართველო გეომორფოლოგიური კონტრასტების ქვეყანაა. იგი გამოირჩევა რთული რელიეფით, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებს მისი გეოტექტონიკური მდებარეობა. მის რელიეფში შერწყმულია ნაირ-ნაირი ჰიფსომეტრიული და მორფოგრაფიული თავისებურების მატარებელი ელემენტები, დაწყებული ღრმა ხეობებითა და ბრტყელი დაბლობებით — დამთავრებული სხვადასხვა სიმაღლის პლატოებითა და მაღლობებით. საქართველოს ტერიტორია უწინარეს ყოვლისა, ოთხ მთავარ გეომორფოლოგიურ ოლქად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი გვიანდელკაინოზოური გეოლოგიური ისტორიის მიხედვითა და ამ ისტორიიდან გამომდინარე სტრუქტურული და მორფოლოგიური თავისებურებებითაც.[55] გეომორფოლოგიურ რეგიონებში გამოიყოფა უფრო მცირე ერთეულებიც. ასე მაგალითად, კავკასიონი იყოფა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონად.

გეომორფოლოგიური დაყოფა“: საქართველოს ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით იყოფა ოთხ ძირითად ოლქად — 1 ) კავკასიონის მაღალმთიანი ნაოჭა ოლქი; 2 ) საქართველოს მთიანეთშორისი ტექტონიკური დეპრესია; 3 ) მცირე კავკასიონის საშუალმთიანი ნაოჭა ოლქი; 4 ) სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი.[55]

კავკასიონის მაღალმთიანი ნაოჭა ოლქი — ხასიათდება მაღალი მთებითა და ეროზიულ-დენუდაციური რელიეფის სიჭარბით. მხოლოდ ამ ზონაში გვხვდება მყინვარები. ფართოდ არის გაბატონებული ღრმა ხეობები და კანიონები; ლითოლოგიურად შეპირობებული რელიეფის ტიპების ზოლისებრი გავრცელებით, ეგზოგენური ფორმების ვერტიკალური ზონალურობით, მყინვარებით, ძველი გამყინვარების რელიეფის ფართო განვითარებით, კარსტული და ვულკანური რეგიონებით.[55]

საქართველოს მთიანეთშორისი ტექტონიკური დეპრესია — წარმოადგენს დაბლობებისა და ვაკე-ტაფობების ერთობლიობას. გაბატონებულია ალუვიური ვაკეები, მთისწინა ბორცვიანი, დაბალ- და ნაწილობრივ საშუალომთიანი რელიეფი, დაბალი კარსტის რეგიონით, ლოკალური მოსწორებული ზედაპირებით.[55]

მცირე კავკასიონის საშუალმთიანი ნაოჭა ოლქში — გვხვდება საშუალო სიმაღლის მთები. დამახასიათებელია ეროზიულ-დენუდაციური რელიეფი და წარმოადგენილია მოსწორებული ზედაპირით, წყვეტილად გავრცელებული ძველი გამყინვარების ფორმებით, ვულკანური რეგიონითა და სინკლინური ქვაბულით.[55]

სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი — სხვა ოლქებთან შედარებით ვულკანური რელიეფით გამოირჩევა. აქ ჭარბობს ვულკანური ქედები (მთებითურთ), პლატოები და ლავური ნაკადები.[55]

საქართველოში გეომორფოლოგიურ კვლევას თავიდანვე მოკიდა ხელი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა. აღსანიშნავია ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგის განყოფილება, რომელიც შეიქმნა 1953 წელს. 1956-1980 წლებში (1992-2006) გეომორფოლოგიის განყოფილებად, 1980-1992 წლებში გეომორფოლოგიის და პალეოგეოგრაფიის განყოფილებად, 2006 წლიდან კი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებად იწოდება. სხვადასხვა წლებში გეომორფოლოგიის განყოფილებაში შეიქმნა: გლაციოლოგიური, კარსტოლოგია-სპელეოლოგიური და ეგზოგენური პროცესების ჯგუფები, შემდეგში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები.[57]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

გეომორფოლოგიური ჟურნალები

ლიტერატურა

  • მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 85-86.
  • ჯავახიშვილი ა., საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1 - გეომორფოლოგია, ტფ. 1926;
  • ცხოვრებაშვილი, შ., მეთოდური მითითებები გეომორფოლოგიაში; თბ., 1989;
  • ტატაშიძე ზ., ცხოვრებაშვილი შ., ყიფიანი შ., და სხვ.; გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1996;
  • კვერნაძე, ა., გეომორფოლოგია და მეოთხეულის გეოლოგია, თბ., 1997;
  • შემდგ.: ნოზაძე თ., გამოყენებითი გეომორფოლოგია თბ., 2002;
  • Геоморфологические районы Грузинской ССР, М.-Л., 1947;
  • Болиг А.. Очерки по геоморфологии, пер. с франц., М., 1956;
  • Геоморфология Грузии ТБ., 1971;
  • Щукин И.С., Общая геоморфология, 2 изд., т.1-3, М., 1960-1974;
  • Пенк B., Mорфологический анализ, пер. c нем., M., 1961;
  • Дэвис B. M., Геоморфологические очерки, пер. c англ., M., 1962;
  • Эдельштейн Я. C., Oсновы геоморфологии, 2 изд., M.-Л., 1947;
  • Экспериментальная геоморфология, М., 1961;
  • Шайдеггер А. Е., Теоретическая геоморфология, пер. с англ., М., 1964;
  • Панов Д. Г., Общая геоморфология, М., 1966;
  • Мещеряков Ю. А., Структурная геоморфология равнинных стран, М., 1965;
  • Девдариани А. С., Математические методы, М.,1966;
  • Кинг Л., Морфология Земли, пер. с англ., М., 1967;
  • Проблемы палеогеоморфологии, М., 1970;
  • Спиридонов А. И., Основы общей методики полевых геоморфологических исследований и геоморфологического картографирования, М., 1970;
  • Применение геоморфологических методов в структурно-геологических исследованиях, М., 1970;
  • Современные экзогенные процессы рельефообразования, М., 1970;
  • Engein О., Geomorphology, N. Y., 1947;
  • Cotton С., Geomorphology, 6 ed., N. Y., 1952;
  • Vitāsek F., Fvsický zeměpis, 3 dil.. Praha, 1955;
  • Weber Н., Die Oberflächenformen des festen Landes, Lpz., 1958;
  • Trieart J. et Cailleux A., Cours de géomorphologie, P., 1961;
  • Klimaszewski М., Geomorfologia ogólna, Warsz., 1963;
  • The Encyclopedia of geomorphology, N. Y., 1968.

სქოლიო

  1. An Overview of Geomorphology. Geomorphology and Geomorphologic Processes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-18.
  2. 2.0 2.1 გეომორფოლოგია. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.
  3. გეომორფოლოგია. გეოლოგიის ენციკლოპედია.
  4. 4.0 4.1 4.2 არჩილ ცაგარელი, სტატიიდან „გეოლოგია“, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 77-81.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 5.17 5.18 5.19 5.20 5.21 5.22 5.23 5.24 5.25 Рычагов Г. И.,, Общая геоморфология, 3-е издание, Москва: наука, 2006. — გვ. 416.
  6. ენდოგენური პროცესები. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.
  7. Белоусов П. В.,, Основы геотектоники, Москва, 1975.
  8. ეგზოგენური პროცესები. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.
  9. Якушова А. Ф.,, Динамическая геология, Москва: Просвещение, 1970. — გვ. 336.
  10. გეომორფოლოგია. სამთო ენციკლოპედია.
  11. Vladimir Vernadsky : Cosmos, Earth, Life, Man, Reason - From Biosphere to Noosphere.
  12. Словарь экологических терминов и определений.
  13. Организмы и окружающая среда. Учение о биосфере. Биосфера Земли.
  14. ლევან მარუაშვილი, სტატიიდან „გეომორფოლოგია“, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 85.
  15. სტატიიდან „ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი“, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 402.
  16. ა. სპირიდონოვი., გეომორფოლოგია. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია..
  17. Я. С. Эдельштейн,, Основы геоморфологии, Москва-Ленинград, 1947. — გვ. 7-11.
  18. ალექსანდრე ჯავახიშვილი.,, საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. ტომი VII, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963 =. — გვ. 3-7.
  19. ნეპტუნიზმი – უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  20. პლუტონიზმი – უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  21. James Hutton: The Founder of Modern Geology. www.amnh.org. ციტატა: „He called this coupling of destruction and renewal the “great geological cycle,” and realized that it had been completed innumerable times.“
  22. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. ციტატა: „разработал учение о географических циклах...“
  23. Walther Penck. www.britannica.com.
  24. Пенк Вальтер.
  25. Петр Петрович Семенов-Тян-Шанский.[მკვდარი ბმული]
  26. Кропоткин Пётр Алексеевич. hfree-people.pp.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-16.
  27. Доклады по знаменитым личностям. Доклад: Обручев Владимир Афанасьевич (1863 – 1956).
  28. Karst research in Serbia before the time of Jovan Cvijić. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  29. Paleogeomorphology. Definition, Term, Practical Applications..
  30. 30.0 30.1 Составитель Л. М. Ахромеев., Геоморфологический словарь-справочник, Брянск, 2002. — გვ. 321.
  31. კონტინენტური მეჩეჩი.
  32. 32.0 32.1 32.2 Тема 1. Общие вопросы. Определение геоморфологии как науки и объекта ее изучения.[მკვდარი ბმული]
  33. ალექსანდრე ჯავახიშვილი., საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ტომი VII. სტატიიდან: გეომორფოლოგია გეოლოგიური და გეოგრაფიული და მათი მდგომარეობა, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963. — გვ. 3-7.
  34. Предмет геоморфологии - самостоятельность науки - связи геоморфологии с другими науками - отличие геоморфологии от геологии и физической географии - роль человека в развитии рельефа - из истории геоморфологии - развитие науки в России и СССР - Геоморфологическая комиссия ГГО - на пути к созданию геоморфологической карты СССР - геоморфология и четвертичная геология. Стр. 7 - 11..
  35. ჰიმალაის მთათა სისტემა.
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 [https://web.archive.org/web/20160308123322/http://e-lib.gasu.ru/eposobia/manankova.pdf Т.И. Мананкова Краткий курс лекций по геоморфологии (для студентов заочного отделения). Горно-Алтайский государственный университет Кафедра геоэкологии и природопользования]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
  37. 'continents' - Encyclopedia of World Geography, Volume 1 (2005, Golson Books Ltd.). ციტატა: „And since Africa and Asia are connected at the Suez Peninsula, Europe, Africa, and Asia are sometimes combined as Afro-Eurasia or Eurafrasia.“ ციტირების თარიღი: 2012-06-26.
  38. 38.0 38.1 "Continent". The Columbia Encyclopedia. 2001. New York: Columbia University Press - Bartleby.
  39. Océano Uno, Diccionario Enciclopédico y Atlas Mundial, "Continente", page 392, 1730. ISBN 84-494-0188-7
  40. Los Cinco Continentes (The Five Continents), Planeta-De Agostini Editions, 1997. ISBN 84-395-6054-0
  41. [1] official Greek Paedagogical Institute 6th grade Geography textbook, 5+1 continents combined-America model, Pankosmios Enyklopaidikos Atlas, CIL Hellas Publications, ISBN 84-407-0470-4, page 30, 5+1 combined-America continents model, Neos Eikonographemenos Geographikos Atlas, Siola-Alexiou, 6 continents combined-America model, Lexico tes Hellenikes Glossas, Papyros Publications, ISBN 978-960-6715-47-1, lemma continent(epeiros), 5 continents model,[2] Lexico Triantaphyllide online dictionary , Greek Language Center (Kentro Hellenikes Glossas), lemma continent(epeiros), 6 continents combined-America model, Lexico tes Neas Hellenikes Glossas, G.Babiniotes, Kentro Lexikologias(Legicology Center) LTD Publications , ISBN 960-86190-1-7, lemma continent(epeiros), 6 continents combined-America model.Note and clarification on the above: the sometimes used in Greece 5 and 5+1 continents models mentioned above are equivalent to the 6 (inhabited) continents combined-America model excluding/including (separately mentioning) the uninhabited and once lesser-known or unknown Antarctica (just like the Olympic Circles-Logo); they don't refer to some other 5 or other number continent modeling scheme.
  42. 42.0 42.1 "Continent". Encyclopædia Britannica. 2006. Chicago: Encyclopædia Britannica, Inc.
  43. World, National Geographic - Xpeditions Atlas. 2006. Washington, DC: National Geographic Society.
  44. The World - Continents დაარქივებული 2006-02-21 საიტზე Wayback Machine. , Atlas of Canada
  45. The New Oxford Dictionary of English. 2001. New York: Oxford University Press.
  46. "Continent დაარქივებული 2009-10-28 საიტზე Wayback Machine. ". MSN Encarta Online Encyclopedia 2006.. 2009-10-31.
  47. "Continent". McArthur, Tom, ed. 1992. The Oxford Companion to the English Language. New York: Oxford University Press; p. 260.
  48. Для Непала высоты приведены по местным топографическим картам. Для Китая и района Балторо взяты из «The Maps of Snow Mountains in China». Для района Гиспар высоты указаны по российской 1:100,000 топокарте დაარქივებული 2008-04-27 საიტზე Wayback Machine. , выглядящей более достоверно, чем обычно приводимые высоты из американских военных карт 50-х годов დაარქივებული 2013-07-25 საიტზე Wayback Machine. . Некоторые другие высоты взяты из «High Asia» (Jill Neate).
  49. Данная местность хорошо покрыта снимками на сайте Terraserver.com и спутниковыми снимками Google Maps. Координаты установлены из сравнения топографических карт и данных снимков.
  50. Данные превышения получены из комбинации карт и компьютерного анализа данных SRTM (угловое разрешение в 3"), полученных NASA в 2001 году. Превышения св. 1450 метров указаны по этому сайту.
  51. Здесь указана первая превосходящая по высоте гора, расположенная за «ключевым» понижением с минимально необходимыми 500-ми метрами.
  52. Кол-во восхождений и неудавшихся попыток на 2004 год указано по Гималайскому журналу. Приведено кол-во экспедиций (не отдельных восходителей) внёсших свои попытки в журнал. Они возможно аккуратно вносили данные по редко посещаемым вершинам (хотя упущения возможны), но ещё более неточности вероятны по лёгким для восхождения и/или популярным пикам, типа восьмитысячников. Для примера, Эверест на 2004 год, покорило 2251 отдельных альпинистов [3]. Ещё одним фактором невнесения восхождений в журнал, являются тайные восхождения на вершины с неоплаченным пермитом или в запрещённой для восхождений зоне.
  53. Существуют многочисленные, т. н. «окончательные» измерения высоты Эвереста. Здесь же приведена «традиционная» высота — 8848 метров
  54. 54.0 54.1 54.2 54.3 Кизельватер Д.С., Раскатов Г.И., Рыжова А.А., Геоморфология и четвертичная геология (Геоморфология и генетические типы отложений), Москва: Недра, 1981. — გვ. 212.
  55. 55.0 55.1 55.2 55.3 55.4 55.5 55.6 მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 35-48 თბ. 1964. 
  56. ასლანიკაშვილი ა., ბალავაძე ბ., თევზაძე ნ., ცაგარელი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, 1981 წელი. გვერდი 198-201.
  57. 57.0 57.1 ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-22.