გარნისის ბრძოლა (1225)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გარნისის ბრძოლა.
გარნისის ბრძოლა
ქართულ-ხვარაზმული დაპირისპირების ნაწილი
თარიღი 1225 წ.
მდებარეობა გარნისის მახლობლად, სომხეთი
შედეგი ხვარაზმელთა გამარჯვება
მხარეები
საქართველოს სამეფო ხვარაზმი
მეთაურები
ივანე მხარგრძელი ჯალალედინი
ძალები
60 000 150 000

გარნისის ბრძოლა 1225 — ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ჯალადედინის მოწოდებას — დამდგარიყვნენ მისი დროშის ქვეშ, ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალადედინი დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველთა ლაშქარი, რომლის მთავარსარდლადაც რუსუდან მეფემ ათაბაგი ივანე I მხარგრძელი დანიშნა, მტერს სომხეთში, გარნისის მიდამოებში მიეგება.

წინაპირობები რედაქტირება

1218 წლის გაზაფხულის პირას ხვარაზმის სამეფოს საზღვრისპირა ქალაქ ოთრარში მონღოლეთიდან წამოსული დიდი ქარავანი შეჩერდა. იგი 450 კაცისგან და 500 დატვირთული აქლემისაგან შედგებოდა. მონღოლეთიდან ჩამოსულ ვაჭართა საქციელი არ მოსწონებია ქალაქის გამგებელს, ისინი ჯაშუშებად მიუჩნევია და ამის შესახებ სულთანისათვის შეუტყობინებია. მუჰამედმა ვაჭრების შეპყრობა და დედაქალაქში ჩაყვანა ბრძანა. მან მონღოლეთიდან ჩამოსული ვაჭრები ერთიანად ამოწყვიტა, მათი ქონება კი მიითვისა. 1219 წელს ჩინგიზ-ხანმა ყურულთაი მოიწვია და ხვარაზმის წინააღმდეგ ლაშქრობის სამზადისი დაიწყო. ხვარაზმ-შაჰმა მუჰამედმა ვერ მოახერხა მონღოლების წინააღმდეგ სრული სამხედრო მობილიზაციის განხორციელება და დამარცხდა. 1220 წელს მუჰამედი გარდაიცვალა და მის დაშლილ სამეფოს სათავეში ჯალალ ად-დინი ჩაუდგა[1].

1221 წელს ქაბულის მახლობლად ჯალალ ედ-დინმა დაამარცხა მონღოლები, თუმცა ამავე წლის 24 ნოემბერს მდ. ინდის ნაპირთან სასტიკად დაამარცხეს ხვარაზმ-შაჰი, რომელმაც მცირე რაზმთან ერთად მდ. ინდის გადაცურვა მოახერხა და ინდოეთში გაიქცა. ინდოეთიდან მან მოახერხა ირანსა და ერაყში გაბატონება. ანტიმონღოლურ კოალიციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეული გაერთიანდა. ჩინგიზ-ხანის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებამდე ჯალალ ად-დინმა საქართველოს სამეფოს დამორჩილება გაიხადა მიზნად[1].

მეომართა რაოდენობები რედაქტირება

რუსუდანის ბრძანებით, ქვეყნის ყველა კუთხეში ჯარის შესაკრებად გაიგზავნა მალემსრბოლი. ამ პერიოდში საქართველოს შეეძლო გამოეყვანა 80-90 ათასი მეომარი, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველებს გარკვეული რესურსი დაუტოვებიათ და 60-70 ათასამდე მეომარი გამოუყვანიათ. წინამბრძოლად დგანან სრულიად მესხნი. ფლანგებზე განლაგებული იქნებოდნენ „აფხაზნი და იმერნი“ (მარჯვნივ) და „ამერნი და ჰერ-კახნი“ (მარცხნივ)[1].

ჯალალედინის არმია გაცილებით მრავალრიცხვოვანი იყო. ჟამთააღმწერლის თქმით, ხვარაზმშაჰს 140 ათასი მეომარი დაუძრავს საქართველოს წინააღმდეგ. სომეხი მემატიანეების თქმით, მუსლიმური კოალიცია 200 ათას მეომარს ითვლიდა. რამდენად შეეძლო ხვარაზმიდან დევნილ შაჰს თუნდაც 140 ათასიანი არმიის მობილიზება საკამათოა, თუმცა ის აკონტროლებად ირანის მნიშვნელოვან ნაწილს. ამასთანავე საქართველოს წინააღმდეგ ჯალალედინის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში მონაწილეობდნენ ერაყის მუსლიმებიც.

განლაგებები რედაქტირება

ქართველთა ავანგარდს შეადგენდა მესხთა ლაშქარი თორელების, შალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით. საქართველოს ლაშქარი გორაკზე იყო განლაგებული, მტრის ჯარს კი დაბლობი ეკავა.

ჯალალედინის ცენტრს მხედრობა ქმნიდა, მარცხენა ფრთას სულთნის ძმა ღიას ედ–დინი სარდლობდა. მარჯვენა ფლანგზე ჯალალედინმა მშვილდოსნები განალაგა.

ბრძოლა რედაქტირება

ბრძოლა დაიწყო მტრის მარცხენა ფრთის შეტევით ქართველთა ავანგარდზე. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მალე მტრის მთავარი ძალებიც ჩაებნენ. ამასობაში ივანე და შალვამ ქართველთა არმიის სარდალს ივანე ათაბაგს რამდენიმეჯერ გაუგზავნეს შუამავალი, რათა ქართული არმიის ძირითადი ძალები მტრის წინააღმდეგ დაეძრა, მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. ჟამთააღმწერლის თქმით, ამის მიზეზი ივანე მხარგრძელის მიერ ძმები ახალციხელების შური იყო[2]:

 
„ვითარ დაეახლნეს წინამბრძოლნი და სულტანი, აქა დაიპყრა ფერჴი ივანე ათაბაგმან, იტყჳან შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჵი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძჳრად მომწყუედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავისა მწყლველი! ვითარ ურიათა ღმრთის მკლველობა არწმუნა, და კუალად ამათსა უბოროტესი უგბილი და ულმობელი და საქართველოსა სრულიადი მოსპოლვა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად-ყოს, ათაბაგსა ივანეს არწმუნა, რომელ ჟამსა წყობისა და ჟამსა ომისასა უკუნ-დგა და არღარა ვიდოდა მბრძოლთა კერძ.“

გარნისის მაღლობზე საქართველოს არმიის სამხედრო ძალები გაუნძრევლად იდგნენ. ძირითადი ძალების დახმარებას მოკლებული ქართველთა მცირერიცხოვანი ავანგარდი იძულებული გახდა უკან დაეხია. შალვა ახალციხელი მტერმა ტყვედ ჩაიგდო, მთებს შეხიზნული ივანე კი კლდიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ივანე ათაბაგმა გაქცევით დააღწია თავი დატყვევებას და ბიჯნისის ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.

გარნისთან დამარცხების მიზეზი იყო სამეფო ხელისუფლების დასუსტება და დიდმოხელე ფეოდალთა შორის შურისა და მტრობის გაძლიერება. ამ მარცხით დაიწყო საქართველოს პოლიტიკური ძლიერების დაცემა.

შედეგები რედაქტირება

ჯალალედინმა დვინი აიღო და თბილისისაკენ დაიძრა. ამ დროს მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს დატყვევებული შალვა ახალციხელი, რომელიც მტრის ბანაკიდან წერილებს აგზავნიდა და ქართველებს მტრის გეგმებს ატყობინებდა. რუსუდანმა დედაქალაქი მიატოვა და ქუთაისში გადავიდა. თბილისის დაცვა კი ბოცო და მემნა ბოცოსძეებს დაავალა. 1226 წელს შინაგამცემლობის შედეგად ჯალალედინმა თბილისიც აიღო, რომელიც გამარჯვებულმა მეომრება ააოხრეს. ამავე პერიოდში აწამეს 100 ათასი მოწამეც.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სამუშია ჯ., საქართველოს დიდი ბრძოლები, თბ., 2009

სქოლიო რედაქტირება