გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი (ყოფ. გარდაბნის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თბილისის მაზრაშია, 1938 წელს გამოეყო თბილისის ოლქს ყარაიის რაიონის სახელწოდებით. 1947 წლის 18 მარტიდან ეწოდა გარდაბნის რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გარდაბანი.

მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
დროშა

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
ადმ. ცენტრი გარდაბანი
კოორდინატები 41°27′00″ ჩ. გ. 45°06′00″ ა. გ. / 41.45000° ჩ. გ. 45.10000° ა. გ. / 41.45000; 45.10000
ფართობი 1304.1 კმ²
მოსახლეობა 99 700[1]
სიმჭიდროვე 62,78 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 54,23 %
აზერბაიჯანელები 43,53 %
სომხები 0,74 %
რუსები 0,51 %
ასირიელები 0,34 %[2]
ოფიციალური საიტი http://gardabani.ge/
გარდაბნის მუნიციპალიტეტი — საქართველო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გეოგრაფია რედაქტირება

გარდაბნის მუნიციპალიტეტს სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით მცხეთის და თბილისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საგარეჯოს, დასავლეთით თეთრი წყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფართობია 1304,1 კმ².[3][4]

რელიეფი რედაქტირება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი უჭირავს მთებს, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი ვაკეებსა და ზეგანს. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს მეოტურ-პონტური ასაკის კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებითა და ქვიშებით აგებული იალნოს ქედი (მთა იალნო 1881 მ), დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით — ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური და დანალექი (თიხები და ქვიშაქვები) ქანებით აგებული თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი დაბოლოების განტოტებები — კოჯორ-საყარაულოს, მთაწმინდის, თაბორის, თელეთის ქედები და მათ შორის მოქცეული ხეობები.

იალნოს ქედის სამხრეთ კალთის გასწვრივ გადაჭიმულია ზედაეოცენურ-ქვედამიოცენური ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით აგებული სამგორის ტალღობრივი ვაკე, რომელიც აღმოსავლეთით ერწყმის ივრის ზეგანს, სამხრეთ-აღმოსავლეთით — გარდაბნის ვაკეს. ზეგანზე სარმატული ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებული მონოკლინური სერები და მათ შორის მოქცეული გასწვრივი ვაკე-ტაფობები ჭარბობს. გარდაბნის ვაკე ალუვიურ-დელუვიური ნალექებით აგებული ტერასული ვაკეა. მტკვრის მარჯვენა მხარეს, თელეთის ქედსა და იაღლუჯის მაღლობს შორის მდებარეობს კუმისის ტაფობი. მთავარი მწვერვალებია: კურსიკაანთგრდილი (1405 მ), საღანძილე (1337 მ).

გარდაბნის მუნიციპალიტეტის უმთავრესი წიაღისეულია: ნავთობი (ნორიო, მარტყოფი, ახალი სამგორი, სართიჭალა), გაჯის ნედლეული (ახალი სამგორი). ბევრია სამშენებლო მასალა: ანდეზიტ-ბაზალტები (თელეთის ქედი), ტუფოგენური ქვიშაქვები (წავკისისწყლის ხეობა), კერამიკული თიხები და სხვა.

შიგა წყლები რედაქტირება

გარდაბანის მუნიციპალიტეტის საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი, ხოლო ტერიტორიის შიდა ნაწილში ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები გვხვდება, ესენია: ლოჭინი, არხაშენი, ნაგუბი, ხევძმარი, ორხევი, ნავთისხევი და სხვა.[3] ჩრდილოეთში აღსანიშნავია მდინარე ლოჭინი (სიგრძე 30 კმ), რომელიც იქმნება ნორიოსხევისა და მარტყოფისხევის შეერთებით. სათავე აქვს იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1085 მ-ზე. საზრდოობს თოვლით, წვიმით და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა კი ზამთარში. იგი მდინარე მტკვრის შენაკადია. გამოყენებულია სარწყავად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვართან დიდ მანძილზე ჩამოედინება მდინარე მტკვარი.

მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მდინარე არხაშენი, რომელიც სათავეს იღებს ამავე სახელწოდების ქედზე და ჩაედინება ჯანდარის ტბაში. აღსანიშნავია ასევე პერიოდული ხასიათის მდინარე ნაგუბი, რომელიც კუმისის ტაფობში მდებარეობს. სხვა პერიოდული მდინარეებიდან მნიშვნელოვანია ხევძმარი, ორხევი და ნავთისხევი.

იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის მდებარეობს კუმისის ტბა. საზრდოობს წვიმის წყლითა და მცირე ნაკადულებით. მტკვრის მარცხენა მხარეს საკმაოდ მოზრდილ ტაფობში მდებარეობს ჯანდარის ტბა, რომელიც თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და 50 კმ-ით არის მოშორებული ქალაქს. ტბის ნაპირები თხელია, მერე თანდათან ეშვება შიგნით და შუაგულში სიღრმე 8 მ-ს აღწევს. სანაპიროები დაფარულია ხშირი ლელითა და ლერწმით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს ასევე სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური სარწყავი არხები.

ჰავა რედაქტირება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ბარში ზომიერად თბილი ველის ჰავაა, ცხელი ზაფხულით, მთაში კი ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 13 °C-იდან 6 °C-მდე მერყეობს ზონალობის მიხედვით. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3 °C-იდან-5 °C-მდეა, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის 25 °C-იდან 11 °C-მდე. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა 420 მმ-მდეა.[3]

გარდაბნის ვაკეზე მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,9 °C, ნალექები 422 მმ წელიწადში. სამგორის ვაკეზე ჰავა ზომიერად ნოტიოა.

ნიადაგები რედაქტირება

გარდაბნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სახის წაბლა ნიადაგი. ტაფობებში გვხვდება დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგი, მდინარე მტკვრის გასწვრივ კი არის ალუვიური ნიადაგები.

სამგორის ვაკეზე ჭარბობს რუხი ყავისფერი ნიადაგები. განვითარებულია ასევე შავმიწისებრი და ბიცობიანი ნიადაგები. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთისწინეთებში ტყის ყავისფერი და მდელოს ყავისფერი ნიადაგებია. ქედების თხემები და მწვერვალები მეორეული მთის მდელოს ნიადაგებს უჭირავს. ტბისპირა ზოლში გვხვდება ჭაობისა და მლაშობის ნიადაგები.

ლანდშაფტები რედაქტირება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ტერასული ვაკე ჯაგ-ეკლიანი ვაციწვერიან უროიანი და ავშნიან ნაირბალახოვანი მცენარეულობით წაბლა, ყავისფერ, დამლაშებულ და გაჯიან ნიადაგებზე;
  2. ბორცვიანი ვაკე ჯაგრცხილნარით და ჯაგეკლიან სტეპური მცენარეულობით, წაბლა, შავმიწა და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
  3. ნახევარუდაბნოს მშრალი სტეპური (ვაკეებზე, ზეგნებზე) ლანდშაფტი;
  4. მთა ტყისა და მთა მდელოს ლანდშაფტი ტყის ყავისფერ ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

ფლორა რედაქტირება

ტერიტორიის 15 % ტყესა და ბუჩქნარს უკავია. უდიდესი ნაწილი შემოსილია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპებით, უფრო მცირე ფართობი უჭირავს ჭალის ტყეებს, ხოლო კიდევ უფრო მცირე ჰემიქსელურ მეჩხერ ტყეებს.

აქ ფართოდაა შვრიელა და თივაქასრა. კუმისის ტაფობში ხარობს ხურხუმო, ჩოღანო, მხოხავი ჯანგა, ხვარხვარა, ავშანი, შორაქანი, ჩარანი და ყარღანი. მთისწინეთში ძირითადად გვხვდება შავჯაგა, გრაკლა, ღვია, კუნელი, ძეძვი და კვრინჩხი. ტერიტორიის ერთი ნაწილი ტყეებს უჭირავს. ტყეები შემორჩენილია ლილოსა და საცხენისის მიდამოებში, მდინარე საცხენისის გაყოლებით სოფელ ახალსოფლამდე არის გამეჩხრებული ტყეები, რომელშიც მუხნარია გაბატონებული. ქვეტყეში იზრდება ბაძგი და ჭანჭყატი.

გარდაბნის ვაკეზე გაბატონებულია მშრალი ველისა და ნახევარუდაბნოს ასოციაციები. გვხვდება უროიანი და ავშნიან-უროიანი ველები. სამგორის ვაკეზე უმეტესად გავრცელებულია შიბლიაკი.

მთაწმინდის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, თელეთის ქედის ფერდობებზე, თაბორის ქედსა და სხვაგან ვხვდებით კლდეთა ქსეროფიტებს, რომელშიაც სხვა სახეობებთან ერთად ბევრია გლერძი. დაახლოებით სოფელ აღთაქლიდან მდინარე ხრამის შესართავამდე 25 კმ-ზე მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ჩამოყალიბებულია ჭალის ანუ ტუგაის ტყე. ტბებისპირა ნაწილებში არის ჭაობის მცენარეულობა.

ფაუნა რედაქტირება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარსულში როგორც ტყის, ისე ველის ცხოველებით მდიდარი იყო. ამჟამად კი ზოგიერთი წარმომადგენელია შემორჩენილი. შესაბამისად ტყის ფაუნა ღარიბია. გარდაბნის ვაკეზე დიდი რაოდენობით იყო გავრცელებული ქურციკი. ტყეში არის მგელი, მელა, კურდღელი, ზღარბი, მაჩვი, ლელიანის კატა, ტყის კატა და სხვ.

ორნითოფაუნას ქმნის გნოლი, შაშვი, ხოხობი, კაკაბი, ოფოფი, ქორი, წიწკანა და სხვ.

ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია ველის მახრჩობელა, ჯოჯო, კუ და ხვლიკი. ტბები მდიდარია თევზით. მ.შ. მოიპოვება კობრი, სქელშუბლა, თეთრი ამური, ჭანარი, გამბუზია და ა.შ. მდინარე მტკვარში არის ციმორი, ლოქო, შამაია, წვერა, კობრი და ხრამული.

მოსახლეობა რედაქტირება

2014 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 81 876 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 40 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი და 39 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 16 200 ადამიანს, ხოლო სოფლის — 83 500-ს ადამიანს; ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 62,78 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (67 კაცი/კმ²) ნაკლებია.

დიდი სოფლებია: მარტყოფი — 7397, სართიჭალა — 6009, ნაზარლო — 4850, ქესალო — 4793, გამარჯვება — 4670 მოსახლე, მუღანლო — 4210, ყარაჯალარი — 4136.

მუნიციპალიტეტში ძირითადად ქართველები (54,23 %) და აზერბაიჯანელები (43,53 %) ცხოვრობენ.

აღწერის მონაცემები რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 115 140
2002 112 886  
2014 81 876  
2021[5] 80 300  

ეკონომიკა რედაქტირება

მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს: მრეწველობა (ელექტროენერგიის წარმოება — 26 %, გადამამუშავებელი მრეწველობა — 6,4 %), მშენებლობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა და საჯარო სამსახურები. 2012 წლის ადგილობრივმა ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 22 მლნ. ლარი შეადგინა.[3] გარდაბნის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და მრეწველობა.[3]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა სოფლის მეურნეობა (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა), მრეწველობა, მცირე ბიზნესი (ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები.[3].

მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ენერგეტიკა, რადგან აქ მდებარეობს გარდაბნის თბოელექტროსადგური. არის აგრეთვე საშენი მასალების, კვების და მსუბუქი მრეწველობის მცირე საწარომები. სოფლის მეურნეობა საგარეუბნო ტიპისაა და ძირითადად ორიენტირებულია თბილისისა და რუსთავის სურსათით მომარაგებაზე.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 780 კვ. კმ.

კულტურა რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 53 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 1 უმაღლესი სასწავლებელი, 39 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი. გამოდის ადგილობრივი გაზეთი.

ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება

ღვთაების მონასტერი (ნორიო), კაბენის მონასტერი, შავნაბადის მონასტერი, თელეთის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/english/population/01%20Population%20by%20municipalities%20for%20the%20beginning%20of%20the%20year.xls
  2. საქართველოს მოსახლეობის, მისი რეგიონების და დასახლებული პუნქტების ეროვნული შემადგენლობა 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-09. ციტირების თარიღი: 2016-04-02.
  4. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-11. ციტირების თარიღი: 2014-12-03.
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.