გამოზიდვის კონუსი

გამოზიდვის კონუსი, გამოტანის კონუსიდედამიწის ზედაპირის რელიეფის აკუმულაციური ფორმა, რომელიც გვხვდება მდინარეების, ხევებისა და მთის ნაკადულების შესართავებში. გარდა ამისა, გავრცელებულია სემიარიდულ გარემოშიც, სადაც მონაწილეობას ღებულობენ ისეთი მეორეხარისხოვანი პროცესები, როგორიცაა მაგ., გრავიტაციული დინებები.[1]

გამოზიდვის კონუსი
გამოზიდვის კონუსი

წარმოადგენს ნახევარკონუსისებრ ბუნებრივ ამაღლებას, რომელიც იქმნება მდინარეთა აკუმულაციის შედეგად. სახელდობრ: როდესაც მთის მდინარეს ან ნაკადულს მთისწინეთის დადაბლებულ ადგილებში გამოაქვს მყარი მასალა (ქვიშა, კენჭი, და სხვა) ხდება ამ მასალის აკუმულირება მთის ძირში და წარმოიქმნება სუსტად ამოზნექილი რელიეფი. დამახასიათებელია საშუალო ან პატარა მდინარეებისათვის, რომლებიც მთის ტერიტორიიდან იჭრებიან მთისწინეთის მოვაკებულ ადგილებში. გამოზიდვის კონუსისთვის ნიშანდობლივია ზრდა, ხოლო ქვემო მონაკვეთში გაგანიერება. მათი ზომები და მოხაზულობა დროთა განმავლობაში იცვლება.[2]

გვხვდება ისეთი გამოზიდვის კონუსები, რომლებიც ხასიათდებიან სუსტი შედგენილობის გრუნტით. ხშირად გამოირჩევა მოსავლიანობით; მასზე ზოგჯერ გაფანტულია დასახლებული პუნქტები.[3]

საქართველოში გამოზიდვის კონუსი ფართოდაა გავრცელებული. მეტად ცნობილი გამოზიდვის კონუსები გვხვდება კახეთის მხარეში. მაგალითად, გამოსაყოფია მდინარე დურუჯის გამოზიდვის კონუსი, რომლის ფართობია დაახლოებით 35 კმ². გამოზიდვის კონუსზე მდინარე დურუჯი იტოტება კიდეც. ზომები 10 X 6,5 კმ. ცნობილია ასევე მდინარე თურდოს გამოზიდვის კონუსი (ზომები 7,5 X 3,2 კმ). გამოზიდვის კონუსებს საქართველოს სხვა მდინარეებიც ქმნიან.[4]

წყალქვეშა გამოზიდვის კონუსები წარმოიქმნება ზღვებისა და ოკეანეების სანაპირო ზონებში მდინარეთა შესართავებთან, აგრეთვე წყალქვეშა კანიონების გარკვეულ უბნებზე მღვრიე ნაკადების მიერ გადატანილი მასალის დალექვის ხარჯზე.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sedimentology and climatic environment of alluvial fans in the...
  2. 2.0 2.1 გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, „ნეკერი“, 1996, გვ. 36
  3. Конус выноса // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-14. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
  4. მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964. გვ. 278