გაიუს ფაბრიციუს ლუსცინუსი (ლათ. Gaius Fabricius Luscinus) "ცალთვალა" რომის კონსული და მხედართმთავარი.

გაიუსი პირველი გამოჩენილი ადამიანი იყო თავისი გვარიდან. იგი განთქმული იყო თავისი უკიდურესი პატიოსნებით. მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის, მიუხედავად ამისა იგი ძალიან ღარიბი იყო.

ძვ. წ. 284 წელს იგი ელჩად იყო ტარენტიუმში, მაგნა გრეკასთან კონფლიქტის მოსაგვარებლად. ძვ. წ. 282 იგი პირველად აირჩიეს კონსულად გაიუს ემილიუსი პაპირიუსთან ერთად.

ჰერაკლიუმის ბრძოლაში რომაელების პიროსთან დამარცხების შემდეგ იგი გაგზავნილი იყო პიროსთან ტყვეების შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად. პიროსმა სცადა ჯერ ფულით ეცდუნებინა ფაბრიციუსი, მან შესთავაზა გაიუსს დიდძალი ოქრო მეგობრობის ნიშნად, მაგრამ ცივი უარი მიიღო. მეორე დღეს მან გადაწყვიტა რომაელის გაკვირვება სპილოთი, ისე რომ მოლაპარაკებებისას სპილო ფარდის უკან უნდა დაემალათ და მოულოდნელად გამოეჩინათ. როდესაც ფაბრიციუსმა უეცრად დაინახა სპილო, მან არ გამოხატა გაკვირვება. პიროსი აღფრთოვანდა ფაბრიციუსით და გაუშვა ტყვეები ოჯახების მოსანახულებლად და სატურნალიების აღსანიშნავად. შემდეგ კი სენატმა თვითონ მოსთხოვა ტყვეებს პიროსთან დაბრუნება.

ძვ. წ. 278 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა ფაბრიციუსი, რომელიც კონსულად იქნა არჩეული. მას ბანაკში მისწერა პიროსის ექიმმა წერილი, რომელშიც სთავაზობდა დიდი ანაზღაურების საფასურად პიროსის მოწამვლას. ფაბრიციუსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი პატიოსნება, მან პიროსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გააფრთხილა ექიმის ვერაგობის შესახებ, თან კი ექიმის წერილი დაურთო, თავისი საქციელი კი მან გაამართლა პატიოსან ბრძოლაში ვერაგობის გარეშე გამარჯვების სურვილით.

პიროსმა დასაჯა ექიმი, რომაელებს კი მადლობის ნიშნად ტყვეები დაუბრუნა და კიდევ სცადა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ რომაელებმა ისევ იგივე პასუხი გასცეს, რომ სანამ პიროსი იტალიას არ დატოვებს, ისინი მშვიდობაზე არ დათანხვდებიან. ტყვეები კი უკან გააგზავნეს.

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გაიუს ფაბრიციუსი პუბლიუს დეციუს მუსთან ერთად მონაწილეობდა ასკულუმთან ბრძოლაში, რომლის შემდეგაც პიროსი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა იტალია.

პიროსის გარდა ამ წელს იგი წარმატებით ებრძოდა სამნიტებს, და დაამარცხა ტარენტიუმის ჯარი.

ძვ. წ. 275 წელს იგი ცენზორი გახდა.