გარემოს დაბინძურება

დაბინძურება — დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა ფიზიკურ გარემოში, რაც იწვევს მის ხარისხობრივ ცვლილებას, ცვლის ფიზიკურ სისტემებს და ზიანს აყენებს ან დისკომფორტს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი წყარო საყოფაცხოვრებო ნარჩენებია; თუმცა გაცილებით სერიოზულ ზიანს სამრეწველო საწარმოთა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე სატრანსპორტო საშუალებათა ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.

ჰაერის დაბინძურება მეორე მსოფლიო ომიდან იარაღის წარმოების დროს ალაბამაში, 1942

გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.

ჰაერის დაბინძურება რედაქტირება

 
ჰაერის დაბინძურება ტაივანში

ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. ოზონის თხელი ფენა დედამიწას იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას სხვადასხვა ოზონდამშლელი ნივთიერებები, მათ შორის ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.

წყლის დაბინძურება რედაქტირება

მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარეებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. მდინარეებსა და ზღვაში დღესაც ჩაედინება დასახლებების გაუწმენდავი საკანალიზაციო წყალი, ასევე ქარხანა-ფაბრიკების ჩამდინარე წყალი, რომელიც მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენებითაა დაბინძურებული. ამის შედეგად თევზები იხოცება და წყალმცენარეები ნადგურდება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ (ან ორგანულ) სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება წყლის ობიექტებში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.

ნიადაგის დაბინძურება რედაქტირება

 
ნაგვის პრობლემბა გაიანას სანაპიროზე, 2010

ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნარჩენები იწვევს. ზოგიერთი სახის ნარჩენი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.

უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიოაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიოაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება